არაიან თუ არა ჰეპატიტებით დაავადებული ადამიანები კორონა ვირუსით ინფიცირების რისკ ჯგუფში

არაიან თუ არა ჰეპატიტებით დაავადებული ადამიანები კორონა ვირუსით ინფიცირების რისკ ჯგუფში

კლინიკა ჰეპას ინფექციონისტი ეკატერინა დოლმაზაშვილი რადიო ფორტუნასთან ,კოვიდ 19 “ ვირუსზე, მედიკამენტებზე , რომელსაც ,,კოვიდ 19“  ით ინფიცირებულებს მკურნალობენ ღვიძლით დაავადებულ პაციენტებთან  მიმრთებაში საუბრობს ,

წარმოადგენენ თუ არა Covid-19-ის შემთხვევაში ვირუსული ჰეპატიტები იმ დამატებით რისკ-ფაქტორს, რომლის შესახებაც ექიმები და ინფექციონისტები ხშირად საუბრობენ? ჩვენ ხშირად გვესმის, რომ კორონავირუსის მიმდინარეობა ძალიან ხშირად მძიმდება მაშინ, როდესაც ქრონიკული დაავადებებია სახეზე. მათ შორის ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა შესაძლო რისკ-ფაქტორი ვირუსული ჰეპატიტებიც.

ეკატერინა დოლმაზაშვილი:  ,,დავიწყებ იმით, რომ ზოგადად ახალი კორონავირუსული ინფექციისათვის დამახასიათებელია ღვიძლის ფუნქციური სინჯების მატება. მაგალითად არსებობს მონაცემები, რომლებიც გვიჩვენებს, რომ სტაციონარში ამ დიაგნოზით მოთავსებულ პაციენტებში, დაალოებით მათ 15-50%-ში დაფიქსირდა ღვიძლის ფუნქციური სინჯების მატება. რატომ ხდება ეს? ზოგადად ცნობილია, რომ ახალი კორონავირუსი უჯრედში შესაჭრელად იყენებს რეცეპტორს და ეს რეცეპტორი გვხვდება ღვიძლშიც. შესაბამისად შესაძლებელია, რომ ღვიძლი ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენდეს ამ ვირუსისათვის და ფუნქციური სინჯების დარღვევა ამ პაციენტებში იყოს ვირუსის მოქმედების შედეგი. თუმცა, ისიც შეიძლება რომ ეს იყოს ვირუსზე იმუნური სისტემის ძლიერი პასუხის შედეგი, ან იმ მედიკამენტების ჰეპატოტოქსიურობის შედეგი, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ Covid-19-ის წინააღმდეგ. ზოგადად ეს დარღვევები გარდამავალი, ზომიერი ხასიათისაა, არ საჭიროებს სპეციფიურ მკურნალობას და მძიმე, მწვავე ჰეპატიტის განვითარების შემთხვევები ძალიან იშვიათია, თუმცა ჩნდება კითხვა: თუკი ეს ისედაც დამახასიათებელია ახალი კორონავირუსისათვის, ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები ხომ არ იმყოფებიან რისკის ქვეშ? ამის შესახებ დღეს ზოგადად ძალიან მწირი ინფორმაციაა, მაგალითად, გვაქვს მხოლოდ ჩინეთში ჩატარებული ერთი კვლევა, რომლის თანახმადაც Covid-19-ის გამოსავალზე გავლენას არ ახდენდა ქრონიკული B ჰეპატიტი. ზოგადად როდესაც ვსაუბრობთ რისკებზე, ალბათ უნდა გამოვყოთ ორი სახის რისკი: ინფიცირების მაღალი რისკი და დაავადების მძიმე მიმდინარეობის განვითარების რისკი. დღეს არსებული ინფორმაციით არ დასტურდება, რომ ქრონიკული B და C ჰეპატიტებით, ასევე ღვიძლის სხვა ქრონიკული ჰეპატიტით დაავადებული ადამიანები იმყოფებიან კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი რისკის ქვეშ. საუბარია ქრონიკულ, მაგრამ სტაბილურ დაავადებებზე. რაც შეეხებათ პაციენტებს ღვიძლის მძიმე დაზიანებით, ღვიძლგადანერგილ პაციენტებს, ასევე ღვიძლის ისეთი ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, რომლებიც აღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ იღებენ იმუნოსუპრესანტებს, ისინი შესაძლოა იმყოფებოდნენ ინფიცირების გაზრდილი რისკის ქვეშ.

ეს რაც შეეხება ინფიცირების რისკს. რაც შეეხება დაავადების მძიმე მიმდინარეობის განვითარების რისკს, როგორც აღნიშნეთ, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, ასაკი და სხვადასხვა ქრონიკული დაავადება ერთად მოიაზრება რისკ-ჯგუფად და ამ ჩამონათვალში ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით მოიაზრება ღვიძლის ქრონიკული დაავადებებიც. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ვინ მოიაზრება ამ ჯგუფში, ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონე ყველა პაციენტი თუ ღვიძლის კონკრეტული დაზიანების სიმძიმის მქონე პაციენტები. დღეს უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ შემთხვევაშიც რისკ ჯგუფი იგივეა – ღვიძლგადანერგილი პაციენტები, პაციენტები ღვიძლის ციროზით და ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ისეთი ქრონიკული დაავადებები, რომელთა სამართავადაც გამოიყენება იმუნოსუპრესანტები -იმუნიტეტის დასათრგუნი მედიკამენტები. ეს პაციენტები შესაძლოა იმყოფებოდნენ კორონავირუსის მიმდინარეობის დამძიმების გაზრდილი რისკის ქვეშ. თუმცა ეს გაზრდილი რისკი რასაკვირველია არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები აუცილებლად ინფიცირდებიან ან ინფიცირების შემთხვევაში დაავადება მძიმედ განვითარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ის რეკომენდაციები, რაც ყველასთვის არის გაცემული, კიდევ უფრო მკაცრად და გულმოდგინედ უნდა შეასრულონ.

CATEGORIES
TAGS
Share This