ნომინაციაში “ბიზნეს მრჩეველი ხელოვნების სფეროში-2024” წარდგენილია ელენე კოღუაშვილი
დღეს გვინდა წარმოგიდინოთ ელენე კოღუაშვილი, რომელიც პროფესიით ხელოვანების ბიზნეს მრჩეველია.
ელენეს დღევანდელი საქმიანობა, ზუსტად ის არის, რასაც 15 წლის წინ ნატრობდა, რომ საქართველოში ყოფილიყო. ხელოვნება ყოველთვის იყო მისს ცხოვრებაში, ბავშვობიდანვე ზუსტად იცოდა, რომ ამ სფეროში იქნებოდა. დაასრულა ხელოვნებათმცოდნეობა, გახლავთ მოზაიკოსი და პარალელურად ხელსაქმითაც მუდმივადაა დაკავებული. როდესაც დიპლომი აიღო, გაუჩნდა კითხვები: “როგორ ვრეალიზდე? როგორ გავხდე კონკურენტუნარიანი? როგორ გავხდე ფინანსურად დამოუკიდებელი ამ სფეროში მოღვაწეობით?” პასუხი არ მქონდა, რადგან ამას სტუდენტებს არავინ ასწავლის…
ამიტომ, დაიწყო იმ პროფესიების ათვისება, რომელიც დღეს ყველა ადამიანს სჭირდება: პიარი, მარკეტინგი, პირადი ბრენდი, სოც. ქსელების მართვა, ნეთვორქინგი. ამასობაში შეისწავლა ბიდინგი და შექმნა აქსესუარების ბრენდი “ბერილი” და დაიწყო სამეფო ესთეტიკით შთაგონებული უნიკალური სამკაულების შექმნა ქალებისა და მამაკაცებისთვის (მამაკაცის ხაზი იმით არის გამორჩეული, რომ ამ ტექნიკით მსოფლიოში არავინ ქმნის აქსესუარებს, ეს სრულიად ახალი დიზაინია).
რამოდენიმე წლის წინ კი საქართველოში პირველი იყო, ვინც გააკეთა არტ ბლოგი და დღეს ყველა წამყვან პლატფორმაზე ათი ათასობით მაყურებელი ჰყავს. მისი მიზანია მოსახლეობაში ხელოვნების მიმართ ინტერესის გაღრმავება და ამ სფეროს განვითარება, არტისტების მხარდაჭერა.
„ბლოგის დახმარებით უამრავმა ხელოვანმა გამიცნო. პირად შეტყობინებაში მომდიოდა ბევრი კითხვა, ხელოვანები მიყვებოდნენ თავიანთ პრობლემებზე, დახმარება სჭირდებოდათ… ზოგჯერ საუბარი საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა და მივხვდი, რომ მეტი იყო საჭირო. ჩემი დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, დავიწყე კონსულტაციები არტისტებთან; ვნახე რომ ეს მიმართულება ევროპასა და ამერიკაში უკვე დიდი ხანია არსებობს და ძალიან განვითარებულია. ნელ-ნელა არტისტების მოთხოვნიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ ეს ის არის, რაც ძალიან აკლია ჩვენს ქვეყანას. აქ არ არის მსგავსი ტიპის მომსახურება და ამიტომ, მხოლოდ ისინი იკვლევენ გზას, ვისაც სანაცნობო და საახლობლო წრე უწყობს ხელს. ასეთი კი ძალიან ცოტაა.“
კონსულტაციების წარმატებით ჩატარების შემდეგ, ნახა რა შედეგები ჰქონდათ არტისტებს, მიხვდა, რომ ეს საკმარისი აღარ იყო და წელს პირველად საქართველოში სპეციალურად მხატვრებისთვის შექმენა ონლაინ კურსი “როგორ გავხდეთ მოთხოვნადი არტისტი”, რომელიც ყველა იმ კითხვაზე პასუხს მოიცავს, რაც ამ სფეროში რეალიზებისთვის არის საჭირო.
ფიქრობს, რომ იყო ქალი და გსურდეს მიაღწიო დიდ მიზნებს ძალიან დიდი გამოწვევაა, რადგან ბევრ დაბრკოლებას აწყდები და საზოგადოებისგანაც დიდი წნეხი მოდის. მითუმეტეს, როდესაც საჯარო ფიგურა ხდები და ათასობით მაყურებელი გყავს, თუმცა საკუთარი კარიერისა და პიარ კამპანიის ჭკვიანურად დაგეგმვის შემთხვევაში ყველაფერი ასჯერ უფრო მარტივი ხდება. მთავარია იცოდე, როგორ აკეთო საქმე და გქონდეს მიზანი.
