ნომინაციაში “საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის ავტორი-2024” წარდგენილია ნატო ფაჩუაშვილი
ნატო ფაჩუაშვილი არის შთამბეჭდავი ქალბატონი, რომელმაც მიაღწია არაერთ წარმატებას განათლების სფეროში. იგი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორია და დოქტორის ხარისხი აქვს განათლების მეცნიერებებში. ნატო ძალიან მშრომელი და მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული ქალბატონია, რომელიც მუდმივად ეძებს და ნერგავს სიახლეებსა და ინოვაციებს თავის პროფესიაში.
-“მე ვარ ნატო ფაჩუაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი განათლების მიმართულებით. დავამთავრე ინგლისური ენა და ლიტერატურა, ასევე გამოყენებითი ლინგისტიკა ინგლისში. საქართველოში კი მოვიპოვე დოქტორის ხარისხი განათლების მეცნიერებებში. ვარ ძალიან მშრომელი და არასდროს მბეზრდება სწავლა. მუდამ ვეძებ და ვნერგავ სიახლეებს ჩემს პროფესიაში.”
მისი გზა წარმატებისკენ იყო დაუღალავი შრომისა და გამძლეობის წინაპირობა. 18 წლის ასაკში დაიწყო მოხალისედ მუშაობა, ინგლისური ენის მასწავლებლად. 13 წლის განმავლობაში მუშაობდა ბირმინგემის მეტროპოლიტენის კოლეჯში სხვადასხვა საგნის ლექტორად. 2017 წლიდან საქართველოში მოღვაწეობს და თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან.
ქალბატონი ნატო თავის წარმატებას უკავშირებს ენთუზიაზმსა და საქმისადმი სიყვარულს. სირთულეები მისთვის არის გზა განვითარებისკენ, ახალი უნარების შეძენისა და პიროვნული ზრდისკენ. გამოწვევები მას აძლიერებს და ენთუზიაზმს მატებს სწავლებაში სიახლეების დანერგვისთვის. თვითგანვითარებაზე მუდმივი მუშაობა მას ეხმარება უახლესი საგანმანათლებლო მეთოდების ათვისებასა და სტუდენტების საჭიროებებთან მორგებაში.
-“18 წლის, პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა პირველად შევაბიჯე აუდიტორიაში. თავდაპირველად მოხალისედ დავიწყე სწავლება, როგორც ინგლისური ენის მასწავლებელი. რამდენიმე თვის მერე კი შემომთავაზეს ანაზღაურებადი სამსახური. 13 წელი ვიმუშავე ბირმინგემის მეტროპოლიტების კოლეჯში, სადაც ვკითხულობდი ლექციებს სხვადასხვა საგნებში. 2017 წლიდან კი ვმოღვაწეობ საქართველოში, ვთანამშრომლობდი სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, ამჟამად კი ლექციებს ვკითხულობ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ჩემი სფეროა ინგლისური ენა და ტექნოლოგიები, ლინგისტიკა, ინგლისური პროფესიული მიზნებისთვის, კრიტიკული აზროვნება და აკადემიური წერა.
ის, რამაც აქამდე მომიყვანა,როგორც ლექტორი, არის ჩემი ენთუზიაზმი და დიდი სიყვარული საქმისადმი. სირთულეების მიუხედავად, არასდროს დამიკარგავს სურვილი სიახლეები შემეტანა სწავლებაში და მებრძოლა სტუდენტებისთვის უკეთესი სასწავლო გარემოს შესაქმნელად. ჩემი შინაგანი მოტივაცია ყოველთვის მაძლევდა დიდი ძალას, რომ გადამელახა დაბრკოლებები და დამენერგა სიახლეები. მუდამ ვმუშაობ თვით-განვითარებაზე, რაც ძალიან მეხმარება პროფესიული ეფექტურობის გაზრდაში, როგორიცაა უახლოესი საგანმანათლებლო მეთოდოლოგიების შესწავლა და მათი დანერგვა სწავლებაში. გარდა ამისა, თვით-განვითარება ხელს მიწყობს ადვილად ვადაპტირდე სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ გარემოში და შევქმნა დინამიკური სასწავლო გარემო. ჩემს თავზე მუშაობა მეხმარება მოვარგო ჩემი უნარები და მეთოდები სტუდენტის საჭიროებებს და მუდამ შევიტანო ცვლილებები ჩემს სწავლებაში.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რამაც მომიყვანა დღემდე არის კმაყოფილების ის განცდა, რომელიც ჩემი სტუდენტების წარმატებითაა გამოწვეული. ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო მასწავლებლისთვის იმ შრომის საპასუხოდ, რომელსაც ის დებს სწავლებაში. იმის დანახვა, რომ სტუდენტები ფლობენ საგანს, წარმატებას აღწევენ გამოცდებში, ჩემთვის იმის მტკიცებულებაა, ჩემს მიერ გაწეული შრომა და ენთუზიაზმი დაფასებულია.”
