მარინე ტაბატაძე ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულს განათლების განვითარებისთვის მიიღებს

მარინე ტაბატაძე ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულს განათლების განვითარებისთვის მიიღებს

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია ,,პერსონა 2021“  – ზე წარდგენილი წარმატებული ადამიანების გამოვლენა უკვე დაიწყო, რომლის ფარგლებში ტრადიციულად წელსაც 50 ადამიანი პერსონას ტიტულს მიიღებს.  პროექტის შვიდწლიანი ისტორიის ფარგლებში დაჯილდოებულები არიან ლეილა აბაშიძე, თემურ წიკლაური, თამარ სხირტლაძე, მარიკა კვალიაშვილი, გიული ჩოხელი და სხვები.

,,პერსონა 2021“- ის ტიტულს სხვა წარნატებულ ადამიანებთან ერთად პედაგოგი მარინე ტაბატაძეც მიიღებს. მისი ბიოგრაფია პერსონას ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულზე ქალბატონ მარინე ტაბატაძეს რეგიონში განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
,,ყველა საქმეს ვაკეთებ სიყვარულით… ვიბადებით მხოლოდ იმიტომ, რომ ნათელი კვალი დავტოვოთ ჩვენი ცხოვრებითა და ღვაწლით. მომავალში კი, მაგალითად ქცეულნი ვუნათებდეთ გზას ჩვენს მომავალს’’… სამყაროზე შეყვარებული დედა, ბებია, მეგობარი, აქტიური მოქალაქე, სსიპ_ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი, სკოლის დირექტორი, ,,მოხალისე მასწავლებელი’’, 27 გამოგონების ავტორი და პატენტთმფლობელი, ინოვატორი, ქველმოქმედი, მოგზაური, ხელოვანი, ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის აქტიური წევრი…
დავიბადე 1964 წლის 3 იანვარს გორში_ირადიონ ტაბატაძისა და ნანა ღვინეფაძის ოჯახში. გორის მე-10 საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური და საქართველოს პატენტთმცოდნეობის ინსტიტუტები.
სხვადასხვა დროს ვმუშაობდი გზათა ინჟინრად, გორის ტექნიკურ ინსტიტუტში პატენტთმცოდნეობის უფროს მასწავლებლად, გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის “ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა’’ წრის პედაგოგად, გორის ახალგაზრდულ ცენტრში “ტექნიკური სექტორი’’-ს პედაგოგად და სპეციალისტად, ყელქცეულის საჯ არო სკოლის ფიზიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მათემატიკის მასწავლებლად.
მეათე წელია ვმუშაობ სსიპ_ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის მათემატიკის უფროს მასწავლებლად და ვასრულებ სკოლის დირექტორის მოვალეობას.
ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა მარტო გაკვეთილის ჩატარებით არ ამოიწურება. ჩვენი აღზრდილები ადგილობრივი, რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსებისა და ოლიმპიადების გამარჯვებულები და წარმატებული სპეციალისტები არიან. ჩემი ხელმძღვანელობით მომზადებული პროექტები, როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით ერთნაირად იმსახურებენ სპეციალისტების ყურადღებას.
დიდი შრომა, გაუთავებელი ძიება, უძილო ღამეებია ის შედეგი, რომელსაც წლების განმავლობაში ვაღწევ. მრავალი წელია არ ვანელებ მოსწავლეთა დახელოვნებასა და სიახლის ძიების დაუცხრომელი სურვილის გაღვიძებას.
,,დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად გადავწყვიტე მოხალისე მასწავლებელი გავმხდარიყავი. მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეებს წილადებზე მოქმედებები შევასწავლე სახალისოდ და შემოქმედებითად, ტექნოლოგიების გამოყენებით. შექმნილ ფორსმაჟრულ სიტუაციაში მსურს მცირე წვლილი შევიტანო ამ შესანიშნავ და საპასუხისმგებლო პროექტში. დავეხმარო ჩვენს საყვარელ გოგო-ბიჭებს, შევაყვარო მატემატიკა, ავუმაღლო მოტივაცია და საზაფხულო არდადეგები მათთან ერთად ხალისიანად გავატარო. არ ვიღლები მათზე ზრუნვით. სწორედ ისინი არიან ჩვენი სამშობლოს საიმედო მომავალი’’.

