საშემოდგომო კამპანია – “მე ძლიერი ქალი ვარ!”

საშემოდგომო კამპანია – “მე ძლიერი ქალი ვარ!”

ლიდერ ქალთა საზოგადოება წარმოგიდგენთ საშემოდგომო კამპანიის მეათე ნაწილს – “მე ძლიერი ქალი ვარ!” ეს უნიკალური კამპანია გახდება სივრცე, სადაც ყოველი ქალბატონის მონაწილეობა განსაკუთრებულია და სადაც ვაღიარებთ და ვზეიმობთ ქალების მრავალფეროვან გამოცდილებებს, წარმატებებს, დაბრკოლებებს და შინაგან სიმტკიცეს.

 

კამპანია “მე ძლიერი ქალი ვარ!” ქმნის ფორუმს, რომელიც ნათლად წარმოაჩენს, რომ წარმატება არ არის უნივერსალური გზა, არამედ პირადი მოგზაურობაა, მოქსოვილი სხვადასხვა განცდებით, გამოწვევებითა და ტრიუმფით. თითოეული მონაწილე ქალბატონი გაგვანდობს თავის პროფესიულ მოგზაურობას და გაგვიზიარებს, რაში ხედავს საკუთარ ძალას – ეს ისტორიები კი გახდება შთაგონების წყარო სხვა ქალებისთვის და წარმოაჩენს იმ მრავალფეროვან ბილიკებს, რომლებიც წარმატებისკენ მიემართება.

 

ნათია შათირიშვილის, “ლიდერ ქალთა საზოგადოების” დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ისტორია, სიმბოლოა იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ ქალს შექმნას სივრცე, სადაც ათასობით სხვა ქალი ახერხებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებას. იურიდიული კარიერით დაწყებული, ამსტერდამის კონფერენციაზე მიღებული გამოწვევის შემდეგ, მან შექმნა ორგანიზაცია, რომელიც დღეს უზრუნველყოფს უფასო პროფესიულ განათლებას სოციალურად დაუცველი ქალებისთვის.

“ნამდვილი ცვლილება იწყება ერთი ადამიანის გაბედული ნაბიჯით,” – ამბობს ნათია, რომელიც ჩვენი კამპანიის “მე ძლიერი ქალი ვარ!” შთამაგონებელი სახეა. მისი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ სიძლიერე მრავალფეროვანია – ზოგჯერ ის არის ცვლილებების დაწყება, სხვების დახმარება, ან საკუთარი ხმის ამოღება. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ, რაში მდგომარეობს თქვენი სიძლიერე!

 

ინგა ბუღაძე, მოხუცთა პანსიონატ “ჩემი სახლის” დამფუძნებელი, ხანდაზმულებზე ზრუნვის იდეაზე ბავშვობიდან ფიქრობდა. “მთელი ბავშვობა ბებოსთან ვიზრდებოდი და მასთან თანაცხოვრებამ, მათზე ზრუნვამ უკვე ბევრი რამ შთამაგონა მოზრდილ ასაკში,” – იხსენებს ინგა. მისი ინიციატივით შექმნილი პანსიონატი, მიუხედავად ქართული მენტალიტეტის თავდაპირველი წინააღმდეგობისა, დღეს წარმატებით ფუნქციონირებს და უამრავი ხანდაზმულისთვის სახლად იქცა.

“ვერ ვიტყვი ადვილი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება,” – ამბობს ინგა, რომელიც განსაკუთრებულ მადლიერებას საკუთარი შვილების მიმართ გამოხატავს. “მქონდა ფსიქოლოგიურად რთული პერიოდები, რომლებიც შვილებმა გადამალახინეს, მათი გვერდით დგომით მოვედი აქამდე,” – აღნიშნავს იგი. ინგა ასევე მოღვაწეობს 205-ე საბავშვო ბაღში, საიდანაც ბავშვები ხშირად სტუმრობენ პანსიონატს და კონცერტებს მართავენ ხანდაზმულებისთვის. მისი რწმენით, “უნდა იცოდე რა გინდა, მთელი სიმძაფრით გაანალიზო, რომ მზად ხარ ყველანაირი გამოწვევისთვის… არ უნდა შეშინდე და რაც გულით გინდა, აუცილებლად გამოგივა.”

