ლელა ქართველი ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულით დაჯილდოვდება
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წელს უკვე მეშვიდედ გაიმართება და ტრადიციულად იგი სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ჩვენი ქვეყნის 50 ადამიანს ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულს მიანიჭებს, რომელთა შორის ქართველი ემიგრანტები არიან.
შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში პერსონას ტიტული მიღებული აქვთ ნანი ბრეგვაძეს, მარიკა კვალიაშვილს, თამარ სხირტლაძეს, გიული ჩოხელს, ლეილა აბაშიძეს, თემურ წიკლაურს, თამარ ივერს, ფატი ფულარიანს, მერაბ სეფაშვილს, ირმა სოხაძეს, მანანა თოდაძეს, გიორგი უშიკიშვილსა და სხვებს.
პროექტის ხმის მიმცემა ბორდმა იმ წარმატებული ადამიანების გამოვლენა უკვე დაიწყო, რომელთა დაჯილდოება წლის ბოლოს გამართულ გრანდიოზულ ღონისძიებაზე მოხდება.
წელს ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი, ალექსანდრე ქართველიშვილის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელი ლელა ქართველი მიიღებს.
ქალბატონ ლელას შესახებ ინფორმაცია პერსონას ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ექსპერტთა და მკვლევართა საბჭოს წევრს ლელა ქართველიშვილს ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულზე სამოქალაქო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ლელა ქართველიშვილი (ქართველი) – ცნობილი ქართველი მხატვარი, პოლიტოლოგი და ბიოლოგი – დაიბადა 1970 წლის 6 სექტემბერს. დაამთავრა ქუთაისის მე–8 საშუალო სკოლა. ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკაში, ნიუ–იორკში. სხვადასხვა დროს გახლდათ პედაგოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მაგმას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელიც ახალგაზრდა ხელოვანებს აერთიანებდა. საქართველოში ცხოვრების პერიოდში იყო არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კულტურულ –საგანმანათლებლო პროექტის ორგანიზატორი; გახლდათ ქუთაისის სათათბიროს წევრი და კულტურის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე; ხელმძღვანელობდა ბაგრატის ტაძრის აღორძინების ფონდის კულტურის განყოფილებას; გახლდათ სამართლიანი არჩევნების დას. საქართველოს რეგიონული კოორდინატორი; აგრეთვე, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი; ასევე NDI–სა და IRI–ს სერტიფიცირებული საარჩევნო ტრენერი. ამჟამად არის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ექსპერტთა და მკვლევართა საბჭოს წევრი.
ლელა ქართველი დამფუძნებელი და პრეზიდენტია „ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) საერთაშორისო საზოგადოებისა“, რომელსაც ამერიკული ცენტრი „Langate” ლობირებდა.
ლელა ქართველის სახელს არაერთი კულტურულ–საზოგადოებრივი ინიციატივა უკავშირდება. მათ შორის, 2013 წლიდან ყოველ 9 სექტემბერს „ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) საერთაშორისო საზოგადოების“ სახელით უძღვებოდა ყოველწლიურ „ავიაკვირეულს“; პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გიორგი კეკელიძესთან ერთად, გახსნა ალექსანდრე ქართველის კაბინეტი და ა.შ.
ლელა ქართველი დღეს ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი შემოქმედება საინტერესო და მრავალფროვანია. ხატავს და წერს. მისი პოეზია მისტიკურ –ფილოსოფიურია. მალე იგეგმება ლექსების კრებულის გამოცემა და პრეზენტაცია. ხატავს ტუშით და კალმით. აქვს ხატვის მისეული სტილი, საკუთარი ხელწერა და შესრულების ტექნიკა, რაც სხვებისგან ძალიან განსხვავდება. მისი ნამუშევრები თემატურად საკმაოდ დატვირთულია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – ფილოსოფია-რელიგია-ფსიქოლოგია ერთობლივად გადმოცემულია სიურეალიზმის განზომილებაში. ამბობენ, მისტიკურიც არისო.
ლელას პირველი პერსონალური გამოფენა 1991 წელს თბილისის „თეთრ გალერეაში“ მოეწყო, თუმცა ამას გარდა მისი არაერთი ერთობლივი გამოფენა გაიმართა თბილისსა და ქუთაისში. ამას მოჰყვა ორი გამოფენა ნიუ–იორკში და ახლაც პერსონალური გამოფენისთვის ემზადება.
ლელა ქართველს არაერთი მასშტაბური სამომავლო გეგმა აქვს, მათ შორის, „ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების“ საქმიანობის გაგრძელება როგორც საქართველოში, ისე ამერიკაში. ეს ძალიან შეუწყობს ხელს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პოპულარიზაციას.
„დღეს ჩვენ ამერიკელებისთვის სათქმელი გვაქვს, რომ თუ ამერიკა მსოფლიოში პირველია თავისი შეიარაღებით, ეს ქართველების დიდი დამსახურებაა და ვაპირებთ ამ ლეგენდარული ქართველის შესახებ მოუყვეთ როგორც ემიგრანტ ქართველებს, ისე ამერიკელებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რადგან ეს მათთვის დიდი სტიმულის მიმცემია. გვინდა დავგეგმოთ ყოველწლიური ღონისძიებები როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ისე სხვა დაწესებულებებში“ – ამბობს ლელა ქართველი თავის ინტერვიუებში.
ლელა თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტია და მასზე ყოველთვის სიყვარულით საუბრობს: „მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოში დადგება სტაბილური პერიოდი, როდესაც ქვეყანა აღმშენებლობასა და განვითარებაზე იქნება ორიენტირენული. ემიგრაციიდან საქართველოში მოწვეული პროფესიონალი კადრი კი სამშობლოში დაბრუნების მსურველთა პოტენციალს გაზრდის“.
ლელა ქართველი საზოგადოების აქტიური წევრია – ამჟამად ფეისპლატფორმა „ქართულ–ამერიკული ფორუმის“ ხელმძღვანელიცაა, რომლის მიზანიც პოლიკურ–საზოგადოებრივი აზროვნების ამაღლებაა. ლელა ქართველი არაერთი საქველმოქმედო პროექტის ორგანიზატორი და მონაწილეა.
წარმატემა მას იმ რთულ გზაზე, რომელიც ხალხთა შორის მეგობრობას გულისხმობს!