
ნომინაციაში “კულტურული მემკვიდრეობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის – 2025’’ წარდგენილია ხათუნა ქარაია
ემიგრაციაში ქართული სულის შენარჩუნება – ხათუნა ქარაიას ისტორია
იტალიის ქალაქ რეჯო კალაბრიაში, სადაც ქართველი ემიგრანტების მცირე თემი ცხოვრობს, ერთი ქალბატონი გამორჩეულ როლს თამაშობს ქართული იდენტობის შენარჩუნებაში. ხათუნა ქარაია, გახლავთ ეკონომისტი, ბათუმის აგრარული უნივერსიტეტის მაგისტრი, დღეს საკვირაო სკოლა “იმედის” პრეზიდენტი და ქართული კულტურის ცენტრის რეგიონალური მენეჯერია.
პროფესიით ხარისხის ექსპერტი და ტექნოლოგიური მართვების სპეციალისტი, ხათუნამ ემიგრაციაში ყოფნისას თავისი კარიერული გზა სრულიად ახალი მიმართულებით წარმართა. სამშობლოდან შორს, ენობრივი ბარიერის პირობებში, მან ვერ შეძლო თავისი პროფესიით დასაქმება, თუმცა ეს დაბრკოლება შესაძლებლობად აქცია და თავისი ენერგია ქართველი ემიგრანტებისთვის სასიკეთო პროექტებში ჩადო.
“ემიგრაციის პირველივე დღიდან დავიწყე აქტიური ჩართულობა ემიგრანტებისთვის სასიკეთო პროექტებში,” – იხსენებს ხათუნა. მისი ორგანიზებით იტალიაში არაერთი კულტურული ღონისძიება ჩატარდა – პოეზიის საღამოები, წიგნის პრეზენტაციები, ქართველი მომღერლების კონცერტები. ამ საქმიანობამ იმდენად გაიტაცა, რომ აღარც კი უფიქრია თავისი პირვანდელი პროფესიით დასაქმებაზე.
ხათუნას ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი იყო ქართული საკვირაო სკოლის შექმნის იდეა. როდესაც დაინახა, რომ იტალიაში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს სჭირდებოდათ ადგილი, სადაც მშობლიურ ენას შეისწავლიდნენ, ის დაუღალავად შეუდგა ამ მიზნის განხორციელებას. მოიძია საჭირო კონტაქტები, ინფორმაცია და, ფინანსური სირთულეების მიუხედავად, საკუთარი რესურსებით შეძლო სკოლის გახსნა.
დღეს, სკოლის ფუნქციონირებიდან 6 თვის შემდეგ, “იმედში” უკვე 80 მოსწავლეა რეგისტრირებული და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ხათუნას თქმით, ეს მისი ყველაზე დიდი სიხარული და სიამაყეა. სკოლასთან ერთად მან შექმნა ქორეოგრაფიული ჯგუფი “იმედის შვილები” და გალობის გუნდი, რომლის საშუალებითაც ბავშვები ეცნობიან ქართულ კულტურასა და ტრადიციებს.
ხათუნას საქმიანობაში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ცინარ ღვალაძემ, ბარის საკვირაო სკოლის პრეზიდენტმა და დამფუძნებელმა, რომელიც 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს მსგავს სკოლას. ასევე, შთაგონების წყაროდ რჩება მამა, აფხაზეთის ომის ვეტერანი, და დედის ხსოვნა, რომელიც ადრეულ ასაკში დაკარგა.
“ერთ-ერთი ოცნებაა, როცა აფხაზეთში დავბრუნდები, იქაც ანალოგიური პროექტი განვახორციელო,” – ამბობს ხათუნა.
მან კალაბრია სანრემოს კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა და მრავალი მადლობის სიგელი მიიღო.
მომავლის გეგმებზე საუბრისას, ხათუნა აღნიშნავს, რომ ივლისის თვეში გეგმავს მასშტაბურ ღონისძიებას პატრიარქის კურთხევით – პროექტ “იბერიას”. მისი სამომავლო მიზნებია სკოლის გაფართოება, ქორეოგრაფიული ჯგუფის განვითარება მთელი იტალიის მასშტაბით და სკოლისთვის საკუთარი ბიბლიოთეკის შექმნა.
“მინდა, ბავშვებს ქონდეთ ქართული სახლი, სადაც ეზიარებიან რელიგიას და კულტურას. ესენი ხომ საქართველოს შვილები არიან, მინდა მთელი ჩემი ყურადღება და რესურსი ამ ბავშვებს დავუთმო,” – ამბობს ხათუნა.
თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, დამწყებთათვის მთავარ რჩევად პასუხისმგებლობას და დასახული მიზნისთვის ბრძოლას ასახელებს. “მთავარია, არ გაჩერდნენ,” – ამბობს იგი.
ხათუნა საკუთარ თავს ახასიათებს, როგორც კომუნიკაბელურ, ჰუმანურ და ლოიალურ ადამიანს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით. იგი მუდმივად ცდილობს პროფესიულ განვითარებას, ესწრება ტრენინგებსა და სემინარებს. მისთვის წარმატება არ არის მხოლოდ მატერიალური მიღწევა – ის მეტ ყურადღებას აქცევს მორალურ ღირებულებებს.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემს საქმიანობაში კმაყოფილი დავრჩე მეც და ჩემს ირგვლივ მყოფნიც,” – ამბობს ხათუნა ქარაია, ქალი, რომელიც ემიგრაციაში ქართული სულის შენარჩუნებისთვის იბრძვის და თავისი გამოცდილებით შთაგონების წყაროდ იქცა არა მხოლოდ ქართველი ემიგრანტებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც უწევს ახალ გარემოში საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და ახალი გზების გაკვლევა.