“სამშობლო ჩემო, პოეტი შენ ხარ, მე – შენი ენით მოლაპარაკე”
„გულწრფელობა ჩემი ცხოვრების წესია და არანაირ სიძნელეს არ
მიქმნის“ _ ეს სიტყვები თანამედროვე ქართველ პოეტ ტარიელ ხარხელაურს
ეკუთვნის. მის შემოქმედებაში უამრავი საინტერესო ლექსია, არ შეიძლება
წაიკითხო და გულგრილი დარჩე.
ტარიელ ხარხელაური:
მინდა, მადლობა გითხრათ იმის გამო, რომ ჩემით, როგორც პოეტით
დაინტერესდით _ „თუმცა ეს სიტყვა გარკვეულწილად უხერხულ
მდგომარეობაში მაყენებს, რადგან ვთვლიდი და ახლაც მიმაჩნია, რომ ასეთი
ღირსებისათვის მზად არა ვარ“.
წარსული:
პაპაჩემს არ უნდოდა „ლექსები მეჯღაბნა“, გუთნისდედობისთვის
მწვრთნიდა. თვითონ იყო გუთნისდედა და ცხოვრებისათვის უფრო
გამოსადეგად ამას მიიჩნევდა, ბრძენკაცი იყო და, ალბათ, უფრო შორს
სჭვრეტდა და გრძნობდა გლეხის ალღოთი იმ პასუხისმგებლობას, რაც
პოეზიით მცხოვრებ კაცს წუთისოფლის წინაშე ავალდებულებდა.
ჩვენს ბავშვობას შორის არის რაღაც მსგავსება, მხოლოდ დროშია
განსხვავება და მასშტაბებში. ორივე ომის შემდგომი თაობა ვართ, თაობა,
რომელსაც ბევრი რამის გადატანა მოუხდა მეტ-ნაკლები სირთულეებით.
მხოლოდ ბრძოლა და სიძნელეებთან ჭიდილი აყალიბებს ხასიათს.
თუ ისევ ის გზა უნდა გამოვიაროთ, რა თქმა უნდა, ამ უთქმელი
ტკივილისთვის, რომელსაც ვზიდავ, ძალიან ცოდო ვარ.
მიხარია და მსიამოვნებს, ვესაუბრო თაობას, რომელსაც ხშირად, ან
როგორც მე მეჩვენება, უსამართლოდ, უწიგნურობაში სდებენ ბრალს და
პოეზიისადმი გულგრილობას უკიჟინებენ.
პოეზია:
არ მიმაჩნია სამართლიანად ქართული პოეზიიდან ერთი სახელის
გამოყოფა. ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა, შენ მიერ ყურწადებული პოეტის ერთ
სტრიქონს ისეთი გავლენა მოუხდენია ჩემზე, ვიდრე შენ მიერ დასახელებული
მწერლების მთლიან შემოქმედებას.
ყველა პოეტი თავისთავადია, არიან გამონაკლისებიც.
როგორც პოეტი ბრძანებს:- „მე არ ვწერ ლექსებს – ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი ცხოვრება ამ ლექსს თან ახლავს, ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ
მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს“.
რაც შემეხება მე – „სამშობლო ჩემო პოეტი შენ ხარ, მე შენი ენით
მოლაპარაკე“!
ვისაც ერთი სტრიქონიც კი დაუწერია, ის ადვილად დამეთანხმება, რომ
ვერასოდეს გათვლი ლექსის მოსვლის დროს და იძულებული ხარ ყველა
საშუალება გამოიყენო, რაც ლექსის ფურცელზე დამკვიდრებისთვის
გამოგდგომია. მთვარის შუქზეც მიწერია, რადგან ეს სტრიქონს უფრო
მისტიკურს ხდის.
ლირიკული პერსონაჟის ხშირი ცვლა პოეზიას სახელებით ამდიდრებს და
არა სიყვარულით, გმირი ჩემი ლექსისა მუდმივად განახლებული,
შეუცნობელი და ამოუწურავია. მთავარია სიყვარული არ გაილიოს.
,,შენ ჩემო დიდო ტკივილო,
დილაო ავდრიანაო“…
მუდმივად წარსულში მაბრუნებს, იმ დროში, როცა ბედნიერი ვიყავი…
მახსენებს იმ მარადიულ, ფერშეცვლილ ტკივილებამდე დასულ მონატრებას
მეუღლისადმი, რომელიც დღემდე გრძელდება, რადგან ჩემთვის ახლაც
მარადიული, წმიდა და სასიამოვნო ტკივილია. ამ ტკივილით ვიცხოვრე,
ვცხოვრობ დღესაც და ამ ტკივილს ვესაუბრები ჩემს დარჩენილ
წუთისოფელშიც.
არ ვიცი, ვინ რამდენად ხედავს ავდრიან დილაში სილამაზეს, ჩემთვის კი
მეტისმეტად სუფთა და შეურყვნელი ხილვაა, ალბათ, ყველაზე წმიდა, რაც
ლირიკაში უნდა ჩანდეს.
რჩევა ახალ თაობას:
პრაგმატულობა არაა დღევანდელობის სენი, არამედ, საწუთისოფლო,
მუდმივად განახლებადი სატკივარია. როგორც არ უნდა ღიმილი მოგგვაროს
სიყვარულის ხსენებამ, ის იყო, არის და იქნება საწყისიცა და დასასრულიც
ნებისმიერი ცივილიზაციისა.
ნუ მიიღებთ მავანთა პრაგმატულობას ტრაგედიად. ტრაგედია
სიყვარულის უქონლობაა, თქვენ ჩემგან ჭკუის სწავლება არ გჭირდებათ, და
თუ მაინც რამედ ღირებული ან მისაღებია რჩევა, სიყვარულით იცხოვრეთ…
მანძილი შენამდე დიდია,
შენიდან ჩემამდე – არც ისე
ამინდი საგრძნობლად მშვიდია,
მანცვიფრებ…
ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები,
ქარია – მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იღიმი
საეჭვოდ,
ვარსკვლავნი აენთნენ,
რომ ვხედავ, შორი-შორს
საკმაოდ,
მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ –
ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც,
მუდმივად რაღაცა მაწამებს
და ჩემში მუდმივად ბინდია,
და მაინც მიზიდავს
წამწამებს
მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია.
შორს სადღაც ჰყვავიან ატმები,
ქარია – მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იცინი
საეჭვოდ.
ავტორი: ბარბარე შათირიშვილი