,,ექიმი არ უნდა იყოს ერთჯერადი ანუ „მოიხმარე და გადააგდე“, როგორც შპრიცი და ხელთათმანი.”- ბექა გოგელია ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს

,,ექიმი არ უნდა იყოს ერთჯერადი ანუ „მოიხმარე და გადააგდე“, როგორც შპრიცი და ხელთათმანი.”- ბექა გოგელია ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს

უმცროსი ექიმი ბექა გოგელია ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება ქვეყანაში რეანიმატოლოგების და ინფექციონისტების რაოდენობის შესახებ, რომელიც მინისტრმა კორონა ვირუსთან ეპიდემიის კავშირში ახსენა და განაცხადა , რომ ქვეყანას და ჯანდაცვას არ ეყოფა სპეციალიზირებული ექიმების რესურსი , თუ კი საზოგადოება ხელისუფლების და ექიმების მოწოდებას ,,დარჩი სახლში“ არ დაემორჩილება . ეკატერინე ტიკარაძის თქმით ქვეყნის ჯანდაცვას  256 ინფექციონისტი და 488 რეანიმატოლოგი ყავს. ექიმი ბექა გოგელია მიმართვაში ჯანდაცვის სისტემაში შექმნილ ბარიერებზე საუბრობს და უფროსი ექიმების სიმწირეს რეზიდენტურის გავლისმსურველთათვის შექმნილ ბარიერებს აბრალებს. ბექა გოფგელია მინისტრს ამავე მინართვაში, რომელშიც დეტალურად არის განხიული პრობლემის არსი გამოსავალს სთავაზობს.  გთავაზობთ ბექ გოგელია ფეისბუქ მიმართვას.

ბექა გოგელია:

For English scroll down
განცხადება

მსურს, გამოვეხმაურო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოში ექიმთა დეფიციტთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და დავაფიქსირო საკუთარი პოზიცია.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, საქართველოში არის 256 ინფექციონისტი და 488 რეანიმატოლოგი. რეანიმატოლოგთა ოპტიმალური გადანაწილებით კი 1200 მძიმე პაციენტს შეიძლება გაეწიოს შესაბამისი ინტენსიური მეთვალყურეობა და მკურნალობა.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რეანიმაციულ პაციენტებს არ წარმოადგენენ მხოლოდ COVID-19-ს მქონე პირები და სხვა უამრავი ნოზოლოგია მოითხოვს რეანიმატოლოგის ჩართულობას.

ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ ფაქტორებზე:
1. რეანიმატოლოგთა უმეტესობა 2-3 სამსახურში მუშაობს. მორიგეობის დასრულებისას სხვა სამსახურში მიდიან, შემდეგ სხვაგან და ა.შ. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დაინფიცირდება 1 რეანიმატოლოგი, ის ჩამოსცილდება სამუშაოს და იზარალებს არა 1, არამედ 2-3 დაწესებულება და თუ მუშაობას მაინც გააგრძელებს, თავად იქნება ინფექციის წყარო. ძალიან მარტივად შეიძლება, რიცხვი 488 გახდეს 440 და ა.შ.;
2. როგორც წესი, რეანიმაციული განყოფილებების უმეტესობა თითქმის სავსეა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების (EMERGENCY) ექიმს, როცა ყავს პოტენციური რეანიმაციული პაციენტი, წინასწარ უწევს იმის გარკვევა, არის თუ არა რეანიმაციაში ადგილი. ზოგჯერ, ადგილის ან/და რესპირატორის უქონლობის გამო სასწრაფო დახმარებას კლინიკა უარს ეუბნება პაციენტის მიღებაზე ან უკვე მიღებული პაციენტის სხვა კლინიკაში რეფერალი ხდება საჭირო;
3. რეანიმაციულ განყოფილებებში, 1 ექიმს ჩაბარებული ყავს 9-10 და ხშირად მეტი პაციენტიც, ზოგ კლინიკაში მხოლოდ 1 ექიმი მუშაობს რეანიმაციაში. უარესი სიტუაციაა ექთნების მხრივ. ამ დეფიციტს ვერ დავაბრალებთ მხოლოდ ექიმთა და ექთანთა რაოდენობის სიმცირეს ქვეყანაში, კლინიკები თავს არიდებენ მაქსიმალურად ფინანსურ დანახარჯს ხელფასების კუთხით და თანამშრომელთა მინიმალურ რაოდენობას ამუშავებენ პაციენტთა მაქსიმალურ რაოდენობაზე. მათთვის მთავარი არის ფული. ეს ყოველივე ამცირებს სამედიცინო დახმარების ხარისხს, წარმოიდგინეთ, 2 პაციენტი ერთდროულად რომ დამძიმდეს, რა მოხდება.

