საგაზაფხულო კამპანია – “ჩემი გზა & ჩემი სიძლიერე”

საგაზაფხულო კამპანია – “ჩემი გზა & ჩემი სიძლიერე”

ლიდერ ქალთა საზოგადოება წარმოგიდგენთ საგაზაფხულო კამპანიის მესამე ნაწილს, სახელწოდებით – “ჩემი გზა & ჩემი სიძლიერე”. გთავაზობთ ახალ, უნიკალურ გამოცდილებას, რომელშიც ყველა ქალბატონის ჩართულობა ფასდაუდებელია და რომელიც მიზნად ისახავს წარმოაჩინოს ქალების მრავალფეროვანი გამოცდილებები, მიღწევები, გამოწვევები და ძალა.

კამპანია “ჩემი გზა & ჩემი სიძლიერე” ქმნის პლატფორმას, რომელიც აჩვენებს, რომ წარმატება არ არის ერთგვაროვანი, არამედ ინდივიდუალური გზაა, რომელიც სხვადასხვა გამოცდილებას, ემოციას, გამოწვევასა და გამარჯვებას აერთიანებს. კამპანიის თითოეული მონაწილე ქალბატონი გაგვიზიარებს საკუთარ კარიერულ გზას და იმას, თუ რაში მდგომარეობს მისი სიძლიერე. პირადი ისტორიები კი შთააგონებს სხვა ქალებს და წარმოაჩენს მრავალფეროვან გზებს წარმატებისკენ.

გასულ კვირას უკვე განვათავსეთ კამპანიის ორი ნაწილი, ახლა კი დროა ჩვენს ერთგულ მკითხველს მეორე ნაწილი შევთავაზოთ, სადაც კიდევ უფრო მეტი შთამაგონებელი ისტორია და გამოცდილება გელოდებათ.

 

სფერო ჰოლდინგის იურისტი და მედიაწიგნიერების ტრენერი სოფო პეტრიაშვილი

ქალების გაძლიერების მოწინავე ხაზზე პროფესიით იურისტი და არასამთავრობო ორგანიზაციების დამფუძნებელი სოფო პეტრიაშვილი გამორჩეული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება კრიზისი შესაძლებლობად აქციო. კოვიდ პანდემიის პერიოდში, როდესაც საჯარო შეხვედრები და გადაადგილებაც კი შეზღუდული იყო, მან მედიაწიგნიერების მიმართულებით გადამზადების კურსი გაიარა და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელა. პეტრიაშვილმა სხვადასხვა სოციალური პლატფორმების გამოყენებით საქართველოს მასშტაბით 600-ზე მეტი ქალი დისტანციურად დაატრენინგა, განსაკუთრებული ყურადღება კი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ქალბატონებს დაუთმო, რომელთა პროფესიულ განვითარებასაც ხელი შეუწყო.

25 წლის ასაკიდან სოფო პეტრიაშვილი აქტიურად მუშაობს დამწყები იურისტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობისთვის, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის გაზიარებით. პანდემიის პერიოდში, მან მოახერხა საქართველოს მაღალმთიან სკოლებში ადგილზე გაცნობითი შეხვედრების ჩატარება აბიტურიენტებისთვის, რითაც მათ პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარა. ახლახანს პეტრიაშვილმა შექმნა გადაცემა “სამართლის პრინციპები სოფო პეტრიაშვილთან ერთად”, რომლის საშუალებითაც იგი გეგმავს საინტერესო და შთამაგონებელი ისტორიების გაზიარებას ფართო აუდიტორიისთვის. “ბარიერები მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში არსებობს მანამ, სანამ მათ არსებობის საშუალებას ვაძლევთ”, – ეს პრინციპი მისი საქმიანობის ქვაკუთხედად იქცა.