წარმატების გზაზე სირთულეებიც, რა თქმა უნდა, ბევრია, ნატოსთვის ასეთს წარმოადგენდა ინგლისში ზრდასრული სტუდენტების სკეპტიკური დამოკიდებულება ახალგაზრდა ლექტორის მიმართ. ჰქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სწავლების დაწყებამდე სტუდენტებს ეჭვი შეჰპარვიათ მის, როგორც ლექტორის კომპეტენციაში, პატარა ასაკის გამო. ბოლოს სტუდენტების მიერ მისი კურსის პოზიტიური შეფასება იყო იმის დასტური, რომ ნატოს გამძლეობამ და ენთუზიაზმმა შედეგი გამოიღო.
ქალბატონ ნატოსთვის ყველაზე დიდი ჯილდო სტუდენტების წარმატებაა, რაც მისი შრომის შედეგია. მიღწევებს შორის არის ინგლისსა და საქართველოში წარმატებით დამთავრებული უმაღლესი განათლება, სადისერტაციო ნაშრომის წერა და “წიგნებში მოხეტიალის” გამოცემა. ეს წიგნი მისი გამძლეობისა და საჯარო გამოსვლის შიშის დაძლევის ნათელი მაგალითია. ის ხელმისაწვდომია ამაზონზე ქინდლ, ბეჭდური და აუდიო ვერსიის სახით და ასევე, საქართველოში ბეჭდური ფორმით.
-“ჩემს ერთ-ერთ მიღწევად ვთვლი ინგლისში და საქართველოში უნივერსიტეტების წარმატებით დამთავრებას. ეს იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში ადვილად არასდროს არაფერი გამომსვლია. ჩემი ყველა პატარა თუ დიდი წარმატება დიდი ძალისხმევის შედეგადაა მიღწეული. შესაბამისად, იმ ადამიანისთვის, რომელმაც ინგლისური სკოლაშიც არ უსწავლია, ძალიან დიდი ნახტომი აღმოჩნდა ინგლისური ენის და ლიტერატურის შესწავლა ინგლისში. ის სტრესი, რაც მე გავიარე, დღემდე მომყვება, მაგრამ მე შევძელი ამის გადალახვაც ჩემი ინგლისური ენისა და ლიტერატურისადმი დიდი სიყვარულის ხარჯზე. აქვე, დიდ წარმატებად მიმაჩნია მაგისტრის და დოქტორის ხარისხების მოპოვება სამუშაოს და ოჯახური ვალდებულებების ფონზე. ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ დოქტორანტურაზე სწავლის პერიოდში სასიკვდილო ავარიას გადავურჩი, რის შედეგადაც მივიღე ტვინის შერყევა, ბეჭის და ხელის მოტეხილობა. ერთი ხელი ფიქსატორით მქონდა დამაგრებული და ამ დროსაც არ შემიწყვეტია თეზისის წერა. ფაქტობრივად ერთი ხელით ვბეჭდავდი და ამავდროულად, ვატარებდი ლექციებს ონლაინ. ამ მაგალითით იმის ილუსტრირება მინდა, რომ ჩემთვის წარმატება სირთულეებზე გამარჯვებას ნიშნავს. გამოწვევების გადალახვა თავდაჯერებულობას მმატებს და მაძლიერებს. ამ დროს მეუფლება სირთულეების დაძლევით გამოწვეული წარმატების მიღწევის სასიამოვნო შეგრძნება.
ჩემს ყველაზე დიდ წარმატებად კი მიმაჩნია ჩემი სადებიუტო წიგნის „წიგნებში მოხეტიალეს“ გამოცემა ამაზონზე ქინდლ, ბეჭდური და აუდიო ვერსიის სახით და ასევე, საქართველოში ბეჭდური ფორმით. “წიგნებში მოხეტიალე“ ჩემი გამძლეობის და მოთმინების გამოცდაა. ყველაზე დიდი გამოწვევა კი,რაც გადავლახე იყო საჯაროდ გამოსვლის შიში. დიდი გამბედაობა დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემი პირადი აზრები, იდეები, გრძნობები და შემოქმედება გარე სამყაროსთვის გამეზიარებინა. „წიგნებში მოხეტიალე“ ჩემთვის ყველაზე დიდი მწვერვალია, რომელსაც ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ძალისხმევის შედეგად მივაღწიე. ”
-“ქალის როლი საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი განათლებაში უმნიშვნელოვანესია. ქალი ხშირად მისაბაძი მაგალითი ხდება ახალგაზრდა თაობისთვის, რადგან მათ შეუძლიათ წვლილი შეიტანონ მომავალი თაობის ჩამოყალიბებასა და აღზრდაში. მიზანდასახული ქალი ბრძოლისუნარიანი და შეუჩერებელია, რადგან უფლებებისა და თავისუფლებისთვის გრძნობა ჩვენშია გამჯდარი და საუკუნეებს მოიცავს. ქალის გზა წარმატებისკენ გამოირჩევა გამძლეობით, თავდაუზოგავი შრომითა და დაბრკოლებებთან გამკლავების უნარით. ზუსტად ეს უნარები განსაზღვრავს ქალის სიძლიერეს. ძლიერი ქალი კი ძლიერი საზოგადოების საწინდარია.”
