ნომინაციაში “ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი  წვლილისთვის  – 2025’’ წარდგენილია ეკატერინე (კატო)  აბულაშვილი

ნომინაციაში “ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის – 2025’’ წარდგენილია ეკატერინე (კატო) აბულაშვილი

ეკატერინე აბულაშვილი 9 წელზე მეტია ფინანსებისა და ბიზნესის სფეროში მოღვაწეობს. მისი პროფესიული გზა გამორჩეულია არა მხოლოდ მრავალმხრივი გამოცდილებით, არამედ სწავლისა და განვითარებისადმი მუდმივი სწრაფვით.

ეკატერინეს კარიერული მოგზაურობა 17 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად, პირველი სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროში მიიღო. მან ორი უმაღლესი განათლება ბიზნესისა და ტურიზმის მიმართულებით დაასრულა, რამაც მყარი საფუძველი შეუქმნა მისი შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.

მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი ეკატერინეს კარიერაში იყო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა სტაბილური სამსახური ბანკში და საკუთარი ბიზნესის მართვაზე გადასულიყო. ამ გაბედულმა ნაბიჯმა გაამართლა და ახალგაზრდა ბიზნესმენი ქალი ახლა უკვე საკუთარი საოჯახო ტიპის კვების საწარმოს, დრაივ-მარკეტებისა და კაფეების მფლობელია. პარალელურად, ეკატერინე 15-ზე მეტ კომპანიას ემსახურება როგორც პარტნიორი, ბუღალტერი და მენეჯერი.

ეკატერინეს პროფესიულ წარმატებაში უდიდეს როლს თამაშობს მისი ოჯახის მხარდაჭერა. “ჩემთვის ყველაზე დიდი შთაგონების წყაროა ჩემი მშობლები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ რაც მახსოვრობა გამაჩნია,” – აღნიშნავს იგი. განსაკუთრებით გამოყოფს თავის ერთადერთ ძმას, რომელიც მუდამ მის გვერდით იდგა და რწმენას უსახავდა. მოგვიანებით, საკუთარი ოჯახის შექმნის შემდეგ, მისი მეუღლე და შვილი მის კარიერულ წინსვლას კიდევ უფრო მეტ სტიმულს სძენენ.

ეკატერინეს კარიერულ გზაზე ყოფილა  გამოწვევები და დაბრკოლებები. ერთ-ერთი უმსხვილესი გამოწვევა იყო საკუთარ ბიზნესში 9 თვიანი კრიზისი, მიუხედავად ამისა, ეკატერინემ შეძლო კრიზისის მართვა და კომპანიის გაკოტრების თავიდან აცილება.

რაც შეეხება ეკატერინეს უნიკალურ პერსპექტივას, ის თვლის, რომ თეორიული ცოდნის გარდა, პრაქტიკული გამოცდილება უმნიშვნელოვანესია. “9 წლიანი უწყვეტი პრაქტიკული გამოცდილება ძალიან მეხმარება მარტივ ხედვაში და ყველა შემთხვევიდან ადვილი გამოსავლის პოვნაში,” – აღნიშნავს ის. ეკატერინე გამოირჩევა ლიდერობის უნარით, სიტუაციის არასტანდარტული შეფასებით და უკონტროლო სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნების უნარით.

პროფესიულად, ეკატერინე ამაყობს თავისი მიღწევებით, როგორიცაა ყოველწლიური გამოცდების წარმატებით ჩაბარება ადამიანური რესურსებისა და ფინანსების მიმართულებით. მას უკვე 30-ზე მეტი სერთიფიკატი აქვს მოპოვებული.

სამომავლოდ, ეკატერინე გეგმავს საკუთარი ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებას, ცოდნის გაღრმავებას და დამწყები კომპანიებისთვის სწორი ხედვისა და კონსულტაციების გაზიარებას, რითაც წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

ეკატერინე დამწყებ პროფესიონალებს ურჩევს, პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენას, საქმისადმი სიყვარულს, დაუზარელ შრომასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. “ჩემთვის მატერიალურზე მეტად შინაგანი წარმატება ბევრად მნიშვნელოვანია. ძალიან ვაფასებ ყველა წარმატებულ და მშრომელ ადამიანს, რომლისთვისაც წარმატება და ცოდნა უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე მატერიალური მხარე,” – აღნიშნავს ეკატერინე.

CATEGORIES
Share This