
#OK! სოფიო სურმავა წარმატებულ პროფესიულ მიღწევებსა და მოღვაწეობაზე
წარმოგიდგენთ სოფიო სურმავას, რომელიც გახლავთ ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი უკვე მრავალი წელია. იგი მუდმივად მონაწილეობს ორგანიზაციის მიერ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში, პროექტში, კონფერენციებში, აქტივობასა თუ ნებისმიერ წამოწყებაში. არის ერთ-ერთი ქართველი წარმატებული ქართველი ქალბატონი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი მიზანი. გარდა კარიერული განვითარებისა, იგი სავსეა სიყვარულითა და დადებითი ემოციებით, რომელსაც აბსოლუტურად ყველა ორგანიზაციის წევრს უზიარებს. მისი კარიერული გზა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქალმა საკუთარი ცხოვრება წარმატებულ პროფესიულ მოღვაწეობასა და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობას მიუძღვნას.
უპირველესად გაგვეცანით.
მოგესალმებით, მე გახლავართ სოფიო სურმავა, კომპანია “ოლიმპიოს” დამფუძნებელი და საქართველოს ლიდერ ქალთა საზოგადოების ამაყი წევრი. ლიდერი ქალის წოდება ჩემთვის არის როგორც პატივი, ასევე უდიდესი პასუხისმგებლობა. დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში ქალები სულ უფრო მეტად იკავებენ წამყვან პოზიციებს სხვადასხვა სფეროში და მიმაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოშიც წარმოვაჩინოთ ის ძლიერი, მიზანდასახული და წარმატებული ქალები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობენ. ამ საერთო მისიაში ჩემი წვლილის შეტანა მსურს, რათა ვაჩვენო, რომ ქალს შეუძლია საკუთარი ოცნებების რეალობად ქცევა და ამავდროულად, საზოგადოებაში პოზიტიური კვალის დატოვება.
თქვენი გამოცდილებისა და კარიერული გზის შესახებ გვიამბეთ.
ჩემი კარიერული გზა არაერთ გამოწვევასა და წარმატებას მოიცავს, თუმცა ნამდვილი გარდატეხა ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში “ოლიმპიოს” დაფუძნება გახლდათ. ეს იყო ნამდვილი გამბედაობის გამოცდა – ნულიდან დაიწყო საქმე ისეთ კომპლექსურ და მაღალპროფესიონალურ სფეროში, როგორიც ქიმიაა. ამ ნაბიჯმა არა მხოლოდ უზარმაზარი ცოდნა და გამოცდილება შემძინა, არამედ რაც მთავარია, საკუთარ შესაძლებლობებში რწმენა გამიძლიერა. სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ ადამიანის პოტენციალი მართლაც უსაზღვროა, როცა მონდომება და მიზანდასახულობა არ გაკლია. ეს წარმატება გახდა ათვლის წერტილი ჩემს კარიერაში და მოგვიანებით, ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრობამდე მიმიყვანა. დღეს ამ გასაოცარ ადამიანებთან ერთად ვახორციელებ მრავალ საინტერესო პროექტს, რაც არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ პირად კმაყოფილებასა და სიამაყესაც მანიჭებს.
რა არის თქვენი ძირითადი საქმიანობა?
საზოგადოებაში სტერეოტიპები არსებობს, რომ ადამიანი ერთ საქმეს უნდა აკეთებდეს, თუმცა მე ბევრ საქმიანობას ვარ მოდებული. თუ ადამიანს სჯერა, რომ რასაც აკეთებს უყვარს და გამოსდის, ვთვლი, რომ მაშინ უნდა განაგრძოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობა. მე ახლა მაღაზია “ტრენდ გალერის” მენეჯერობით, ფრანგული კონდიტერიით, ხელნაკეთი სამკაულებით და ნივთებით ვარ დაკავებული და უახლოეს მომავალში საკუთარი მასტერკლასების გაკეთებასაც ვფიქრობ. ჩემთვის ასე უფრო სახალისო და მრავალფეროვანია ცხოვრება. ეს ერთგვარი გამოწვევაც არის. ამავდროულად, ვთანამშრომლობ სხვადასხვა ტურისტულ კომპანიასთან და ვგეგმავ, ვახორციებელებ გასვლით ტურებს სხვადასხვა ქვეყანაში, ამ ნაბიჯით ვცდილობ, წვლილი შევიტანო ტურიზმის განვითარებაში, არამხოლოდ შემომყვან, არამედ გამყვან ტურიზმშიც.
