ნომინაციაში “ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეყობა აჭარის რეგიონში 2024” წარდგენილია ნათია გოგიტიძე

ნომინაციაში “ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეყობა აჭარის რეგიონში 2024” წარდგენილია ნათია გოგიტიძე

დღეს გვინდა გაგაცნოთ ნათია გოგიტიძე, რომელიც გახლავთ ფილოლოგი,  ჟურნალისტი, მენეჯერი და ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ქალბატონი ნათია ლიდერ ქალთა საზოგადოებას ეცნობა, გვიყვება მისს შესახებ და გვაცნობს თავისს საქმიანობას. ასევე გვიზიარებს კარიერულ გზას, თუ რა ეტაპები განვლო მან.

-ქობულეთში დავიბადე. თავად ჩემი ბიოგრაფია ძლიერი ქალის ბიოგრაფიაა, ორმოცდაორი წლის ასაკში დავქვრივდი, სამი შვილით  ურთულეს მდგომარეობაში მარტო დავრჩი. მოვახერხე და ფეხზე წამოვდექი, დღეს ჩემი შვილები წარმატებული ადამიანები არიან, მათ მე შვიდი შვილიშვილი მაჩუქეს.  უფროსი ქალიშვილი ჩემთან ერთად საქმიანობს , დანარჩენებიც   ყველანაირად ხელს მიწყობენ ჩემს მრავალფეროვან საქმიანობაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩემი პირველი ბიოგრაფიული ჩანაწერი გახლდათ: საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის საჩხერის ფილიალის თავმჯდომარე. დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დატვირთული ემპათიით და ემოციებით დატვირთული ცხოვრება, რაც დღემდე გრძელდება. როცა უცხო ადამიანი მადლობას გეუბნება თანაგრძნობისთვის, დახმარებისთვის, რაც სასიცოცხლოა მისთვის, ამაზე დიდი ბედნიერება არაა ქვეყანაზე. ჩემი ცხოვრება არა ვარდებით, არამედ მადლიერების ლოცვებითაა მოფენილი.

პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობას ვეწეოდი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახლდით. ესეც ემოციური, მაგრამ საყვარელი საქმე იყო. ბევრი ჩემი მოსწავლე დღეს საზოგადოებრივ ასპარეზზე წარმატებულია სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკაში.

1991 წელს რაჭა-ლეჩხუმსა და საჩხერეში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. საჩხერის წითელი ჯვრის საზოგადოების გუნდთან ერთად კარდაკარ დავდიოდი,   დაზარალებულებს სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოსულ დახმარებას ვურიგებდი. უმძიმესი კადრები შემორჩა მეხსიერებას: უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვების შიშით სავსე თვალები, დარდით ხელებჩამოშვებული დიდები, მრავალი წლის ნაჯაფარ ჩამონგრეული სახლების წინ მდგარნი იმედით შემოგვცქეროდნენ.

ჩემი ოჯახი სამად გაყოფილი შეეგება ამ უბედურებას, მეუღლე მოსკოვში, მშობლები სოფელში, შვილები ჭიათურაში. გაგვიმართლა და გადავრჩით, თუმცა იმ სტრესმა ჩემს მეუღლეს წლების მერე უწია და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემად ექცა, მეუღლე 2002 წელს თბილისში მომხდარი მიწისძვრის მეორე დღეს გულის შეტევით გარდაიცვალა.

1993 წელს ქუთაისში  საერთაშორისო წითელი ჯვრის ფედერაციის და კომიტეტის მიერ ორგანიზებული ტრენინგები ჩატარდა ორ ეტაპად, რომელსაც ატარებდა დანიის წითელი ჯვრის ორგანიზაცია. ეს იყო ჩემი პირველი საერთაშორისო სერტიფიკატი გაცემული დანიის წითელი ჯვრის ორგანიზაციის მიერ. დაიწყო  წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის დიდი ჰუმანიტარული დახმარების ეპოქა  საქართველოში, რომელშიც აქტიურად ვიყავი ჩართული, აქ ვისწავლე სოციალური პროექტების წერა და სისრულეში მოყვანა.   საერთაშორისო წითელი ჯვარი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობისათვის, უსახსროდ დარჩენილი ბავშვებისა და მოხუცებისათვის, მარჩენალდაკარგული ოჯახებისათვის სხვადასხვა ტიპის დახმარებას გვთავაზობდა, რასაც ჩვენ ვახორციელებდით.

