,,ქვეყანა კორონას გავრცელების უკონტროლო ფაზაშია“ – მაია ბუწაშვილი

,,ქვეყანა კორონას გავრცელების უკონტროლო ფაზაშია“ – მაია ბუწაშვილი

მაია ბუწაშვილი: ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი რომ არ მოხდეს, სწრაფად უნდა გადავიდეთ კოვიდინფიცირებულების ბინაზე მოვლის მოდელზე

მაია ბუწაშვილი

მაია ბუწაშვილი

ნაკლებად რეალისტურია, რომ ამ COVID-19-ის აფეთქების ლოკალიზება მოხდეს, თუმცა იმისი აუცილებლობა, რომ აღმავლობა გეომეტრიული პროგრესიით დაიწყოს, არ არის, – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სიტუაცია გაზაფხულიდან აგვისტომდე იყო მშვიდი და ინფექციის მრუდი იყო თანაბარი. „ახლა ეს მაინც თუ მოხერხდა, რომ ძალიან მკვეთრი აღმავლობა არ მივიღეთ, იქნება კარგი. კონტაქტების კვლევა, ლოკალიზება და ყველა შემთხვევის წყაროს გამოვლენა, ეს უკვე უტოპიაა. ვირუსის საზოგადოებაში გავრცელების ფაზაზე გადავედით“, – აღნიშნა ბუწაშვილმა.

ინფექციონისტის განცხადებით, რადგან ადამიანების ინფიცირების წყაროების დადგენა ვერ ხდება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ინფექციის გავრცელების უკონტროლო ფაზაშია. „იმისთვის, რომ არ მოხდეს ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი და ჰოსპიტლები არ გადაიჭედოს და დახმარებაზე არ ეთქვათ უარი, იმათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ ბინაზე მოვლის მოდელზე. ეს ნაბიჯები გადაიდგა და მთავარია ახლა პრაქტიკაში რაც შეიძლება სწრაფად დაინერგოს. ამის პროტოკოლი არსებობს და ბრძანებას ალბათ მალე გამოვა. ოჯახის ექიმებმა უნდა მართონ პაციენტები ბინაზე დისტანციურად.

მისი თქმით, მსოფლიო სტატისტიკა აჩვენებს, რომ გართულება და ჰოსპიტალიზაცია არის შემთხვევების 20%-ში. „ახლა ყველა, ვისაც კი კოვიდუნფექცია უდასტურდება, წვება საავადმყოფოში. ასეთი მიდგომით ჩვენ ამას ვერ გავუძლებთ. თუ მხოლოდ ინფიცირებულთა 20% დაწვება კლინიკებში, მაშინ რესურსი საკმარისია, – აღნიშნა ბუწაშვილმა.

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 22 პაციენტი კი გარდაცვლილი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

CATEGORIES
TAGS
Share This