ნომინაციაში “ლიდერი ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში 2024” წარდგენილია ნათია ალფაიძე

ნომინაციაში “ლიდერი ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში 2024” წარდგენილია ნათია ალფაიძე

ქართული ხალხური ცეკვა საქართველოს მარგალიტი და სავიზიტო ბარათია, სწორედ ამ მარგალიტმა აღმოგვაჩენინა ნათია ალფაიძე, რომელიც არის ქართული ხალხური ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი და ქორეოგრაფიული ანსამბლის “სამას” სამხატვრო ხელმძღვანელი.

მას სიყვარული ქართული ცეკვისადმი ბავშვობიდანვე გაუჩნდა, როდესაც მხოლოდ 6 წლის ასაკში დაიწყო ცეკვა ანსამბლ “ფერხულში” ქალბატონ ნინო ტურიაშვილთან და ბატონ რომან ტატიშვილთან. 2005 წელს ქალაქ საგარეჯოში, ხოლო 2006 წელს ქალაქ თბილისში ნათიას მიერ დაარსდა ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამა“ ( სიტყვა – სამა ძველი ქართული სახელია და სულხან-საბა ორბელიანის სიტყვის კონის მიხედვით ცეკვას ნიშნავს), რომელიც წლების განმავლობაში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ემსახურება ქართულ- ხალხურ ქორეოგრაფიას.

რაც შეეხება მის მიერ გავლილ გზას, ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო, ექვსი წლის ასაკში დაიწყო ცეკვა ანსამბლ „ფერხულში“ქალბატონ ნინო ტურიაშვილთან და ბატონ რომან ტატიშვილთან. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო მისი უდიდესი სიყვარული ქართული ცეკვისადმი. შემდეგ იყო ქალაქ თბილისის მერიის კულტურის სამმართველოსთან არსებული ი.ი. სუხიშვილის სახელობის ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო სკოლა- სტუდია, რომლის დამთავრების შემდეგ ცეკვა განაგრძო ანსამბლ „როკვაში’ , რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა.

ნათიას კარიერულ გზაზე არაერთი მიღწევა აქვს, 2019 წელს, ლოს-ანჯელესში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი “World Championships”, სადაც მონაწილეობდა ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი “სამა”. 66 ქვეყანას შორის, “სამამ” მოიპოვა ნომინაცია საუკეთესო კოსტუმების სამეულში და დაიკავა მესამე ადგილი კოსტუმების ნომინაციაში.

ასევე, ანსამბლმა მოიგო ოქროს მედალი ფოლკლორის ნომინაციაში და 2 ვერცხლის მედალი თეატრალურ-მუსიკალური, ცეკვით გახსნის ნომინაციებში. ოქროს მედალოსნებს კი გადაეცემოდათ სპეციალური პრიზი “მსოფლიო ჩემპიონი ნომინაციაში”.

მისთვის განსაკუთრებული მიღწევა იყო ის ფაქტი, რომ საქართველო ამ უდიდეს კონკურსზე პირველად წარსდგა სწორედ ანსამბლ “სამას” სახელით, რასაც იგი თავისი კარიერის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად მიიჩნევს.

ისტორია გვიჩვენებს თუ როგორი ბრძოლისუნარიანები არიან ქალები, ნათიაც მათ რიგებშია. იგი აღნიშნავს, რომ დღეს ძალიან ბევრი წარმატებული ქალი მოღვაწეობს სხვადასხვა სფეროში. ამასთან ერთად, არ უნდა დავივიწყოთ , რომ ქალებს კარიერასთან ერთად ოჯახური პასუხისმგებლობები აკისრიათ, რაც თავის მხრივ საზოგადოებაში ქალის როლს უფრო პრიორიტეტულს ხდის.

ნათია ქალებს ურჩევს, რომ წარმატების მისაღწევად და კარიერის განსავითარებლად არ დაივიწყონ ადამიანური თვისებები და სიყვარული საქმისადმი. წარუმატებელმა ნაბიჯმა უკან დახევის საშუალება არ უნდა მისცეს მათ, ამავდროულად , პრიორიტეტების განსაზღვრა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ამ გზაზე, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე დგება მომენტი, როდესაც კარიერა სხვა დანარჩენზე წინ უნდა დააყენონ, რადგან წარმატების მიღწევა გარკვეულ მსხვერპლს ქალისგან ნამდვილად მოითხოვს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათია ალფაიძე ნამვილად არის ის ადამიანი, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს საკუთარი თავის განვითარებაზე.

იგი გამსჭვალულია ლიდერი ქალის თვისებებით და სწორედ ამიტომ, ის იკავებს ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრის სტატუსს, ჩვენი ორგანიზაცია, მუდმივად ზრუნავს ქალბატონების განვითარებასა და წინსვლაზე.

CATEGORIES
Share This