2000 წელს  მთელი ოჯახით  თბილისში დავბრუნდით საცხოვრებლად. საინტერესო იყო იტალიური საქველმოქმედო ფონდის ,,კარიტასის“ მცირე საოჯახო  ტიპის  სახლებში მუშაობა, სადაც დიდი ინსტიტუციების დაშლის  შემდეგ  თვრამეტ წლამდე კრიზისული ოჯახების ბავშვები იყვნენ განთავსებული. ურთულესი სამუშაო იყო, მაგრამ დღემდე მომყვება იმ ბავშვების მადლიერებით სავსე თვალები.

ბოლო 15 წელი, პარალელურად,  პრესის ჟურნალისტი გახლდით და ჩემი მსოფლმხედველობა გაფართოვდა მრავალფეროვან რესპონდენტთან ურთიერთობით.

„ის რომ ქალი ხართ, რამდენად გიწყობთ ხელს   თქვენი საქმიანობის წარმართვაში….“

-ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ქალს პატივს სცემდნენ, ანგარიშს უწევდნენ, უსმენდნენ. მეუღლეც ასეთი მყავდა. ყველა და ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ისე იყო მომართული, რომ ჩემი ინტერესის სფერო დამეკმაყოფილებინა, საკუთარი თავი მეპოვა. ვერასოდეს ვხედავ წინააღმდეგობას იმაში, რომ ქალი ვარ. პირიქით, ყველა კარი ღიაა.

„რას თვლით თქვენს მთავარ მიღწევად?  : რომელი მიღწევით ან პროექტით ხართ ყველაზე მეტად ამაყი თქვენს პროფესიულ მოგზაურობაში და რა გავლენა იქონია მან საზოგადოებაზე?“

-რასაც ვაკეთებდი, პირნათლად ვაკეთებდი, მაღალ დონეზე. აქტიურ ჟურნალისტიკაში ემიგრაციის თემაზე  საინტერესო პროექტი მქონდა. სანკტ-პეტერბურგში გავემგზავრე,  ემიგრანტ ქართველებთან ორმოცი  ინტერვიუ ჩავწერე და წიგნად ვაქციე. 2008 წელს ჩემი ელექტრონული წიგნი ,,ქართველები სანკტ-პეტერბურგში“  ახლად გახსნილმა დიასპორის სამინისტრომ პორტალზე დადო. ეს იყო პირველი წიგნი-ვრცელი მიმოხილვა ემიგრანტი ქართველების შესახებ, რომლებმაც უდიდეს წარმატებას მიაღწიეს რუსეთის მეორე დედაქალაქში.წარმატებული ქართველები მედიცინაში, მეცნიერებაში, მწერლობაში, ხელოვნებაში, რომლებიც ბედისწერამ სამშობლოდან გადახვეწა სიხარულით მელოდებოდნენ ინტერვიუს ჩასაწერად, რათა ქვეყანას შეეტყო მათი მიღწევების შესახებ. ისტორია გვეუბნება, რომ მას შემდეგ რაც პეტრე პირველმა ფანჯარა გაჭრა ევროპისკენ იქ ქართველები უკვე სახლობდნენ და აქედან მოყოლებული ყველა სიახლე, რაც ევროპიდან რუსეთში შემოვიდა, საქართველოში რუსეთის გავლით  ვრცელდებოდა და ვითარდებოდა სწორედ იქ მაცხოვრებელი ემიგრანტი ქართველების მეშვეობით. ჩვენი დედა უნივერსიტეტიც სწორედ იმ ქართველი მეცნიერების დამსახურებაა, ვინც ევროპასა და რუსეთის ამ დიდებულ ქალაქში მიიღო განათლება.კიდევ უთვალავი საკითხი, რაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ბევრი ქართველი შემორჩა რუსეთს ნოსტალგიით და სამშობლოში დაბრუნების იმედით.

