
შრომა, სიყვარული და პროფესიონალიზმი – გვანცა კობალაძის გზა წარმატებისკენ
ნომინაციაში „საუკეთესო ორგანიზატორ-დიზაინერი 2023″ შიდა-ქართლის რეგიონში წარმოგიდგენთ G Wedding Company-ს დამფუძნებელს გვანცა კობალაძეს
🌟 გვანცა კობალაძე გახლავთ ქორწილების, ივენთებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზატორ-დიზაინერი, რომელმაც 2018 წელს დააარსა G Wedding Company. კომპანიის განმასხვავებელ ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს მათი გუნდის პროფესიონალიზმი, პოზიტიური ენერგია და უდიდესი პოპულარობა.
გვანცას კომპანიის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ საქმეში ოჯახის წევრები არიან ჩართულები და სწორედ ამ სიყვარულს გასცემენ, რომელიც მათ აერთიანებთ. თვითონ გვანცას თქმით: “G Wedding Company ჩემს პიროვნებასთან ასოცირდება, ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ჩემი კომპანია და შემოქმედება ჩემს სახელთან დამეკავშირებინა.” თუმცა კომპანიის სათავეები უფრო ღრმად იწყება – დაახლოებით 16 წლის განმავლობაში გვანცას მეუღლეს (თამაზ ტერუნაშვილს) და მის ოჯახს აქვთ მუსიკალური ბენდი, რომლის ცნობადობამ და წარმატებამ უბიძგა გვანცას, შეექმნა სრული საქორწილო მომსახურება. მიუხედავად იმისა, რომ დაარსებისთანავე პანდემიამ შეაფერხა კომპანიის განვითარება, 2022 წლიდან G Wedding Company უკვე აქტიურად მუშაობს და გამოირჩევა განსაკუთრებული, ორიგინალური დიზაინით.
💫 პატარა ასაკში ოჯახის შექმნისა და ორი შვილის გაჩენის მიუხედავად, გვანცა ყოველთვის ეძებდა საკუთარ თავს პროფესიულ სამყაროში. “ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, სულ სიახლის ძიებაში ვარ და მიყვარს სირთულეები. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ცხოვრებას მეტად საინტერესოს ხდის,” – ამბობს ის. თავდაპირველად მცირე ნაბიჯებით დაიწყო – პირველი დეკორატიული ციფრის შექმნით, რასაც მოჰყვა ჯერ ოჯახის წევრების, შემდეგ კი სხვების მოწონება და წახალისება. “ვცდილობდი ყოველთვის ყველასგან განსხვავებული და ორიგინალური დიზაინი მქონოდა ჩემი ხელწერით.
ჩემმა პროფესიამ სრულყოფილ, ჩამოყალიბებულ და დამოუკიდებელ ქალად მაქცია,” – აღნიშნავს გვანცა.
გზა არ ყოფილა ადვილი – უძილო ღამეები, დაღლა და მძიმე შრომა, მაგრამ მისი ცხოვრების აზრი სწორედ სხვების გაბედნიერებაშია. გვანცას რწმენით, “ყველა ქალი კარიერაზე ოცნებობს და ცდილობს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. მართალია, ბევრი შრომა და მოთმინებაა საჭირო, მაგრამ მერწმუნეთ, ბოლოს წარმატება გარანტირებული გექნებათ, შრომა ყოველთვის ფასდება!”