თბილისში კორონა ვირუსის ტესტირებების საველე კარვები განთავსდება
დედაქალაქში, შესაძლოა, მოქალაქეთა კორონავირუსზე ტესტირების მიზნით, საველე კარვები განთავსდეს.
როგორც „იმედინიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში განუცხადეს, გეგმა ჯერჯერობით დაზუსტებული არაა და საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს, შეძლებენ თუ არა თბილისში მოქალაქეები საველე კარვებში ტესტირების გავლას.
ამ დროისთვის საველე კარვები უკვე განთავსებულია ბათუმსა და ქობულეთში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დაფიქსირდა, 53 იმერეთში, 31 თბილისში, 8 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7 გურიაში, 1 რაჭა-ლეჩხუმში, 1 კი მცხეთა-მთიანეთში.
დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1534 ადამიანი, 20 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4 988 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.