მთავარ მიღწევად კი ჩემს ბოლო წლებს და ბოლო პროექტებს ვთვლი ჩემს მშობლიურ რეგიონში ქობულეთში. ერთხელ, გერმანიაში მცხოვრებ ჩემს შორეულ ნათესავს შევხვდი, მას აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე გოგონა ჰყავს. შემძრა ქალის ისტორიამ, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა შვილის რეაბილიტაციას, იმ წლებში, როცა აუტიზმის შესახებ მსოფლიომ ხეირიანად ჯერ კიდევ არაფერი იცოდა. ამას მოჰყვა ინტერვიუ პიროვნებასთან, ვინც თბილისში პირველმა გახსნა აუტიზმის ცენტრი. ფონდმა ,,ღია საზოგადოება საქართველო“ შემომთავაზა თბილისიდან ქობულეთში გადასვლა. გავიარე ტრენინგები და ჩემ მიერ 2016 წელს დაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,მხარდაჭერა განსაკუთრებული საჭიროებებისათვის“ რამდენიმე პროექტის საფუძველზე ქობულეთში გადაამზადა პროფესიონალთა გუნდი და 2016 წელს რეგიონში პირველად ჩამოყალიბდა ,,ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრი“, რომელიც თავდაპირველად აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს ემსახურებოდა.   ცენტრისთვის ლოგო ცნობილმა მხატვარმა ნინო ჩაკვეტაძემ გვაჩუქა.

ჩავერთეთ საქართველოს და აჭარის ჯანდაცვის სახელმწიფო სოციალურ ქვეპროგრამებში.  წლები დაგვჭირდა, რომ საზოგადოებისთვის აგვეხსნა რა არის აუტიზმი, უამრავი პრეზენტაცია, შშმ პირთა მხარდამჭერი ღონისძიება ჩავატარეთ. თავადაც ბევრ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მივიღეთ მონაწილეობა, დავუკავშირდით და არაერთხელ მოვიწვიეთ საქართველოში მოქმედი ყველა ორგანიზაცია, ვინც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებთან მუშაობდა. რეგიონში გაჩნდნენ მაღალკვალიფიციური ახალი ტიპის სპეციალისტები: ქცევის თერაპევტები, ბავშვთა ადრეული განვითარების, მეტყველების, ფიზიკური თერაპევტები, ფსიქოლოგები.  გალღვა ყინული და მშობლებმა დაძლიეს სტიგმა, გარეთ გამოიყვანეს აუტიზმის სპექტრის მქონე შვილები და სარეაბილიტაციო ცენტრებს მიმართეს. გაიზარდა სხვა პრობლემების მქონე ბავშვთა მომართვიანობა.  ამაყი ვარ,  ჩემმა მშობლიურმა ქალაქმა გაითავისა, რომ ქვეყნის ჯანსაღი მომავალი საფრთხეშია და შეცვალა მიდგომები. ყველა მაღალ ტრიბუნას ვიყენებ იმის სათქმელად, რომ მატულობს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანთა რიცხვი და თუ სახელმწიფო სწორად არ მიუდგება საკითხს,  ხელთ შეგვრჩება მუდმივად ზრუნვის საჭიროების მქონე პირები, რაც უწყებებს უფრო ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე დღეს გასაცემი ხარჯები.