 

ნინო ჭანტურიძე, 42 წლის სამი შვილის დედა, ლაზერის სახლ “ასტერია”-ს მფლობელი და ლაზეროთერაპევტია ქალაქ ტყიბულში. ეკონომისტ-მენეჯმენტის სპეციალობით უმაღლესი განათლების (ბაკალავრი და მაგისტრი) მქონე ნინომ, 14 წლიანი საბანკო სფეროში მოღვაწეობის შემდეგ, 2021 წელს საკუთარი ბიზნესი დაიწყო. მან ლაზეროთერაპია იუსქეასა და ლაკლინიკაში შეისწავლა, მიიღო საერთაშორისო სერთიფიკატი და კვალიფიკაცია, ასევე გაიარა ციფრული მარკეტინგის კურსი.

“ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო პირველად ლაზერული ეპილაციის სერვისის შემოტანა ჩემს ქალაქში – ინოვაციური სფერო, მაღალი ხარისხის, ძვირადღირებული აპარატურა და ახალი ბიზნესის ნულიდან დაწყება პატარა ქალაქისთვის დიდი რისკი იყო,” – აღნიშნავს ნინო, რომელმაც ეს გამოწვევა “დაუღალავი შრომითა და შესაბამისი ნებისყოფით” გადალახა. ახლა, მეხუთე წელს, “ასტერია” წარმატებით მუშაობს და რეკომენდირებულია არა მხოლოდ ტყიბულში. “ვარ მაქსიმალისტი, რამაც განაპირობა პატარა ქალაქში განსხვავებული და მაღალი სტანდარტის სივრცის შექმნა,” – ამბობს ნინო, რომელიც ახალგაზრდა ქალებს ურჩევს: “სწორად განსაზღვრეთ საბაზრო სეგმენტი, იყავით ხარისხზე ორიენტირებულნი, არა დაბალ ფასზე, იყავით თქვენი საქმის პროფესიონალები და გიყვარდეთ ის.”

 

ეკატერინე ცხადაია, საერთაშორისო კლინიკათა ქსელ “სილკ მედიკალის” გენერალური დირექტორი, პროფესიით ექიმი-სტომატოლოგია, რომელმაც დამატებით ჯანდაცვის მენეჯმენტი და სამედიცინო დაწესებულების მართვა შეისწავლა. მისი თქმით, კარიერაში ყველაზე დიდი გამოწვევა “სილკ მედიკალის სათავეში დგომა, პროექტზე პასუხისმგებლობის აღება და განვითარება” იყო, რაც “უზარმაზარ თავდადებას, თვითდისციპლინას და ფოკუსირებას მოითხოვს.”

“ჩემი ამოცანაა, შევქმნა პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების მაღალ მოტივაციას და პაციენტის კომფორტს,” – ამბობს ეკატერინე, რომლის შრომის შედეგად დღეს კომპანიას საქართველოში 6 კლინიკა აქვს. მისი წარმატების ფორმულაა “სიძლიერისა და თანასწორობის პრინციპით” მუშაობა, სადაც “საერთო მიზნები და ღირებულებები პირველ ადგილზეა და ყურადღება ყოველთვის საერთო შედეგზეა გამახვილებული.” ეკატერინე ორ უნიკალურ უნარს გამოყოფს – “ზოგადი სურათის დანახვის უნარს” და “მუდმივად ცვალებად პირობებთან და გარემოებებთან ადაპტირების უნარს.” მისი რჩევაა: “აუცილებელია გიყვარდეთ ის საქმე, რასაც აკეთებთ! უნდა გჯეროდეთ იმის, რასაც აკეთებთ!” ეკატერინეს სჯერა, რომ საქართველოს ჰყავს ძლიერი და წარმატებული ქალები, და რომ “პროფესიული განვითარების შესაძლებლობა უნდა იყოს მაღალ დონეზე აყვანილი და დიდი ფინანსების გარეშეც იყოს მისაღწევი.”

CATEGORIES
Share This