რა იყო მოტივაცია იმისა, რომ გაგევლოთ ის გზა, რომელმაც აქამდე მოგიყვანათ.
ჩემი უმთავრესი შთაგონების წყარო ყოველთვის იყო და რჩება ჩემი ოჯახი და შვილები. მათ გვერდით ყოფნა და მათი სიამაყის ობიექტად ქცევა უდიდეს ძალას მმატებს. ასევე, განსაკუთრებით მამოტივირებს ადამიანების გულწრფელი მხარდაჭერა და სიყვარული, რომელსაც მუდმივად ვგრძნობ. ყოველი პოზიტიური უკუკავშირი და გამხნევება მაძლევს სტიმულს, რომ კიდევ უფრო მეტი ენერგია ჩავდო ჩემს საქმიანობაში და მაგალითი გავხდე სხვა ქალებისთვის. განსაკუთრებით მსურს, დავეხმარო იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ ეძებს საკუთარ გზას – მინდა მათ დაინახონ საკუთარი პოტენციალი და ძალა, რათა თავდაჯერებით ეძიონ და აკეთონ ის, რაც ნამდვილად უყვართ და ბედნიერებას ანიჭებთ.
თქვენი მიზნები და სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი უახლოესი მიზანია საგანმანათლებლო მასტერკლასების სერიის დაწყება, რაც საშუალებას მომცემს ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო სხვებს. მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია სხვა ადამიანებს გადასცე არა მხოლოდ პრაქტიკული უნარები, არამედ საქმისადმი სიყვარული, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის, ეს მასტერკლასები იქნება ხელმისაწვდომი ონლაინ ფორმატში, რაც საშუალებას მისცემს საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, ემიგრანტებს, რომ ისწავლონ და განვითარდნენ. ეს თემა პირადად მეხება, რადგან თვითონაც ემიგრანტების ოჯახიდან ვარ და ძალიან კარგად მესმის ის გამოწვევები და თავდადება, რაც სამშობლოს გარეთ ცხოვრებას და შრომას ახლავს თან. რა თქმა უნდა, მაქვს სხვა მიზნები და ოცნებებიც, თუმცა ვირჩევ თანმიმდევრულ, მშვიდ მიდგომას – ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდები ჩემს დიდ მიზნებს.
რას იტყოდით ლიდერ ქალთა საზოგადოების შესახებ?
ლიდერ ქალთა საზოგადოება არის უნიკალური საზოგადოება, სადაც თავს იყრის პოზიტიური ენერგია, სიკეთე და ურთიერთმხარდაჭერა. ეს არის პლატფორმა, სადაც წარმატებული ქალები ერთიანდებიან არა მხოლოდ საკუთარი მიზნების მისაღწევად, არამედ საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების შესატანად. ამ ორგანიზაციის წევრები მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში – ისინი არიან ლიდერები, ბიზნესსვუმენები, შემოქმედები, ინოვატორები, მეწარმეები. მათ აერთიანებთ სიმტკიცე, კრეატიულობა, თავდაჯერებულობა და, რაც მთავარია, ურთიერთგატანის სურვილი.
ლიდერ ქალთა საზოგადოება არის ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ქალებს ერთმანეთის გაძლიერება და მხარდაჭერა პროფესიულ თუ პირად წარმატებებში.