აგვისტოს ომის დროს ჩვენ ვიხილეთ მიწაზე გართხმული – ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

აგვისტოს ომის დროს ჩვენ ვიხილეთ მიწაზე გართხმული – ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ლანძღვაში ამჯერად თავდაცვის მინისტრი ერთვება. ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილს “ბრიყვსა” და “შეშლილს” უწოდებს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ის ჯარის პოზიციიდან საუბრობს და 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს:

სააკაშვილმა თავი დაგვამახსოვრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე სამარცხვინო მთავარსარდალმა. მე ამას ვიტყვი ამ ჯარის პოზიციიდან. ის აგვისტოს ომის დროს ჩვენ ვიხილეთ მიწაზე გართხმული. ყველაზე მშიშარა, მხდალი მთავარსარდლის მაგალითი დაუტოვა თავის გუნდის წევრებს.

რაც შეეხება მის ბოდიშს, პრაქტიკულად, ის აქამდე ჯიუტად აცხადებდა, რომ მას და მის კრიმინალურ, დანაშაულებრივ გუნდს არაფერი ჩაუდენია. ჩვენ მოვისმინეთ აღიარება ამ 8 წლის თავზე, თითქოს ეს იყო შეცდომები. ეს არ იყო შეცდომები, ეს იყო უმძიმესი დანაშაულები ჩვენი მოქალაქეების, კაცობრიობის წინაშე, შეიძლება ასე განზოგადებულად ითქვას.” ამბობს ღარიბაშვილი და იმუქრება, რომ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება: ​

დანაშაულებისთვის არათუ ბოდიშს, არამედ სასჯელს იხდიან დემოკრატიულ საზოგადოებასა და სახელმწიფოებში. სააკაშვილს მოუწევს სასჯელის მოხდა, ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება იგი – ამბობს ღარიბაშვილი.

გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრს “დაზუსტებული ინფორმაციაც” აქვს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინიდან “დღე-დღეზე გამოაგდებენ”.

მე ვიცი და დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ უკრაინაში მისი როლი პრაქტიკულად, არის ნულის ტოლფასი. მას დღე-დღეზე გამოაგდებენ იქიდან, ისევე როგორც გააგდეს დაახლოებით, 1 თუ 2 წლის წინ. ჩვენ მაშინ მორიგ ჯერზე ვიხილეთ სირცხვილი -ჯერ ერთი, საკუთარი ნებით დათმო საქართველოს მოქალაქეობა კაცმა, რომელიც 8 წლის განმავლობაში იყო პრეზიდენტი. ვიცი, რომ მას და მისი გუნდის წევრებს პრაქტიკულად, გაუნულდათ პოზიციები. კიდევ ერთი მორიგი უშედეგო მცდელობაა, რომ შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი მოქალაქეები. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი მოქალაქეების. რატომ?! როგორც ჩანს, იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი და ძალაუფლების დაბრუნების სურვილით შეპყრობილი, რომ მას ჰგონია, ქართველ ხალხს კვლავაც მოატყუებს. არც ერთ შემთხვევაში…

სწორედ სააკაშვილი იყო, რომელმაც 300 000 ქართველი, ჩვენი მოქალაქეები გაასამართლა, ათასობით ადამიანს ბიზნესი წაართვა, დაუნგრია ოჯახები, დახოცა ახალგაზრდები ქუჩაში. როგორც ყველაზე დიდი კრიმინალი ისე იქცეოდა მისი მმართველობის განმავლობაში” ამბობს ღარიბაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდის მთავარ ამოცანად ისევ “ენმ”-ს პოლიტიკური ველიდან გაყვანას ასახელებს.

CATEGORIES
TAGS
Share This