შინაგანი შუქი სიბნელეში: თაკო ფუტკარაძის გარდასახვის ისტორია

თაკო ფუტკარაძე, პროფესიით ფინანსისტ-ეკონომისტი, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საფინანსო სექტორში. 2023 წელს მან გადაწყვიტა დროებით შეეჩერებინა კარიერა და გერმანიაში წასულიყო, სადაც მიზნად ისახავდა მთაში ისტორიული სახლის აღდგენას, რომელმაც თაობები აღზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდა დაგეგმილი, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც მისი ძმა დააპატიმრეს. ამ მოვლენამ პარალიზება მოახდინა მთელ ოჯახზე და თაკოს ყველა გეგმა, როგორც პირადული, ისე კარიერული, ერთ წამში დაინგრა. მისი ძმის დაპატიმრებამ და მის ირგვლივ განვითარებულმა უსამართლობამ ერთდროულად დაუნგრია ძველი ყოფა, პროფესიული რუტინა და მთელი მანამდე არსებული რეალობა. სწორედ ამ მტკივნეულ მომენტში დარჩა ის მარტო და პირველად დაუსვა საკუთარ თავს კითხვა, თუ რა დარჩა მის შიგნით, როცა გარეთ ყველაფერი დაინგრა. თაკო ამბობს, რომ ცხოვრება დაიწყო არა ნულიდან, არამედ მინუსებიდან. თავდაპირველად ეს იყო მხოლოდ ბრძოლა გადარჩენისთვის, დღეს კი ეს გზა მისთვის გარდასახვის პროცესია.

ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელმაც განსაზღვრა მისი გზა, იყო ის, რომ არ გაექცა ტკივილს, არ დამალვოდა უსამართლობას და სისტემურ სიმძიმეს. მან აიღო პასუხისმგებლობა იმ გზაზე, რომელიც მისთვის არ იყო არჩეული, მაგრამ მაინც მისი გახდა. მიუხედავად მძიმე ფინანსური სირთულეებისა, დაღლილობისა და იმედგაცრუებისა, მან არასოდეს დაუშვა, რომ ეს მისთვის ბოლო წერტილი გამხდარიყო. დღეს თაკო ჯერ კიდევ პროცესშია, მაგრამ სწამს, რომ ყველაფერი გადაილახება სიკეთით და რწმენით. მან აღმოაჩინა, რომ “გარედან არ ქრები, თუ შიგნიდან ანათებ” და რომ “რაც არ უნდა დიდი იყოს ირგვლივ სიბნელე, რაც არ უნდა საფრთხე შეგიქმნას ამ შუქმა, შენი შუქი მაინც იპოვის გასაძრომს”. თაკო მუშაობს იმაზე, რაც მისი შინაგანი გამოძახილია და იმედოვნებს, რომ როდესაც დრო მოვა, მისი ხმა აღარ ისაუბრებს, არამედ მისი გამოცდილება დაწერს იმ სიტყვებს, რომლებიც ბევრ ქალს გაახსენებს: “შენ შეგიძლია. შენ უკვე გადარჩი”.

 

ციცი ბეროზაშვილი – საზოგადო მოღვაწე და განათლების ქომაგი

ციცი ბეროზაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის აქტიური წევრი, გამორჩეული ფიგურაა ქართულ საზოგადოებაში. თავისი კარიერა მან სკოლაში დაიწყო, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის ნოვატორ პედაგოგად მოღვაწეობდა. მისი ინოვაციური მიდგომებით გამორჩეული გაკვეთილები მოსწავლეებს ლიტერატურული პერსონაჟების სამყაროში ამოგზაურებდა და პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის იდეებს უნერგავდა. მოგვიანებით იგი კერძო უნივერსიტეტ “საქართველოში”, შემდეგ კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უახლესი ქართული ლიტერატურის კათედრაზე კითხულობდა ლექციებს, სადაც მრავალი თაობა აღზარდა პროფესიონალიზმით, სიყვარულითა და მზრუნველობით.

