რას ამბობენ დავით ღვინიანიძეზე
ცნობილი ადამიანების გარშემო ყოველთვის ათასი ჭორ- მართალი ვრცელდება. დავით ღვინიანიძეც არაა გამონაკლისი. ის, როგორც ცნობილი საოპერო მომღერალი და ამერიკაში წარმატებული საზოგადო მოღვაწე ყოველთვის საინტერესოა სხვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ ინტერვიუში უსაუბრია თავის შესახებ, ინტერესი არ ქრება. მით უმეტეს, ახლა, როცა მალე ფილადელფიაში მისი სახელობის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი იხსნება.
მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანი ხომ მეგობრებითაც განისაზღვრება. ამ სტატიაში დავითის რამდენიმე მეგობრის შეფასებას გაგაცნობთ. ეს, ასე ვთქვათ, საზოგადოების შეფასებათა სერია გაგრძელდება და ცნობილ მომღერალზე გამოთქმულ არაერთ მოსაზრებას პერიოდულად შემოგთავაზებთ.
“დათო ღვინიანიძე გახლავთ წარმატებული ბარიტონი, არაჩვეულებრივი პროექტების ავტორი, ბევრი ადამიანის გზის გამკვლევი საოპერო ინდუსტრიაში, ასევე მიზანდასახულობის ეტალონი და, რაც მთავარია, მისი მიზნები ემსახურება ჩვენი ქვეყნის სახელის დიდებას და მის პოპულარიზაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა მარტო აქ”- ირაკლი შარაძე, მუსიკოსი.
“პირველი შეფასება, რაც ჩემი გონებიდან და შეგრძნებებიდან მოდის, ეს არის ადამიანი -ზღვა, ქარიზმატული, ღრმა და ფაქიზი ემოციებით, გრძნობებში უკიდეგანო, იმდენად გამჭრიახი გონების, რომ ჩაბნელებული ლაბირინთიდან მზის შუქზე გამოდის და მიზან- მიღწეული გამარჯვებით კაშკაშებს.
ხანდახან ისეთი მშვიდი და ბავშვურია, სურვილი ჩნდება ჩაეხუტო და დიდხანს ეფერო. ხანდახან კი გინდა გაექცე და მისგან შორს იყო, ამიტომაც ამოუცნობი რჩება.
ფეხს რომ შედგამს სცენაზე ზედმეტად რომანტიკული მგრძნობიარე ზღვის ტალღებივით ლივლივებს და ციმციმებს მისი ხავერდოვანი ბგერები. და მაინც, მისი ცხოვრების თანმდევი მძაფრი ცეცხლოვანი ემოცია ყველა ასპეკტში მუსიკაა” – სოფიო ხურცილავა. მევიოლინე, მეცნიერებათა დოქტორი.
“დავით ღვინიანიძე არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ადამიანი, რომელიც მუდამ მზადაა ნებისმიერი დახმარება გაგიწიოს – ფიზიკური თუ მორალური. არ არსებობს დაურეკო და მაშინვე არ შეგეხმიანოს- ეს ჩვენს დროში ბევრს ნიშნავს. უდიდეს პატივს სცემს მოხუცებს, პოულობს და ეხმარება ნიჭიერ ბავშვებს, მოზარდებს.
თბილი, სპეტაკი, გულისხმიერი, ადამიანის მიმართ სიყვარულით სავსეა -ასეთია ჩემთვის ჩვენი დათო” – რუსუდან გალდავა – ღავთაძე. ემიგრანტი პედაგოგი.
“დიდი მადლობა დავით მასწავლებელს! თქვენ ხართ ერთგული მხარდამჭერი და კარგი მრჩეველი. თქვენ ყოველთვის უმკლავდებით ნებისმიერ პრობლემას და გაგებითა და თანაგრძნობით ეკიდებით მოსწავლის ინდივიდუალიზმს. შეგიძლიათ ყოველთვის გაახაროთ და მისცეთ ნათელი იმედი ნებისმიერ მოსწავლეს. ჩვენ გისურვებთ ნათელ იდეებს, კეთილდღეობას და ბედნიერებას ცხოვრებაში, წარმატებებს და შთაგონებას თქვენს საქმიანობაში. ქეთი და ნინო გერმანიიდან”- ნინო ციბაძე, მშობელი. ქეთი მჭედლიშვილი – მოსწავლე ვოკალში.