როდის აღსდგება კოვიდინფიცირბის დროს დაკარგული ყნოსვა და გემო – რჩევები და რეკომენდაციები მის აღსადგენად
კოვიდინფიცირებულები ხშირად სუნის შეგრძნებას კარგავენ. როდის არის შესაძლებელი ყნოსვის უნარის აღდგენა და როგორ?
ფოტო: shutterstock.com
ბევრ კოვიდინფიცირებულს ყნოსვის პრობლემა აქვს. ზოგი სუნის შეგრძნებას საერთოდ კარგავს (ამ მდგომარეობას ანოსმია ეწოდება), სხვა კი მათ არასრულყოფილად აღიქვამს (ჰიპოსმია), ვიღაცისთვის კი ის დამახინჯებულია, რის შედეგადაც ნებისმიერ საკვებს შეუძლია გულისრევის შეგრძნება გამოიწვიოს (პაროსმია). ზოგჯერ ეს არის ახალი კორონავირუსის ერთადერთი სიმპტომი, ხანდახან – პირველი, ზოგჯერ კი ყველა დანარჩენის შემდეგ ვლინდება. რა არის ცნობილი ამ სიმპტომის მიზეზისა და მისი პროგნოზის შესახებ?
ყნოსვასთან დაკავშირებული პრობლემა ხშირად წარმოიქმნება?
ეს დანამდვილებით ცნობილი არ არის. თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემების ერთ-ერთ უახლეს ანალიზში ნათქვამია, რომ აღნიშნული სიმპტომი ევროპაში ინფიცირებულთა საშუალოდ ნახევარს მაინც აქვს, აზიის ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი 17%-ია.
საერთოდ რატომ ვლინდება ეს სიმპტომი?
ამის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს:
1. სუნზე პასუხისმგებელი მოლეკულების კონტაქტი რეცეპტორებთან, რომლებიც მათ აღიქვამენ, შეიძლება ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების ან ცხვირიდან გამონადენის გამო დაიბლოკოს. ეს არის ვირუსული ინფექციებისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი მოვლენა, რაც სურდოს იწვევს. ამ თეორიის პრობლემა ის არის, რომ ანოსმია და ჰიპოსმია უვითარდებათ იმ პაციენტებსაც, რომლებსაც სუდრო არ აქვთ.
2. ნერვული უჯრედები, რომლებიც სუნის შესახებ ინფორმაციის გადაცემაზე არიან პასუხისმგებელი იღუპებიან და ეს ტვინს არ მიეწოდება. ამ თეორიის მართებულობაში ეჭვს იწვევს ის, რომ პაციენტების უმეტესობას ყნოსვის შეგრძნება იმაზე უფრო სწრაფად უბრუნდება, ვიდრე ნერვული უჯრედები აღდგება. გარდა ამისა, ახალ კორონავირუსს არ შეუძლია ნერვულ უჯრედებში მოხვედრა, რადგან მათ არ აქვთ ის სპეციფიკური „კარიბჭეები“ (რეცეპტორები), რომლითაც, როგორც წესი, უჯრედებში აღწევენ.
3. ვირუსი უფრო ღრმად აღწევს, ის უკვე თავის ტვინის იმ ნაწილშია, რომელიც სუნის აღქმაზეა პასუხისმგებელი. ამის შედეგად ტვინის ფუნქციონირების პრინციპი ირღვევა და ადამიანი სუნს ვეღარ გრძნობს. თუმცა პრობლემა ისევ ის არის, რომ ასეთი დაზიანება პაციენტების უმრავლესობას სწრაფად გამოჯანმრთელების საშუალებას არ მისცემდა.
4. დაზიანებულია უჯრედები, რომლებიც სუნის აღქმის მიმართულებით საყრდენ ფუნქციას ასრულებენ. ისინი ეხმარებიან იმ ნერვულ უჯრედებს, რომლებიც სუნის შეგრძნების პირველ ეტაპზე მონაწილეობენ. ამ დაზიანების შედეგად ნერვული უჯრედები დროებით მწყობრიდან გამოდიან. აღნიშნული თეორიის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ დამხმარე უჯრედებს ახალი კორონავირუსისთვის საჭირო რეცეპტორები აქვთ. თეორიულად მათი საშუალებით ვირუსს შეუძლია შეაღწიოს თავის ტვინის იმ უბნებში, რომლებიც სუნის აღქმაზე არიან პასუხისმგებელი, რაც ზიანს უფრო მასშტაბურს ხდის.
როდესაც ნერვული უჯრედები აღდგენას ცდილობენ და ჯერ ისე ვერ მუშაობენ როგორც საჭიროა, შეიძლება წარმოიქმნას ფაროსმია ანუ სუნის დამახინჯება, რაც გულისრევის შეგრძნებას იწვევს. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მისი მიზეზების შესწავლას მეცნიერები გაცილებით ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.