პროფესიული კარიერის დროებითი შეჩერების შემდეგ, ციცი ბეროზაშვილმა თავისი ენერგია და გამოცდილება საზოგადოებრივ საქმიანობას მიუძღვნა. 2022 წლიდან “ლიდერ ქალთა საზოგადოების” წევრია, ასევე მოღვაწეობს “მსოფლიო ებრაელ-ქართველ ქალთა ორგანიზაციაში” და არის საერთაშორისო ორგანიზაცია “სახალხო დიპლომატიის” თანადამფუძნებელი. მისი უახლესი წამოწყებაა საერთაშორისო ორგანიზაცია “დიპლომატთა ერთობა”, რომელიც ნინო ანდრო ნიკაშვილთან ერთად დააფუძნა 2024 წელს. ამ ორგანიზაციის ფარგლებში განხორციელებული პროექტი “თბილისი ყველას აერთიანებს” მიზნად ისახავს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამორჩეული პიროვნებების დაფასებას და ქართული კულტურის პოპულარიზაციას დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ქალბატონი ციცი თავის საზოგადოებრივ მოღვაწეობაში იმავე პრინციპებით ხელმძღვანელობს, რაც მის პედაგოგიურ კარიერას ასაზრდოებდა – ეს არის სიყვარული, მზრუნველობა და ღირსეული ადამიანების დაფასება.

 

ცისანა სულაძე: განათლებიდან მუნიციპალურ სამსახურამდე – 40 წელი თბილისის სამსახურში 

ცისანა სულაძე, 67 წლის უმაღლესი განათლების მქონე ფილოლოგი, ორი შვილისა და ექვსი შვილიშვილის ბებია, თბილისში დაბადებული 1957 წელს, წარმოადგენს იმ გენერაციის წარმომადგენელს, რომელმაც ცხოვრება შრომით სიყვარულითა და სახელმწიფოს ერთგულებით გაიარა. მისი შრომითი ბიოგრაფიის 50 წლიდან 40 წელი უწყვეტად მუშაობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა პოზიციაზე და დღესაც აგრძელებს საქმიანობას ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში უფროს სპეციალისტად. მისი პროფესიული გზა არ ყოფილა ადვილი – სახელმწიფო ფორმაციისა და ხელისუფლების ცვლილებებთან ერთად არაერთხელ დადგა სამსახურის დაკარგვის საშიშროების წინაშე, გაიარა ბევრი კონკურსი და გამოცდა, მაგრამ თავისი უნარებითა და მონდომებით ყოველთვის შეძლო თავის ადგილზე დარჩენა და საქმიანობის გაგრძელება.

ცისანა სულაძე მიიჩნევს, რომ ადამიანმა ყოველთვის უნდა ეძებოს საკუთარი თავი, ამ პროცესმა შეიძლება წლები გაგრძელდეს, მაგრამ აუცილებლად დადგება დრო, როცა მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მთელ მის ცხოვრებას განსაზღვრავს. ასე მოხდა მის შემთხვევაშიც, როცა სხვადასხვა სამსახურებში საქმიანობის შემდეგ გადაწყვიტა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გაეგრძელებინა მუშაობა. იგი აქტიურად მონაწილეობდა ტრენინგებში და სემინარებში, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ტრენინგი, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი სასწავლო სემინარი, ასევე სემინარი GTZ-ის პროექტის ფარგლებში “კავკასიის ქალაქთა ქსელისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობის სემინარი” და სხვა. მისი შრომა დაფასებულია და ქალაქის მერის, ბატონი კახა კალაძის მიერ დაჯილდოებულია სიგელით “მადლობა თბილისის ერთგულებისათვის” და ასევე დაჯილდოებულია საქართველოს ქალთა საბჭოს სიგელით “საზოგადოებისა და ქალთა საბჭოსადმი გამოჩენილი გულისხმიერებისა და თანადგომისათვის”.

CATEGORIES
Share This