ათენის ტურის შემაჯამებელი საღამო ქართულ რესტორანში ემიგრანტებთან ერთად

ათენის ტურის შემაჯამებელი საღამო ქართულ რესტორანში ემიგრანტებთან ერთად

გუშინ 22 თებერვალს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ქართულ რესტორან „ჩვენებურში“  გაიმართა „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ გასვლითი ტურის შემაჯამებელი საღამო, გალა ვახშამი, სადაც ასევე წარადგინეს ლიდერ ქალთა საზოგადოების რამდენიმე ახალი წევრი.

საქართველოდან ჩასულ ჩვენს ქალბატონებს უმასპინძლეს ადგილობრივმა ემიგრანტებმა და საღამო ძალიან თბილი, ემოციური და დასამახსოვრებელი გამოვიდა.

გალა საღამოზე პიარისა და მარკეტინგის  ინტენსიური კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს ტრენინგ ტურში  მონაწილე ყველა ქალბატონს და ასევე დიპლომებით დააჯილდოვეს  ჩვენი ახალი წევრები, რომლებიც წარდგენილნი იყვნენ სხვადასხვა ნომინაციაში:

ნომინაციაში „ლიდერ ქალთა დესპანი საბერძნეთში“ დავაჯილდოვეთ საქართველოს წარმომადგენელი საბერძნეთში, აქტიური, ქველმოქმედი ემიგრანტი ქალბატონი ქეთევან გონგლაძე;

„წარმატებული სტარტაპერი -2023“ დაჯილდოვდა კომპანიების „კუწასია“-ს და „ფრითი ვუმენ ჯორჯიას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი  ნინო ნადირაძე;

„წარმატებული დიზაინერი და ბიზნეს ლედი-2023“ ჯილდო გადაეცა დიზაინერს, საავტორო ავეჯის ქართული ბრენდის „ნანიკო ქავთარა“ დამფუძნებელს ქალბატონ ნანა ქავთარაძეს;

„რეგიონში ქალთა როლის გაძლიერებისთვის -2023“ დაჯილდოვდა  ფონდ „ქველმოქმედი 2015“-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ასევე „ფოთის ქალთა კლუბის“ თანადამფუძნებელი.ინტერნეტ-პლატფორმა „საინტერესო ქალბატონები და ბატონები“-ს დამფუძნებელი  იამზე გორგოტაძე.

„წლის წარმატებული დერმატოკოსმეტოლოგი – 2023“ -ჯილდო გადაეცა წამყვან დერმატოვენეროლოგ-კოსმეტოლოგს, ქალბატონ ნინო ნიშნიანიძეს.

საღამო ძალიან ემოციური გამოდგა, განსაკუთრებით, ემიგრანტებისთვის. ჩვენი ორგანიზაციის წევრმა ქალბატონებმა იმღერეს ქართული სიმღერები, შეასრულეს ქართული ცეკვები. ემიგრანტების პატრიოტული სადღეგრძელოებისა და ქართული დროშის ფონზე ჩვენმა ქალბატონებმა მუსიკოსებთან ერთად შეასრულეს საქართველოს ჰიმნი, ორგანიზაციის წევრმა, ქალბატონმა რადა კაკუბავამ შეასრულა სიმღერა „თბილისო“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ „ბიდისი აკადემიის“ კურსდამთავრებული ემიგრანტები, რომლებიც აკადემიაში მიღებული ცოდნით წარმატებით დასაქმდნენ საბერძნეთში. მათ საჩუქრები და ტორტი მიართვეს საზოგადოების წევრებს და აკადემიის დამფუძნებელს, ქალბატონ ნათია შათირიშვილს და ამ გზით გამოხატეს აკადემიისადმი სიყვარული და მადლიერება.

„ბიდისი“ აკადემიისა და „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ნათია შათირიშვილმა  დიპლომები გადასცა ასევე საზოგადოებისა და აკადემიის ღირსეულ წარმომადგენლებს, პიარტექნოლოგს, „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ თანადამფუძნებელსა და ტრენერს, ქალბატონ ლალი მოროშკინას ნომინაციაში „ ბიდისი აკადემიის საპატიო ლექტორი“ და „დავით აღმაშენებლის აკადემიის“ რექტორს, ქალბატონ ნანა ჯიქიას ნომინაციაში „გამოცდილი და საიმედო პარტნიორი“.

 

დადებითი ემოციებით დატვირთული, შემეცნებითი და საინტერესო ტური დღეს დასრულდება და ქალბატონები საღამოს გამოემგზავრებიან სამშობლოში.

წინ კიდევ უამრავი გეგმაა, მათ შორის, მსგავსი გასვლითი ტურები იგეგმება სხვადასხვა ქვეყანაში.

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ – ქალები ერთმანეთისთვის!

CATEGORIES
Share This