
შერატონში გაიმართა ლიდერ ქალთა საზოგადოების მე-12 საქველმოქმედო ღონისძიება ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად
სასტუმრო შერატონში გაიმართა ლიდერ ქალთა საზოგადოების მე-12 საქველმოქმედო და წარდგენის ღონისძიება, რომელიც მთლიანად მიეძღვნა ძუძუს კიბოს პრობლემატიკის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ონკოლოგიური პაციენტების მხარდაჭერას.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ქალთა ჯანმრთელობის საკითხების პოპულარიზაცია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის ხაზგასმა. შეხვედრიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ონკოლოგიური პაციენტების დახმარებას და ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამას საქართველოს რეგიონებში.
ლიდერ ქალთა საზოგადოებამ უკვე დაამტკიცა თავისი უნიკალური მიდგომა 2025 წლის მარტში ჩატარებული წარმატებული ღონისძიებით, რომელიც გახდა პრეცედენტი საქართველოში – მასშტაბური, ინოვაციური ფორმატით და მაღალი საზოგადოებრივი რეზონანსით. აღნიშნული ღონისძიება გააშუქა ყველა წამყვანმა მედიასაშუალებამ, რაც ხაზს უსვამს თემის აქტუალობას და საზოგადოებრივ მნიშვნელობას.
მე-12 საქველმოქმედო ღონისძიება წარმოადგენდა უნიკალურ პლატფორმას, სადაც ონკოლოგიური პაციენტები თავად გამოვიდნენ დეფილეზე, რაც სიმბოლურად ასახავდა მათ სიმამაცეს და სიცოცხლის სიყვარულს. ღონისძიების ფარგლებში წამყვანმა ექიმებმა და ჯანდაცვის სპეციალისტებმა წარმოადგინეს უახლესი კვლევები და რეკომენდაციები, ხოლო ფსიქოლოგებმა ისაუბრეს ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ონკოლოგიური პაციენტებისთვის.
გარდა ამისა, ღონისძიებაზე ორგანიზაციამ იზეიმა ახალი წევრი ქალბატონების შემოერთება და მათი პროფესიული მიღწევები. საქართველოდან და საზღვარგარეთიდან მოწვეულმა სტუმრებმა გაიზიარეს საერთაშორისო გამოცდილება, ხოლო ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა “ქალი მეწარმეები”.
ასევე, ღონისძიებაზე გაიყიდა ლიდერ ქალთა საზოგადოების ჟურნალების “BUSINESS WOMEN MAGAZINE-ს” კრებული, რომლის შემოსავლის 30% მოხმარდება ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამას.
ღონისძიებამ ხაზი გაუსვა ქალის ძალას, ბრძოლისუნარიანობას და საზოგადოებრივ მნიშვნელობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სრულად საქველმოქმედო ხასიათის იყო და მასზე დასწრებით ყველა სტუმარმა წვლილი შეიტანა ქალთა ჯანმრთელობის დაცვასა და სიცოცხლის გადარჩენაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ასევე ცნობილი სახეები შოუ ბიზნესიდან და სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის გიორგი ღოღობერიძე, გოგა ჩანადირი, ხატია შამუგია, თათია სულუაშვილი და გოდერძი შარაშია.
მედიის მხარდაჭერა ამ საერთო სასიკეთო საქმეში უმნიშვნელოვანესია და ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ყველა წამყვანი მედიასაშუალება მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას და დაეხმარება საზოგადოების ინფორმირებას ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხზე.