“წიგნებში მოხეტიალე” – ქართველი ავტორის საერთაშორისო წარმატება!

“წიგნებში მოხეტიალე” – ქართველი ავტორის საერთაშორისო წარმატება!

ქართველი ავტორის, ნატო ფაჩუაშვილის ინგლისურენოვანი რომანი “The Book Wanderer” (“წიგნებში მოხეტიალე”) საერთაშორისო ლიტერატურულ ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს. წიგნმა უკვე მოიპოვა აღიარება მკითხველთა ფართო წრეებში და ავტორი გამარჯვებულია პრესტიჟულ ნომინაციაში “საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის ავტორი-2024”.

რომანის წარმატების შედეგად, უკვე დაიწყო მუშაობა წიგნის ქართულ თარგმანზე, რაც საშუალებას მისცემს ქართველ მკითხველსაც, გაეცნოს ამ ემოციურ ნაწარმოებს მშობლიურ ენაზე. წიგნი, რომელიც მოგვითხრობს ლიზასა და დანის სიყვარულის ისტორიას, ასევე ღრმად ეხება მეგობრობის, და-ძმური სიყვარულისა და ოჯახური ურთიერთობების თემებს.

ნატო ფაჩუაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი და განათლების მეცნიერებათა დოქტორი, თავის სადებიუტო რომანში წარმოაჩენს ღრმა ემოციურ ნარატივს, რომელიც მკითხველს ცხოვრების მნიშვნელოვან ღირებულებებზე დაფიქრებისკენ უბიძგებს.

წიგნი ხელმისაწვდომია როგორც ციფრულ (Amazon, Apple Books), ისე ბეჭდურ ფორმატში საქართველოს წიგნის მაღაზიებში. აუდიოწიგნის მოყვარულებს კი შეუძლიათ მოისმინონ იგი Audible-სა და iTunes-ზე. გამომცემლებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, წიგნის გავრცელების არეალი მუდმივად ფართოვდება.

საგულისხმოა, რომ ავტორი უკვე მუშაობს ორ ახალ პროექტზე, რაც კიდევ უფრო ზრდის ინტერესს მისი შემოქმედების მიმართ. “წიგნებში მოხეტიალის” წარმატება და საერთაშორისო აღიარება კი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ავტორების პოტენციალს გლობალურ ლიტერატურულ სივრცეში.

“ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას მკითხველის წინაშე და მჯერა, რომ ეს წიგნი იმავე სიყვარულით მიიღება, რა სიყვარულითაც იწერებოდა,” – აღნიშნავს ავტორი, რომლის ოპტიმისტური მოლოდინები უკვე გამართლებულია წიგნის მზარდი პოპულარობით.

CATEGORIES
Share This