,,სიცოცხლის საოცარი სიყვარულით დაჯილდოებული ქალბატონი, გამოუსწორებელი ოპტიმისტი, საუკეთესო მეგობარი, პოეტურ-რომანტიკული ბუნების პედაგოგი, შესანიშნავი შვილების აღმზრდელი, ასეთად იცნობენ გორში და არა მარტო გორში, სსიპ _ ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორს მარინე ტაბატაძეს. პროფესიით ინჟინერსა და პატენტთმცოდნეს, მოფერებით “პროფესია დედას’’ ეძახიან. ანალიტიკური აზროვნება მისი თანდაყოლილი თვისებაა. იგი ეგრეთწოდებულ დაშტამპული აზროვნების მკაცრ ჩარჩოში ჩაკეტილი პედაგოგი არასოდეს ყოფილა. სწავლებისა და აღზრდის პროცესში გაბედულად და თამამად ნერგავდა თანამედროვე, ახლებურ მეთოდებს. წლების მანძილზე სიახლის მაძიებელ, ნოვატორი პედაგოგისა და დირექტორის პიროვნებაში არაფერი შეცვლილა. იგი დღესაც თავის მოსწავლეებთან ერთად დადის ექსკურსიებზე, დასასვენებლად, მათთან ერთად გულშემატკივრობს სპორტულ შეჯიბრებებს, ხალისობს წვეულებებზე… დირექტორისთვის კი, როგორც ხელმძღვანელისთვის ნდობის ფაქტორი გადამწყვეტია.
მისდამი კოლეგებისა და საზოგადოების ნდობას ისიც განაპირობებს, რომ იგი როგორც იტყვიან ძირძველი გორელია, ხოლო ყელქცეული მისი მეუღლის მერაბ ონიაშვილის წინაპრების სოფელი.
პედაგოგისთვის დამახასიათებელმა მთავარმა თვისებებმა _ მოთმინებამ, სიმშვიდემ, მიზანსწრაფულობამ, პროფესიონალიზმმა, მოზარდი თაობის სიყვარულმა ბევრი წინააღმდეგობა გადაალახვინა. ბევრი სატკივარი გაუჩინა, თუმცა პირადი ღირსების გრძნობა არასოდეს დაუკარგავს. ყველაზე რთულ სიუაციაშიც კი აწონასწორებდა ურთიერთობებს, მას ხომ მოფერებით “მშვიდობის მტრედს’’ ეძახიან.
მისი დირექტორობის პერიოდში მოიმატა ყელქცეულის მოსწავლეთა საქალაქო და რესპუბლიკურ კონკურსებსა და ღონისძიებებში მონაწილეობამ და გამარჯვებებმა.
ქალბატონი მარინე ტაბატაძე ოთხი ორგანიზაციის ღირსეული წევრია. მისი ავტორიტეტითა და შრომისმყვარეობით ყელქცეულის სკოლამ მრავალ აქტივობებში მიიღო მონაწილეობა.
სკოლის როლი განუსაზღვრელად დიდია ადამიანის ცხოვრებაში. დირექტორისთვის პრიორიტეტი მოსწავლეა. იგი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, რომელიც კოლეგებთან, მოსწავლეებთან , მშობლებთან ეფექტური თანამშრომლობით საუკეთესო სასწავლო გარემოს ქმნის. წარმატებული სკოლა კონკურენტუნარიანი მოქალაქის აღზრდის უმთავრესი პირობაა. ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების მიზანმიმართული გამოყენება, მზრუნველი, უსაფრთხო და მამოტივირებელი გარემოს შექმნა სკოლის ხელმძღვანელის უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმებია.
ჩემი ძირითადი მიზანია შევქმნა წარმატებული სკოლა, სადაც ნებისმიერი მოსწავლე, მიუხედავად ოჯახური გარემოსი, შეძლებს საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან რეალიზებასა და მაღალ აკადემიური შედეგების მიღწევას.
ნებისმიერი ორგანიზაციის , მათ შორის სკოლის წარმატებას დიდწილად განსაზღვრავს, თუ ვინ და როგორ მართავს მას. ჩემი პირადი წარმატებები და მიღწევები მეტად შთამბეჭდავია და მოტივაციას ზრდის მოსწავლეებში.
თანამედროვე გამოცდილება ცხადყოფს, რომ წარმატებულები არიან სკოლები, სადაც არსებობს ბევრი ლიდერი, ანუ არსებობს გუნდური მართვა. სკოლის დირექტორი არ არის ერთპიროვნული ლიდერი, არამედ ლიდერთა ლიდერია. დირექტორი ფუნქციებს ანაწილებს, რაც მოტივაციასა და პასუხისმგებლობას ზრდის.
სკოლის ხედვის, მისიის, ღირებულებების,სასწავლო მიზნების კულტურის შემუშავება მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების ჩართულობით მიმდინარეობს. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მზაობა, განათლებული და კულტურული მოქალაქის ჩამოსაყალიბებლად.
ჩვენი სკოლის ძირითადი მახასიათებლებია ეფექტური კომუნიკაცია, კოლეგიალობა, თანამშრომლობა, აღიარება, წესრიგი, წახალისება, დისციპლინა, სიტუაციის ცოდნა, ფოკუსირება, მოქნილობა, სკოლის კულტურასა და რესურსებზე ზრუნვა, სამართლიანობა, რომლებიც თანმდევი პროცესებია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. თითოეული მოსწავლის სწორად აღზრდა, განათლებისკენ სწრაფვა, პიროვნებად ჩამოყალიბება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
ჩემმა მრავალწლიანმა პედაგოგიურმა და ხელმძღვანელ პოზიციაზე მოღვაწეობამ მაჩვენა, რომ ფორმალური და არაფორმალური განათლებით მეტი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი. მშვიდობის მშენებლობა, დემოკრატიული პრინციპები, ქველმოქმედება, გარემოს დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ტრადიციებზე აღზრდა, შრომა, ტოლერანტობა_ ღირსეული და მშვიდი ცხოვრებისკენ მიმავალი გზაა.
ყოველი განათლებული და მდიდარი ადამიანი ხომ საუნჯეა საქართველოსთვის…
გმადლობთ ყურადღებისთვის.
პატივისცემით, მარინე ტაბატაძე.

CATEGORIES
TAGS
Share This