პროფესიის არჩევაზე არც მიფიქრია, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მოდის დიზაინერი ვიქნებოდი!

პროფესიის არჩევაზე არც მიფიქრია, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მოდის დიზაინერი ვიქნებოდი!

ქართველი დიზაინერი მატა ცერცვაძე საკუთარი ბრენდის “მატასისა”  და 2021 წლის მოდის კვირეულის შესახებ.

 

ჩემს  ბრენდს “მატასი” ამბასადორობას ვუწევ,  პარიზისა და მილანის მოდის კვირეულებს ყოველთვის “მატასის” ლუქებით    ვესწრები. ჩემთვის სასიხარულო და მოტივაციის ასამაღლებელია ისეთი შეფასებები, რომლებსაც ამ სფეროში მოღვაწე კომპეტენტური ადამიანებისგან ვიღებ, როგორებიც არიან  მოდის კრიტიკოსი სუზი მენკესი, მოდელი ფრეჯა ბეჰა და ნატაშა პოლი და ა.შ.  შთამბეჭდავია როდესაც სხვადასხვა ვარსკვლავებთან ერთად მეც ხშირად ვხვდები ჩემთვის საყვარელი სთრით-სთაილ ფოტოგრაფების ობიექტივში.  ჩემი “ლუქები” ყოველთვის იპყრობს ყურადღებას, ამიტომაც არაერთხელ მოვხვდი ისეთი გამომცემლობის გვერდებზე, როგორიცაა Vogue, Harper’s Bazaar, Elle და ა.შ.

  მატა, მოგვიყევი შენი პირველი ნაბიჯების შესახებ მოდი ს ინდუსტრიაში და როგორ აღმოაჩინე რომ ეს იყო შენი მოწოდება?

–   პროფესიის არჩევაზე არც მიფიქრია, ბავშვობიდან ვიცოდი , რომ მოდის დიზაინერი ვიქნებოდი. შესაბამისად ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში და უკვე მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდშივე  შევქმენი ბრენდი ჩემი სახელით “მატასი”. სწავლის პარალელურად იყო ჩვენებები, პროექტები და კონკურსები, –“Matassi”-ის ჩვენებები მქონდა Mercedes-Benz Tbilisi Fashion Week-ის ფარგლებში. ასევე ვიყავი მოდის დიზაინის “Be-Next” კონკურსის მონაწილე სადაც მოვიპოვე IED- (Istituto Europeo Di Design) აკადემიაში სასწავლო დაფინანსება და გავიარე მოდის მარკეტინგის კურსი.

შენთვის როგორც დიზაინერისათვის რა არის სამოსში უმთავრესი და რას უნდა უსვამდეს ჩაცმის სტილი ხაზს?

– სამოსი ადამიანის ინდივიდუალორუბის გამომხატველია და ერთგვარი კომუნიკაციის წყაროცაა. პირველ შთაბეჭდილებას ადამიანის გაცნობისას ჩაცმულობა გვიქმნის. უმთავრესია ადამიანს ქონდეს ნაპოვნი თავისი სტილი და უკვე დამატებითი პლიუსია თუ ტენდენციებსაც ითვალისწინებს.

   არის თუ არა სამოსი თვითგამოხატვის საშუელება და თავად შენ საიდან იღებ ინსპირაციას მის შესაქმენელად?

– რა თქმა უნდა, ჩაცმის სტილი ნამდვიალად არის თვითგამოხატვის საშუალება, ყველას შეგვიმჩნევია რომ სამოსს ხასიათის მიხდევით ვირჩევთ, განსაკუთრებით კი ქალბატონები, ხშირად გვგონია რომ ჩასაცმელი არ გვაქვს- რადგან განწყობას ვერ ვარგებთ. ამიტომაც არის ამდენად განსხვავებული და მრავალფეროვანი მოდის  მიმდინარეობები.. რაც შეეხება ინსპირაციას- მიყვარს მოგზაურობა, სხვადასხვა კულტურის გაცნობა, ახალი ადგილების აღმოჩენა და საინტერესო ადამიანების გაცნობა, ამ ყველაფრისგან მიღებული ემოცია ხდება ინსპირაციის წყარო. მიყვარს სამოსის შექმნის თითოეული პროცესი: ესკიზის გაკეთებიდან მისი საბოლოო სახის მიღებამდე და რაც მთავარია, მაქვს შესაძლებლობა ადამიანების გაბედნიერების ლამაზი სამოსით, ეს არის მთავარი ინსპირაცია!

დაგვიხასიათე შენი ბრენდი, რა არის „მატასის“  სავიზიტო ბარათი და როგორი ქალბატონებისთვის არის ის შექმნილი ?

“მატასი” გამოირჩევა ფერადოვნებით, კოლექციებში ხშირად ვიყენებ ერთმანეთისგან განსხვავებულ ფაქტურებს, ბრენდისთვის დამახასიათებელია დეკონსტრუქციული ფორმები და ასიმეტრიული ხაზები. ბრენდი “მატასი” განსაკუთრებით მოეწონებათ ინდივიდუალური სტილის, თავისუფლების მოყვარე ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ გამორჩეულად ჩაცმა არ ახასიათებთ, არამედ შინაგანადაც არიან გამბედავები და უყვართ სიახლეები.

 ასევე ვიცი, რომ ფოტოგრაფიას, როგორც მეორე პროფესიასას წარამატებით ითავსებ, განაპირობა თუ არა ეს შენი მოდისადმი სიყვარულმა და გაგვიზიარე შენი როგორც მოდის ფოტოგრაფის გამოცდილება.