მინდა ერთი მეტად საინტერესო პროექტის შესახებაც ვისაუბრო. ,,თურქეთსა და ერაყში არალეგალური სამუშაოების დაკარგვის გამო უსახსროდ მყოფი ოჯახების დახმარება“, რომელიც ფონდმა ,,ღია საზოგადოება საქართველო“ დააფინანსა. ჩვენთვის  ქველმოქმედება უცხო ხილი არ არის, მაგრამ მასშტაბური  საქველმოქმედო პროექტი მაინც უჩვეულო იყო.. კოვიდ-19 გამოწვეული პანდემია ოჯახებისთვის, განსაკუთრებით  ბავშვებისთვის,  ძალიან მძიმედ გადასატანი იყო. აჭარის რეგიონი საზღვრისპირაა და ძალიან ბევრი მოქალაქე გადადის თურქეთსა და ერაყში არალეგალური სამუშაოს საძებნელად. პანდემიამ ეს შეზღუდა, უსახსროდ დარჩნენ ოჯახები, განსაკუთრებით ბავშვები, რომელთაც ონლაინ სწავლებაში ჩართვა იმის გამო უჭირდათ, რომ სათანადო მოწყობილობა და ინტერნეტის თანხა არ ჰქონდათ. ტელეფონით ჩავწერეთ ინტერვიუ სამოც ბავშვთან და ვკითხეთ რას ისურვებდნენ საჩუქრად. პასუხები ზოგჯერ სასაცილო, ზოგჯერ გულის ამაჩუყებელი იყო. ერთმა- თოჯინა, მეორემ – ზღაპარი ,,ჭინჭრაქა“, მესამემ- კაბა, მეოთხემ – ქურთუკი და ა.შ. იცით, ტონობით ჰუმანიტარული დახმარება გამიცია, მაგრამ ამ ბავშვების და მშობლების სიხარული არ მავიწყდება. დახმარების პაკეტი იყო ყველა სურვილის გათვალისწინებით და ამავე დროს, ღირსების არ შემლახველი: პლანშეტები, საკანცელარიო ნივთები, წიგნები, ჰიგიენის საშუალებები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტკბილეული, სურსათი, ინტერნეტპაკეტები. ერთ-ერთი ლეპტოპი გადავეცით ოჯახს, სადაც ოთხი ბავშვი იზრდება. თურმე, უფროსები ყველაზე პატარა ძმას, პირველკლასელს, უთმობდნენ ოჯახის ერთადერთ ტელეფონს ონლაინ გაკვეთილისათვის. მთელი ოჯახი მოვიდა, გულში ჩაიკრეს კომპიუტერი, სხვა საჩუქრები პარკებში ზურგზე მოიგდეს და წავიდნენ. ამათგან ორი უფროსი სტუდენტი გახდა და სწორედ ჩვენს ნაჩუქარ კომპიუტერს უმადლიან თავიანთ წარმატებას. ოჯახის დედა ყველა დღესასწაულზე მირეკავს და მადლობას მეუბნება. აი, თოჯინა რომ ჩაიკრა გულში იმ გოგონას ბებიამ ორი წლის მერე ემიგრაციიდანაც დამირეკა და კიდევ ერთხელ მადლობა მითხრა ჩემი შვილიშვილის გახარებისათვისო. ეს განცდები წარუშლელია.

„გაგვიზიარეთ რთული სიტუაცია, რომელიც შეგხვდათ თქვენს კარიერაში ან ბიზნესში და როგორ გადალახეთ იგი. რა ისწავლეთ ამ გამოცდილებიდან?“

-კი, იყო სირთულეები. როცა ,,ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრს“ ასე ვთქვათ, ,,ვაშენებდით“,საჭირო იყო , დაუღალავი შრომა, სწავლა სპეციალისტებთან ერთად, სიახლეების მუდმივი კონტროლი. სირთულე კი დღესაც ასეთია: მოდის სამუშაოდ კადრი, რომელიც გადასამზადებელია,  ხარჯავ რესურსს, გამოცდილებას უზიარებ, ასწავლი, აყალიბებ სპეციალისტად და უკეთესის საძებნელად ტოვებს თავის პოზიციას. ახალგაზრდებს  დიდი ქალაქები იზიდავს. ეს პროცესი ანგრევს საქმეს, აფერხებს. მეც გავიარე ეს და კიდევ ველოდები მსგავს რყევებს. გამოცდილებით გამუდმებით უნდა ეძებო კადრები და რეზერვი შექმნა. თუმცა ეს პრობლემა ყველა სფეროს აწუხებს. ჩემთვის მთავარია და ჩემს გუნდსაც ვარწმუნებ, რომ მხოლოდ მაღალპროფესიონალური კადრებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია გაუძლებს მზარდ კონკურენციას, ფაქტობრივად, ეს ბიზნესი სოციალური პროექტიცაა, რომელიც უამრავ ნიუანსს ითვალისწინებს, მათ შორის მშობლის ფაქტორს, რომელსაც არ აქვს სათანადო უნარ-ჩვევები პრობლემურ შვილებთან ურთიერთობაში.