ნატო ფაჩუაშვილი მიიჩნევს, რომ ქალის როლი საზოგადოებისა და განათლების სფეროში უმნიშვნელოვანესია. ქალები ხშირად მისაბაძი მაგალითები არიან ახალი თაობისთვის და წვლილი შეაქვთ მათ ჩამოყალიბებასა და აღზრდაში. “ძლიერი ქალი ძლიერი საზოგადოების საწინდარია,” – ამბობს იგი. ქალბატონი ნატო მოუწოდებს ქალებს არ დანებდნენ და იბრძოლონ წარმატებისთვის, არასოდეს უნდა შეწყვიტონ წინსვლა და თქვან თავიანთი სათქმელი.
რაც შეეხება „წიგნებში მოხეტიალეს“, რომანი არის ემოციებით დატვირთული წიგნი, რომელიც მოგითხრობთ არა მხოლოდ ლიზას და დანის სიყვარულზე, არამედ მეგობრობაზე, და–ძმურ სიყვარულსა და ოჯახურ ურთიერთობებზე. მთლიანად წიგნი არის ლიტერატურის, მეგობრული და რომანტიული სიყვარულის მანიფესტაცია.
-“მაქვს მოლოდინები, რომ ამ წიგნს ისევე შეიყვარებთ, როგორი სიყვარულითაც მე ის თქვენამდე მოვიტანე. წიგნის პირველი მკითხველების შთაბეჭდილებები ძალიან პოზიტიურია, რაც მაფიქრებინებს რომ ამ წიგნით ჩემი მკითხველის გულამდე მივალ” – აღნიშნავს ავტორი.
როდესაც ავტორს ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა მას კონკრეტული მიზნები ან გზავნილები, რომლებსაც ნაწერით გადმოსცემდა, მან გვიპასუხა, რომ ამ წიგნის ერთ–ერთი მთავარი გზავნილია ის, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, ამიტომ მკითხველმა უნდა იცხოვროს დღევანდელი დღით და ნუ დაელოდებიან იყონ ბედნიერი ხვალ.
-“თქვენი ბედნიერება თქვენს ხელშია, ჩაეჭიდეთ თითოეულ ბედნიერ მომენტს და დააფასეთ. ცხოვრება ძალიან რთულია და ხშირად უსამართლოდ გვექცევიან, მაგრამ თქვენ ყოველთვის უნდა გამოიჩინოთ გამძლეობა. შეიძლება გიღალატონ, გატკინონ, უარგყონ, მაგრამ არასდროს მისცეთ ამ უარყოფით გამოცდილებებს უფლება განსაზღვროს თქვენი პიროვნება. გულისტკივილმა არასდროს არ უნდა შეარყიოს თქვენი რწმენა და ყველა მსგავსი სიტუაციიდან უნდა გამოხვიდეთ გამარჯვებული. ნამდვილი ბედნიერება საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნაა, იპოვეთ შინაგანი სიძლიერე და სულიერი სიმტკიცე თქვენში და ის აუცილებლად მიგიყვანთ ბედნიერებამდე.”
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაინტერესებულ მკითხველს წვდომა ელექტრონული წიგნის ვერსიაზე შეუძლია, Amazon-სა და Apple Books-ზე, ბეჭდური ვერსია კი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს წიგნის მაღაზიებში. აუდიო წიგნის ვერსია ასევე შეგიძლიათ იხილოთ Amazon, Audible და iTunes-ზე.
ქ-ნ ნატო თანამშრომლობს სხვადასხვა წიგნის მაღაზიებთან და პლატფორმებთან, რათა უზრუნველყოს ფართო წვდომა მის სადებიუტო რომანზე.
სანამ “წიგნებში მოხეტიალე” თავისი ეტაპებით პროგრესირებს, ნატო ფაჩუაშვილი მიანიშნებს ორ მომავალ პროექტზე, რასაც მკითხველი მოუთმენლად ელის ამ პერსპექტიული ავტორისგან.