
#OK! ნათია შათირიშვილი ცხოვრებისეული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ
წარმოგიდგენთ ინტერვიუს ნათია შათირიშვილთან, რომელიც გახლავთ ლიდერ ქალთა საზოგადოებისა და ბიდისი აკადემიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ქალბატონი ნათია არის მრავალი ინოვაციური პროექტისა და იდეის ავტორი, რომელთა მიზანია ქალების გაძლიერება და მათი როლის გაზრდა საზოგადოებაში. მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული ინიციატივები ხელს უწყობს ლიდერობის უნარების განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას ქალებს შორის. დღევანდელ ინტერვიუში ქ-ნ ნათია გაგვიზიარებს თავის ხედვას, გამოწვევებსა და მიღწევებს, რომლებიც უკავშირდება საქართველოში ქალთა გაძლიერების სფეროში მოღვაწეობას.
უპირველესად გაგვეცანით.
გამარჯობა, მე გახლავართ ნათია შათირიშვილი. პროფესიით იურისტი ვარ, თუმცა წლების განმავლობაში ჩემი მოღვაწეობა მრავალ სფეროში განვავითარე. დღესდღეობით ვარ “ლიდერ ქალთა საზოგადოების” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, საერთაშორისო განათლების აკადემია “ბიდისის” დამფუძნებელი და დირექტორი, ასევე კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია “სითიეის” დამფუძნებელი და დირექტორი. ვარ მეუღლე და სამი შვილის დედა. ჩემი ცხოვრების მიზანია შევქმნა ისეთი გარემო, სადაც ყოველი ქალი შეძლებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას.
თქვენი გამოცდილებისა და კარიერული გზის შესახებ გვიამბეთ.
კარიერა 20 წლის წინ დავიწყე, როდესაც საკუთარი იურიდიული კომპანია დავაფუძნე. ეს იყო პირველი ნაბიჯი იმ გრძელ გზაზე, რომელმაც დღევანდელ დღემდე მომიყვანა. წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე გავხდი მოწვეული პროფესორი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში და პარალელურად ვმუშაობდი იურიდიული ფაკულტეტის დეკანად “დამოუკიდებელ უნივერსიტეტ აჭარაში”.
ამ პერიოდში განსაკუთრებით დამამწუხრა ჩემი სტუდენტი გოგონების მონათხრობებმა – ბევრი მათგანი კარიერულ შესაძლებლობებზე უარს ამბობდა მხოლოდ იმიტომ, რომ არ სჯეროდათ საკუთარი ძალების, ან იმიტომ, რომ ოჯახები მათ გზას დაოჯახებისკენ უკვალავდნენ.
ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყო ამსტერდამში ბიზნეს კონფერენციაზე ჩემი მონაწილეობა, სადაც 50 მომხსენებლიდან მხოლოდ 3 ქალბატონი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქალების გამოსვლები შთამბეჭდავი და ინოვაციური იყო, პანელის დასრულების შემდეგ კითხვებს მხოლოდ კაც მომხსენებლებს უსვამდნენ. ამ გამოცდილებამ დამანახა, რომ ქალებს სჭირდებათ სივრცე, სადაც საკუთარი ხმის ამოღება არ შეეშინდებათ.
ამის შემდეგ დავაფუძნე საერთაშორისო განათლების აკადემია “ბიდისი”, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს და წარმოდგენილია ხუთი ფილიალის სახით. აკადემიის ბაზაზე შეიქმნა “ლიდერ ქალთა საზოგადოება”, რომელიც დღეს ათასობით ქალს აერთიანებს.
დღეისათვის ვარ არაერთი ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მათ შორის საქველმოქმედო ფონდი “ბიდისის” და “იმედი ემიგრანტებთან ერთად”. ამასთან, მაქვს პატივი ვიყო დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის საპატიო პროფესორი, ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ისრაელის შალომ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი და საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
რა არის თქვენი ძირითადი საქმიანობა?
ჩემი ძირითადი საქმიანობა დღეს არის “ლიდერ ქალთა საზოგადოებისა” ხელმძღვანელობა და განვითარება. ეს არის პლატფორმა, სადაც ქალებს ვაძლევთ შესაძლებლობას განვითარდნენ პროფესიულად, პიროვნულად და მოახდინონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება.
პარალელურად ვხელმძღვანელობ საერთაშორისო განათლების აკადემია “ბიდისს”, რომელიც უზრუნველყოფს უფასო პროფესიულ განათლებას სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მსჯავრდებული ქალებისთვის.