– წლების წინ გამიტაცა ფოტოგრაფიამ , რამდენიმე ფოტოკონკურსში გამარჯვების შემდეგ უფრო სერიოზულად დავინტერესდი. განსაკუთრებით ახლოსაა ჩემთან მოდის ფოტოგრაფია, კოლექციის შექმნისას ყოველთვის ვფიქრობ თუ როგორი ტიპის გადაღება მოუხდება კონკრეტულ სამოსს, შემდეგ ვარჩევ ლოკაციასა და მოდელებს. სხვადასხვა პროფესიონალ ფოტოგრაფებთან თანამშრომლობის გარდა თავადაც ხშირად ვიღებ ჩემი ბრენდის კოლექციებს. მოდის კვირეულების განმავლობაში ჩემთვის საინტერესოა ბექსთეიჯის გადაღებები, ჩვენებამდე ეცნობი დიზაინერსის კოლექციას და უშუალოდ აფიქსირებ მოდელებისა და დიზაინერების ემოციებს, მზადების პროცესს და საინტერესო დეტალებს.

შენს ობიექტივში ხშირად ხვდებიან  „სთრით სთაილის“ წარმომადგენლები, არის თუ არა ეს შენი საყვარელი მიმდინარეობა ფოტოგრაფიაში?

– მოდის სიყვარულმა, მილანისა და პარიზის მოდის კვირეულების მასშტაბურობამა და დინამიკურობამ, საინტერესო ინდივიდუალური სტილის პერსონების აღმოჩენამ შემაყვარა “სთრით სთაილის “ გადაღება. ჩვენებამდე გამორჩეულად ჩაცმული მსახიობების, მუსიკოსების, მოდელების, ბლოგერებისა თუ  ინფლუენსერების გადაღება რეალური ცხოვრების  რითმში, საინტერესო ლოკაციების ფონზე, სხვადასხვა სტილის და ემოციების ადამიანების კადრში აღბეჭდვა და კარგი წამის დაჭერა ჩემთვის სასიამოვნო პროცესია და ერთგვარი ინსპირაციის წყაროც არის.

როგორ ფიქრობ რა როლს თამაშობს „სთრით სთაილი“ მოდის ახალი ტენდენციების დამკვიდრებაში?

“სთრით სთაილი” ერთგვარი პლატფორმაა ტენდენციების დასამკვიდრებლად. ქუჩის სტილის გადაღებისას ქუჩები პოდიუმადაა ქცეული და ადრე თუ მხოლოდ დიზაინერის კოლექციის ნახვით ვეცნობოდით ახალ ტენდენციებს, ეხლა “სთრით-სთაილ” ფოტოებითაც ვიგებთ როგორი ტენდენციებია, რა არის მოდაში და როგორ შეგვიძლია ავაწყოთ საინტერესო ლუქები.

მოგვიყევი ამ წლის მილანი/პარიზის მოდის კვირეულის შესახებ. რამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება შენზე და რა  გახდა ინსპირაციის წყარო?

–   პანდემიის გათვალისწინებით წინა  სეზონების ჩვენებები ძირითადად ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, შემოდგომის სეზონზე ჩატარებული კვირეულების მასშტაბურობის გათვალისწინებით ყველა ერთხმად აღიარებდა რომ მოდის კვირეულები ძველ რითმს დაუბრუნდა. კვლავინდებურად გაიმართა ჩვენებები, პრეზენტაციები, წვეულებები ფიზიკური დასწრებით და თან უამრავი სტუმარით! განსაკუთრებული რაოდენობის ადამიანი ესწრებოდა ბალმაინისა და მონკლერის ბრენდის შოუებს. რიკ ოუენსის ჩვენებამდე პირადად გავიცანი ბრენდის დიზაინერი, რომელმაც  საოცარი ჩვენება გამართა “პალე დე ტოკიოში”, დიორის ჩვენების დამთავრების შემდეგ პოდიუმმა ფაქტიურად “ტულერის” ბაღში გადმოინაცვლა და შთამბეჭდავი იყო იმ ულამაზეს გარემოში სთირით-სთაილის გადაღება. ასევე შევხვდი გაბრიელ კოლანჯელოს, რომელმაც დახურული პრეზენტაციით წარადგინა ახალი კოლექცია მილანში. მქონდა ბედნიერება და თავადვე გამაცნო ბრენდის საინტერესო ფერთა გამითა და ჭრილებით შექმნილი ახალი კოლექცია .

რას ურჩევდი დამწყებ ქართველ დიზაინერებს, რომლებიც ახლა იმკვიდრებენ თავს მოდის ინდუსტრიაში?

– ეს საქმიანობა და სფერო მოითხოვს მუდმივ მუშაობას. ნუ შეეშინდებათ კრიტიკის და შეცდომების დაშვების, მთავარია ინტენსიურად იმუშაონ კოლექციებზე, საკუთარი თავის მუდმივად გაზრდაზე. სწავლის გარდა საქმიანობის დასაწყისშივე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილებაც, რაც უმთავრესია დიზაინერისათვის.

   

გვესაუბრე 2022 წლის მოდის ტენდენციებზე.

– კვლავინდებურად აქტუალურია მამაკაცური პიჯაკები, ტენდენციურია მინი ქვედაბოლოები და ე.წ შლაქსის ტიპის შარბლები. პასტელური ტონალობების მთლიანი ე.წ თოთალ-ლუქები, ასევე სხვადასხვა პრინტის ერთდროულად გამოყენება. დიზაინერები გვთავაზობენ ტენდეციების მრავალფეროვნებას, რაც თავისუფლად გვაძლევს საშუალებას მოვიხდინოთ ის, რაც ჩვენს ხასიათს-ტიპაჟს და გარეგნობას უკეთ წარმოაჩენს.

CATEGORIES
Share This