„გვითხარით თქვენი მოსაზრება ქალის როლზე საზოგადოებაში: რომელი მიღწევით ან პროექტით ხართ ყველაზე მეტად ამაყი თქვენს პროფესიულ მოგზაურობაში და რა გავლენა იქონია მან საზოგადოებაზე?“

-წლების წინ პრესაში ვაქვეყნებდი  წერილების სერიას სათაურით ,,საუბრები მამაკაცებზე“, ერთი გამომცემელი, რასაკვირველია მამაკაცი, გააღიზიანა, რადგან წერილებში შეფარვით ქალის უპირატესი როლი საზოგადოებაში, გამოსჭვიოდა. არ ვარ ფემინისტი, მაგრამ  ქალებმა გადაარჩინეს ქვეყანა, განსაკუთრებით, ბოლო ოცდაათი წელი მაქვს მხედველობაში. ქალები სულ სხვანაირად ხედავენ აწმყოს და მომავალს, სულ სხვანაირად ახერხებენ წარმატების მიღწევას. ამავე დროს, გული შემტკივა მამაკაცებზე, მინდა რომ ისინი კარგი მეოჯახეები იყვნენ,ცენტრის ბენეფიციარების მამების კლუბს ვაარსებთ, მიმაჩნია, რომ დედის მხრებზე არ უნდა გადადიოდეს ცხოვრების სიმძიმე.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრი გახლავართ და ცხოვრებაშიც ვცდილობ ქალისა და მამაკაცის როლის დაბალანსებას.

„რას ურჩევთ ქალებს, რომლებიც ახლა  დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს?“

-მხოლოდ განათლება და მაღალპროფესიული სტანდარტი, საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობა  მისცემს ქალს ბიზნესში წარმატებას. იღბალიც მასთან მიდის, ვისაც ალღო აქვს, უნარი საზოგადოებასთან ურთიერთობა დაამყაროს, შეაფასოს რეალობა და რაც მთავარია, აკეთოს ის, რაშიც ღრმად დარწმუნებულია. საკუთარი თავის რწმენა და პატივისცემა, კონტაქტები საჭირო ადამიანებთან, არ ვგულისხმობ ,,ძლიერთა ამა სოფლისა“, ზოგჯერ იდეა სრულიად უბრალო ადამიანთან ურთიერთობაში იბადება.

,,ლიდერ ქალთა საზოგადოება“ შეიქმნა ორგანიზაცია ,,ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს“ ბაზაზე. მინდა გითხრათ, რომ ეს შესანიშნავი სლოგანია. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა სერვისების სფერო მთლიანად შექმნეს ქალებმა, დედებმა, ვისაც პრობლემური შვილები ჰყავდა.    სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა მამები გაურბიან პასუხისმგებლობას და ოჯახებსაც ტოვებენ. მე კი ყოველდღე ვხედავ ძლიერ დედებს, რომლებიც ივიწყებენ საკუთარ თავს   უიმედო სიტუაციებშიც კი, ზრუნავენ შვილებზე, არ ნებდებიან. მე თაყვანს ვცემ ასეთ დედებს, რომლებიც შვილების მომავლისთვის იბრძვიან, გმირი დედები, რომლებიც  ჩვენი ხელშეწყობით ქმნიან ქვეყნის ჯანსაღ მომავალს. დიახ, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს მომავალს.

 

CATEGORIES
Share This