ახლა კი იმის შესახებ, თუ რა ხდება ამის პარალელურად
მიმდინარე პროცესების პარალელურად ვარსებობთ უმცროსი ექიმებიც. იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის მარტივი იყოს აღნიშნულიდან შინაარსის გამოტანა, განვმარტავ, რომ უმცროსი ექიმი არის მედიკოსი, რომელმაც დაამთავრა სამედიცინო ფაკულტეტი, აქვს ექიმის დიპლომი და მაგისტრის ხარისხი, იგივე “Medical Doctor” (M.D.). ასეთი ექიმი არის მხოლოდ ზოგადი პროფილის და არ გააჩნია სპეციალიზაცია ვიწრო პროფილში. იმისათვის, რომ უმცროსი ექიმი გახდეს უფროსი, მან უნდა დაამთავროს რეზიდენტურა, რომლის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია კონკრეტულ სპეციალობაზე, კონკრეტულად რეანიმატოლოგიას 3 წელი სჭირდება.

იმის მაგივრად, რომ ამცირებთ რეზიდენტურაში თავისუფალი ადგილების რაოდენობას, იმის მაგივრად, რომ კლინიკების უმეტესობა საერთოდ არ აცხადებს ადგილებს, იმის მაგივრად, რომ 1 ვაკანტურ ადგილზე რამდენიმე ათეული მსურველი მოდის, მოგვეცით საშუალება, განსაკუთრებით ჩვენ, ვისაც ჩაბარებული გვაქვს ერთიანი დიპლომისშემდგომი გამოცდა და ასე, პასიურ რეჟიმში ველოდებით უიმედოდ ადგილებს, ან დავდივართ კლინიკიდან კლინიკაში, რომ 1 ვაკანტური ადგილი ვნახოთ, დავიწყოთ რეზიდენტურაში სწავლა და კურსის გავლა დროულად.
დიახ, ჩვენ ვართ უმცროსი ექიმები, რომლებსაც გვაქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება რეანიმაციაში, “EMERGENCY”-ში, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში და ვფლობთ ყველა მანიპულაციას, მათ შორის ინტუბაციას და ცენტრალური ვენის კათეტერიზაციას. დიახ, ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ბევრს, თუმცა თქვენ ვერ გვამჩნევთ. ამ უპასუხისმგებლო მიდგომით უარს ამბობთ იმ რესურსზე, რომელიც, თურმე, ასე ძალიან სჭირდება ქვეყანას. მიმაჩნია, რომ როცა 6 წლის განმავლობაში ადამიანი სწავლობს უნივერსიტეტში, აბარებს უამრავ გამოცდას, დამთავრების შემდეგ უპრობლემოდ უნდა შეეძლოს რეზიდენტურის გავლა საკუთარ ქვეყანაში და არ უწევდეს წასვლა კიევში, ხარკოვში, მინსკში, ზაპოროჟიეში, მოსკოვში და სად აღარ. ნორმალურ ადგილას კი იქვე რჩება. გამოიყენეთ უმცროსი ექიმების რესურსი. ჩვენ გვაქვს რეანიმატოლოგად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, უბრალოდ, არ გვაქვს ლიცენზია თქვენს მიერ დაწესებული ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული ბარიერების გამო. გვიან, მაგრამ მაინც მიხვდით, რომ არ გვყავს საკმარისი რაოდენობით რეანიმატოლოგები, მაგრამ მიხვდით მაშინ, როცა სამინისტრო ფაქტის წინაშე აღმოჩნდა.

ან გააგრძელეთ ასე და რეანიმატოლოგების რესურსი რომ ამოგეწურებათ, სანიტრები დააინტუბირებენ პაციენტებს, ისინიც იმ შემთხვევაში, თუ დათანხმდებიან ბინტის რამდენიმე ფენისგან სახელდახელოდ შეკერილი, გაურკვეველი ხარისხის და წარმოშობის მქონე ე.წ. “fake” პირბადეებით მუშაობას, იმ ფონე, როცა N95 რესპირატორების გამოყენების დროსაც აქვს ადგილი დაინფიცირების შემთხვევებს. არ გვჯერა იმისი, რომ დაცვის გარანტიას იძლევა ეს უფორმო ბინტის ნაჭერი. ამით ექიმს ხდით ერთჯერადს. ექიმი არ უნდა იყო ერთჯერადი. ექიმი არ უნდა იყოს „disposable“, ანუ „მოიხმარე და გადააგდე“, როგორც შპრიცი და ხელთათმანი. ინფიცირებული პაციენტის კლინიკაში მოხვედრის გამო კლინიკა არ უნდა იხურებოდეს. დაგვიწესეთ რაც შეიძლება მეტი ბარიერი, რომ რაც შეიძლება რთული გახადოთ და თითქმის შეუძლებელი რეზიდენტურაში სწავლის დაწყება, იმის მიუხედავად, რომ თავად რეზიდენტი უხდის კლინიკას თანხას და არა პირიქით.

წყარო: https://www.facebook.com/625698541157217/posts/1030759307317803/

განათავსა იოსებ კავკავაშვილმა

 

CATEGORIES
TAGS
Share This