„მჯერა, რომ ვინც არ ნებდება ის იმარჯვებს.“
მისს სფეროში სირთულე საზოგადოების მხრიდან ინტერესის არ ქონაა. რთულია აკეთო საქმე მცირერიცხოვან ქვეყანაში, რომლის უმრავლესობას არ ადარდებს ეს მიმართულება. ამ სფეროში მოღვაწეებიდან კი ბევრი პესიმისტურად არის განწყობილი და ზოგს ქვეყნის დატოვება უნდა…
„მე ყოველთვის მჯეროდა, რომ თუ საკმარისად გჯერა შენი იდეის, შეძლებ დაარწმუნო სხვებიც, შეძლებ შეცვალო შენი და სხვების ბედი უკეთესობისკენ.“
ეს დაბრკოლება მიზანმიმართულობითა და დისციპლინით გადალახა და ისწავლა, რომ არანაირ საქმეში მოტივაციას შედეგი არ მოაქვს, მითუმეტეს, რთულ საქმეში, როცა უამრავი დაბრკოლების გადალახვა გიწევს. უფლის რწმენა და დისციპლინა არის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა.
„ჩემი მთავარი მიღწევა, ამ ეტაპზე არის საქარველოში ხელოვნების სფეროში სრულიად ახალი მიმართულების შექმნა და სრულიად ახალი სერვისების დანერგვა. ეს არის ჩემი საავტორო კურსი მხატვრებისთვის და ბიზნეს კონსულტაციის სერვისი, რომელიც უკვე უამრავ ხელოვანს დაეხმარა.
ეს არის შესაძლებლობა ხელოვანებისთვის, რომ ეფექტურად დაგეგმონ თავისი კარიერა, დაზოგონ უამრავი დრო და ფული, იპოვონ საკუთარი ნიშა, გამოვიდნენ სახელოვნებო ასპარეზზე და რეალიზდნენ.
ამის თამამად თქმის საშუალებას მაძლევს ის უკუკავშირი, რომელსაც მათგან ვიღებ. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ხელოვანების დახმარება. წარმოვიდგენ ჩემს თავს 10-15 წლის წინ და ვფიქრობ: “რა მაგარი იქნებოდა იმ დროს ასეთი რჩევები რომ მოეცა ვინმეს ჩემთვის, ასე მარტივად რომ დაელაგებინა ყველაფერი და ეჩვენებინა გზა”. თუმცა, სწორედ ამ რთულ გზაზე სიარულმა მომცა ასეთი გამოცდილება და მომიყვანა აქამდე.“
ელენე ფიქრობს, რომ ძლიერი, შემდგარი და განათლებული ქალი არის პირველ რიგში ოჯახის და თავად ძლიერი ოჯახი კი სახელმწიფოს საყრდენი. სწორედ ძლიერი, თავდაჯერებული ქალები ზრდიან ქვეყნის საამაყო შვილებს. საზოგადოების სიძლიერე კი სწორედ მისი თითოეული წევრის სიჯანსაღით განისაზღვრება.
ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს პირველ რიგში იმას ურჩევდა, რომ არასდროს მისცენ უფლება სხვის ვიწრო ხედვას, რომ განსაზღვროს მათი მომავალი და მიზნები.
იგი ამბობს, რომ არ არსებობს “საუკეთესო ასაკი” პირველი ნაბიჯებისთვის. საკუთარი ცხოვრება რადიკალურად 60 წლის ასაკშიც შეგიძლია, რომ შეცვალო. მთავარი არის აზროვნების ფორმა. წარმატება კი მთლიანად მასზეა დამოკიდებული.
„თუ აქამდე არაფერი გაგიკეთებიათ, დაიწყეთ დღეს, ამ წუთას, დაისახეთ მიზანი, მიყევით გეგმას, იყავით დისციპლინირებული და რამოდენიმე თვეში საზოგადოება ვერ გიცნობთ, ეს იქნება სრული გარდასახვა. ყველა თავად ძერწავს საკუთარ ბედს, როგორც ოსტატი ნატიფ ქანდაკებას!“