ნომინაციაში “ნდობაზე აგებული წარმატება საკონდიტრო სფეროში 2023” წარდგენილია მადო ბარათაშვილი
გვინდა წარმოგიდგინოთ იმერეთის რეგიონში ყველაზე ცნობილი საკონდიტროს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მადო ბარათაშვილი. წარმოგიდგენთ მისს ნარატივს:
ჩემი კარიერული ისტორია საკმაოდ გრძელი და მრავალფეროვანია, უამრავი სირთულით აღსავსე. 20 წლის ასაკიდან მუდმივად მქონდა საკონდიტრო სფეროსთან მჭიდრო კავშირი, ოჯახურად ვამზადებდით სხვადასხვა სახის ტკბილეულს და გვყავდა ჩვენი ერთგული მომხმარებლები, პარალელურ რეჟიმში ვმუშაობდი ქუთაისის ერთ-ერთ რესტორანში დიზაინის მიმართულებით, თუმცა სრულიად მოულოდნელად სამსახური დავკარგე, რის შემდეგაც გამიჩნდა სურვილი, მთელი ჩემი რესურსი საკონდიტრო სფეროში ჩამედო, უფრო მეტად განვვითარებულიყავი და ჩემი საქმიანობა სხვა მასშტაბზე გადამეყვანა, გაჩნდა ბიზნეს იდეა, რომელიც შემდეგ ბიზნეს პარტნიორების დახმარებით წარმატებით განვახორციელეთ.
პიროვნულ ზრდას მუდმივად, ყველა მომენტში ვგრძნობ. ჩვენი გუნდი უამრავ დასაქმებულ ადამიანს მოიცავს, თითოეული მათგანის წინაშე მე, როგორც ხელმძღვანელი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობას ვგრძობ და ვცდილობ არასდროს დარჩეს ვინმე ჩემი მხარდაჭერის გარეშე. ჩვენი საკონდიტროს განვითარების გზაზე კი განმსაზღვრელ მომენტად პანდემიის დასაწყისს მოვიაზრებ. საწარმოსთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა მაშინდელ რეალობასთან ადაპტაცია, გავიარეთ ურთულესი ეტაპი, თუმცა ვფიქრობ, გამოწვევებს თავი კარგად გავართვით და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენი გუნდი კიდევ უფრო შეიკრა და გაძლიერდა.
ყოველდღიურ საქმიანობაში მოტივაციას და ენერგიას ჩემი შვილებისგან, ოჯახის წევრებისგან და, ყველაზე ხშირად, ჩემი მომხმარებლებისგან ვიღებ.
დღევანდელ რეალობაში ყოველდღიურად უამრავი გამოწვევა გვხვდება, ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია, რაც , რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან რთული, თუმცა ამავდროულად საინტერესო და სასიამოვნოა.
„რაფაელო“ არ არის საკონდიტრო, რომელიც მემკვიდრეობით მივიღე, ეს არის საქმე, რომელიც მე დავაარსე, განვავითარე და ბაზარზე დავამკვიდრე, გამოცდილება კი დროსთან ერთად დავაგროვე. ქალისთვის, დამეთანხმებით, მამაკაცებთან შედარებით, ქართულ რეალობაში უფრო რთულია წარმატების მიღწევა, რადგან კარიერული წინსვლის გარდა ჩვენ ცხოვრებაში ბევრი სხვა პასუხისმგებლობაცაა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა კი საკმაოდ რთული. სულ მალე კომპანია კიდევ უფრო შეიცვლის იმიჯს და აამაღლებს პროდუქციის ხარისხს და გაფართოვდება.ევროპული სტანდარტების სრული დაცვით შეძლებს საკონდიტრო ნაწარმის დამზადებას, რაც იმერეთის მასშტაბით უპრეცენდენტო შემთხვევა იქნება.
რამდენიმე თვის წინ მიგვიწვიეს ავსტრიის ყველაზე ცნობილ საკონდიტროში, სადაც ძალიან პროდუქტიული 1 კვირა გავატარეთ, უახლოეს მომავალში კი იტალიაში გამგზავრებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ასევე ვაპირებთ მოვაწყოთ საკონდიტრო სკოლა, სადაც როგორც დამწყები, ისე მოყვარული და პროფესიონალი კონდიტერებისთვის საინტერესო კურსები იქნება შეთავაზებული.
წარმატებისთვის მთავარია მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა და სწორი მენეჯმენტი. ბიზნესის წამოწყება საკმაოდ რთულია, მისი წინსვლა ძალიან ბევრ ფაქტორზე და კომპონენტზეა დამოკიდებული.ასევე დაწყებამდე აუცილებელია რისკების სწორი შეფასება და ყველაფრის აწონ-დაწონვა. თუმცა, ყველას ვურჩევ, იყოს შეუპოვარი და იბრძოლოს საკუთარი საქმის წარმატებისთვის, ამას ყოველთვის აქს შედეგი.
საქართველოში, განსაკუთრებით კი იმერეთში, საზოგადოება ძალიან განსხვავებულია, მისი ყოველი წევრი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ქუთაისში ყველა ბიზნესის წარმომადგენელი ერთმანეთს ვიცნობთ, პატივს ვცემთ და ვეხმარებით როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ ზრდაში, ეს ყველაფერი შემდეგ საქმეზეც პოზიტიურად აისახება.
მინდა აღვნიშნო, რომ მომხმარებლებმა თავიდანვე ნდობა გამოგვიცხადეს და კარგი სტარტი მოგვცეს, რაც ჩვენთვის სტიმული იყო. მათი დამოკიდებულება ჩვენი საკონდიტროს მიმართ მუდმივად პოზიტიური და აღფრთოვანებით სავსეა, რაც ჩვენი წარმატებისა და წინსვლის ნამდვილად განსაზღვრავს.