ნომინაციაში “ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისა და ადგილობრივი თემის  განვითარება  – 2025’’ წარდგენილია თეა ზავადსკა

ნომინაციაში “ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისა და ადგილობრივი თემის განვითარება – 2025’’ წარდგენილია თეა ზავადსკა

თეა ზავადსკა არის ქალბატონი, რომელმაც პროფესიონალური ეკონომისტის კარიერიდან სამეწარმეო გზისკენ გადაინაცვლა და დღეს წარმატებულ რესტორნის ბიზნესს უძღვება. 24 წლის განმავლობაში კანადაში ცხოვრების შემდეგ, მან საქართველოში თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ბოგვში მიწა შეიძინა და სრულიად მარტომ ბოლო 4 წლის მანძილზე შექმნა პატარა ოაზისი – გააკეთა საკუთარი ტბა, პატარა სასტუმრო და ღონისძიებების სივრცე, რომელსაც “რანჩო ბოგვი” უწოდა.

თავდაპირველად თეა საქართველოში მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, 4-5 თვით ჩამოდიოდა და სეზონურად ამუშავებდა ობიექტს. მოგვიანებით, ალგეთის წყალსაცავის ტერიტორიაზე კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი შეიძინა და ააშენა ობიექტი “თავერნა ტბისი”, რომელმაც მალევე გაითქვა სახელი. როდესაც მიხვდა, რომ მხოლოდ ზაფხულის პერიოდი საკმარისი არ იყო, გადაწყვიტა ბიზნესის გაფართოება და ააშენა სარიტუალო დარბაზი, რომლის გახსნის ცერემონია 14 თებერვალს აღნიშნა. თეას სამომავლო გეგმებში შედის რანჩოსთვის საცურაო აუზის შემატება ზაფხულისთვის.

ეს წელი პირველია 24 წლის მანძილზე, როდესაც თეა საქართველოშია. მიუხედავად თავდაპირველი შიშისა, მან აღმოაჩინა, რომ ზამთარიც ისეთივე ლამაზია მის ქვეყანაში, როგორც წელიწადის სხვა დროები.

თეას კარიერულ გზაზე გარდამტეხ მომენტად კანადის ბიზნესი იქცა. შთაგონების წყარო კი მისთვის არის უკვე გარდაცვლილი მამა, რომლის თხოვნითაც შეიძინა ეს მიწა უკვე ემიგრაციაში მყოფმა. სწორედ მამის ხსოვნა უბიძგებს მას წინსვლისკენ.

ბიზნესში ყველაზე რთული თეასთვის აღმოჩნდა უპასუხისმგებლო ადამიანებთან თანამშრომლობა. ბევრი იმუშავა ადამიანებზე, რომ დაერწმუნებინა – ერთგულება, პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა აუცილებელი ატრიბუტია ადამიანის სწორად ჩამოყალიბებაში.

ერთ-ერთი ყველაზე დაუძლეველი გამოწვევა, რომელიც თეამ მაინც შეძლო გადაელახა, იყო ტბის გაკეთება. როდესაც მისი გაკეთება გადაწყვიტა, ყველამ შეუძლებლად ჩათვალა მისი პროექტი. შეშინდა, მაგრამ უკან არ დაიხია და მაინც გააკეთა ტბა.

თეა თავს აღწერს როგორც საოცრად შრომისმოყვარე და რისკიან ადამიანს. მისი სიამაყის მიზეზი არის ის, რომ 24 წლის შემდეგ, როცა იმ ქვეყანაშიც ჰქონდა და ახლაც აქვს თავისი ბიზნესიდა საქართველოში, თავის სამშობლოში დაბრუნდა. მისთვის ეს უკვე ქვეყნის წარმატებაა და სურს, რომ მისნაირი ემიგრანტები ბევრი ჰყავდეს  “ყველაზე მაგარ ქვეყანას”.

საზოგადოებრივი ცვლილებების შესატანად თეა იმაზე მეტს შრომობს, ვიდრე მოელიან მისგან. სასწაულად გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ასწრებს ჰარმონიული და საინტერესო პირადი ცხოვრებითაც იცხოვროს – როგორც თვითონ ამბობს, “ყველაფერს ვასწრებ”.

მომავლის გეგმებში თეას ბიზნესის გაზრდა აქვს. დამწყებთათვის მისი რჩევაა, არ დანებდნენ და ბევრი იშრომონ. პროფესიული განვითარებისთვის თვითონაც ბევრს შრომობს. წარმატებას განსაზღვრავს როგორც უფრო მეტს, ვიდრე მატერიალური მიღწევა – აღმშენებლობას.

ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც თეამ მიიღო კარიერაში, იყო შვილების დატოვება კანადაში და საქართველოში ფაქტობრივად გადმოსახლება. თუმცა, მიუხედავად დაბრკოლებებისა, იგი წარმატებით აგრძელებს თავის საქმიანობას და მამოტივირებელი ხდება მრავალი ქალისთვის, ვინც საკუთარი ბიზნესის განვითარებას და საზოგადოების კეთილდღეობაში წვლილის შეტანას ცდილობს.

CATEGORIES
Share This