მნიშვნელოვან დროს ვუთმობ საქველმოქმედო საქმიანობასაც, რაც ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელია. ვცდილობ ვაკავშირებდე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რათა ერთად შევქმნათ უკეთესი გარემო ყველასთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, რომლებსაც ხშირად უწევთ დამატებითი ბარიერების გადალახვა.
რა იყო მოტივაცია იმისა, რომ გაგევლოთ ის გზა, რომელმაც აქამდე მოგიყვანათ?
ჩემი მოტივაცია ყოველთვის იყო სამართლიანობისა და თანასწორობის იდეებისადმი ერთგულება. როდესაც იურიდიული განათლება მივიღე, მჯეროდა, რომ შემეძლო სამართლიანობისთვის მებრძოლა კანონის ფარგლებში. თუმცა მალევე აღმოვაჩინე, რომ რეალური ცვლილებებისთვის მხოლოდ კანონები საკმარისი არ არის – საჭიროა საზოგადოებრივი განწყობების, დამოკიდებულებებისა და შესაძლებლობების ცვლილებაც.
განსაკუთრებით შემაძრწუნა იმ ახალგაზრდა ქალების ისტორიებმა, რომლებიც საკუთარ ოცნებებზე უარს ამბობდნენ. მე მათში ვხედავდი უდიდეს პოტენციალს, რომელიც შეიძლებოდა დაკარგულიყო მხარდამჭერი გარემოს არარსებობის გამო.
გადამწყვეტი მომენტი იყო ამსტერდამის კონფერენცია, როდესაც პირადად ვიგრძენი, რა არის იგნორირება მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ხარ. ამ გამოცდილებით შთაგონებულმა გადავწყვიტე შემექმნა ისეთი სივრცე, სადაც ქალები არ იქნებოდნენ უგულებელყოფილნი და შეძლებდნენ თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი იდეები და მოსაზრებები.
მე არ მქონია მიზნად ორგანიზაციის სათავეში დადგომა. მსურდა, რომ ეს ყოფილიყო თანასწორთა საზოგადოება. მაგრამ ჩემმა პირადმა ისტორიამ და გამოცდილებამ ბუნებრივად მაქცია ლიდერად – არა იმიტომ, რომ მსურდა ძალაუფლება, არამედ იმიტომ, რომ მსურდა ცვლილება.
თქვენი მიზნები და სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.
ჩემი უმთავრესი მიზანია “ლიდერ ქალთა საზოგადოების” შემდგომი გაფართოება და განვითარება, რათა კიდევ უფრო მეტმა ქალმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება. ვგეგმავ საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებას, რაც საშუალებას მოგვცემს გავცვალოთ გამოცდილება და გავაძლიეროთ ერთმანეთი გლობალურ დონეზე.
კონკრეტული პროექტებიდან, უახლოეს მომავალში ვაპირებ განვავითარო საგანმანათლებლო პროგრამები რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის, რადგან მათთვის ხშირად კიდევ უფრო რთულია განათლებაზე და პროფესიულ განვითარებაზე წვდომა.
ასევე, ვმუშაობ მენტორობის პროგრამის გაფართოებაზე, სადაც გამოცდილი ლიდერი ქალები დაეხმარებიან ახალგაზრდა, დამწყებ პროფესიონალებს. მჯერა, რომ ასეთი მხარდაჭერა გადამწყვეტია კარიერის საწყის ეტაპზე.
ვგეგმავ საქველმოქმედო ფონდების საქმიანობის გაფართოებასაც, რათა უფრო მეტ ადამიანს გავუწიოთ დახმარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია ემიგრანტი ქალების მხარდაჭერა, რომლებიც ხშირად ორმაგ ტვირთს ატარებენ.
ჩემი გრძელვადიანი მიზანია, შევქმნა ისეთი საზოგადოება, სადაც ყველა ქალს ექნება შესაძლებლობა იცხოვროს საკუთარი პოტენციალის შესაბამისად. მწამს, რომ როდესაც ქალები თანაბარ შესაძლებლობებს და მხარდაჭერას იღებენ, ეს წინ წევს არა მხოლოდ მათ პირად ცხოვრებას, არამედ ქვეყნის ეკონომიკასა და განვითარებას მთლიანად.
ჩვენი ორგანიზაციის მიზანი არ არის მხოლოდ ინდივიდუალური წარმატება – ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სისტემურ ცვლილებებს, რომლებიც თანაბარ შესაძლებლობებს შექმნიან ყველასთვის. მჯერა, რომ ნამდვილი ცვლილება იწყება ერთი ადამიანის გაბედული ნაბიჯით და რწმენით, რომ უკეთესი მომავალი შესაძლებელია.