ყნოსვის დაქვეითება დიდხანს გრძელდება?
საშუალოდ, ყნოსვის უნარი რვა-ცხრა დღის შემდეგ აღდგება. თუმცა გაურკვეველი მიზეზით ზოგს არ უმართლებს. ამ ადამიანებს სუნის ნორმალური აღქმა ყველა სხვა სიმპტომის გაქრობის შემდეგაც კი არ უბრუნდება. სამწუხაროდ, მართლაც ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, საბოლოოდ უბრუნდება თუ არა ყველას ყნოსვის უნარი. იტალიაში ჩატარდა მცირე კვლევა, რომელშიც 138 ადამიანი მონაწილეობდა. პაციენტებს 60 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ (რაც, როგორც ჩანს, ყნოსვის დაკარგვის რეკორდული მაჩვენებელია). უმრავლესობის შემთხვევაში ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა 15%-ს მცირე გადახრა დაუფიქსირდა, 6%-ს კი მდგომარეობა გაუუარესდა: ისინი სუნს ნაწილობრივ ან სავსებით ვერ გრძნოდნენ.
ეს იკურნება?
Ჩვენ ეს არ ვიცით. ადამიანებს, რომლებიც სუნის შეგრძნებას სხვა მიზეზების გამო კარგავენ, ურჩევენ დაელოდონ, კვების რეჟიმი დააბალანსონ და შეძლებისდაგვარად ივარჯიშონ. მთელ რიგ კვლევაში შემდეგმა მეთოდმა თავისი ეფექტიანობა აჩვენა: ადამიანები ყოველ დღე ყნოსავდნენ ისეთ რაღაცას, რასაც საკმაოდ მძაფრი სუნი ჰქონდა (მათ რიგრიგობით სხვადასხვა სუნის შეგრძნების შესაძლებლობას აძლევდნენ). ამის შედეგად მათი მდგომარეობა უმჯობესდებოდა. რამდენადაც აღნიშნულ მეთოდს გარკვეული შედეგი ჰქონდა და სავარაუდოდ, საშიშიც არ არის, ამა თუ იმ ინფექციის შემდეგ სპეციალისტები მას რეკომენდაციას უწევენ.
შეიძლება ამ მეთოდის დეტალებში გავერკვე?
რა თქმა უნდა. თუ თქვენ გაინტერესებთ მსგავსი ვარჯიშების ჩატარების დეტალები, შეგიძლიათ აქ გაეცნოთ. ჩვენ კი შემოკლებულ ვერსიას შემოგთავაზებთ:
1. აიღეთ ოთხი დალუქული კონტეინერი, რომლებიც მძაფრი სუნის მქონე სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს. ზემოთ ხსენებული კვლევის მსგავსად, როგორც წესი, მსგავს სიტუაციაში ლიმონის, ევკალიპტის, ვარდისა და მიხაკის სუნი გამოიყენება.
2. კონტეინერები რიგრიგობით გახსენით, დაყნოსეთ და ხუთბალიანი სისტემის მიხედვით შეაფასეთ, რომელი სუნი რა დონეზე იგრძენით. მიღებული შედეგი თარიღის მიხედვით ჩაინიშნეთ. ახლა თქვენ იცით, საიდან იწყებთ. ჩანიშვნები შეგიძლიათ პერიოდულად გააგრძელოთ, რადგან ამ გზით პროგრესის შემჩნევა შეგიძლიათ.
3. კონტეინერების შიგთავსი დღეში ორჯერ, 20 წამის განმავლობაში ჩაისუნთქეთ. თითოეულ მათგანს შორის კი მცირე ინტერვალი დაიცავით. ფრთხილად დაყნოსეთ, წარმოიდგინეთ საგანი, რომელსაც შესაბამისი სუნი აქვს. უმჯობესია, კონტეინერები სადმე გამოსაჩენ ადგილზე დადოთ, რათა ვარჯიშების გაკეთება არ დაგავიწყდეთ.
სუნებზე უსიამოვნო შეგრძნებები მეწყება. რა ვქნა?
რაც შეეხება ფაროსმიას, პირველ რიგში, რეკომენდებულია, მისი გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა (მაგალითად, ცხვირის შეშუპება ან პირის ღრუს პათოლოგიური სიმშრალე). თუმცა ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია: სპეციფიკური მკურნალობა დღემდე არ არსებობს, ფაროსმია კი შეიძლება მას შემდეგაც წარმოიქმნას, რაც ვირუსი ორგანიზმს დატოვებს.