თაფლი ირინოლას დამფუძნებელი პერსონა 2020- ის ტიტულს მიიღებს

თაფლი ირინოლას დამფუძნებელი პერსონა 2020- ის ტიტულს მიიღებს

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2020 – წელს უკვე მეშვიდედ გაიმართება და სფეროს განვითარებისა და ხელშეწყობისთვის პერსონას ტიტულს ტრადიციულად ჩვენი ქვეყნის 50 წარმატებული ადამიანი მიიღებს.
პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება და ორგანიზატორებს მოწვეული ყავთ საკოორდინაციო საბჭოში 21 სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, რომლებიც სარეკომენდაციო წერილების საფუძველზე, დამატებითი ინფორმაციის დამუშავების და დაზუსტების შემდგომ ამა თუ იმ ადამიანს პერსონას ტიტულს ანიჭებს. თაფლის კომპანია ირინოლას დამფუძნებელი ირინე კაპანაძე ერთ ერთი მათგანი გახლავთ ვინც პერსონა 2020 ის ტიტულს ქართული წარმოების ბრენდირებისთვის მიიღებს. გასულ წლებში პერსონა 2020 -ის ტიტული მირებული აქვთ ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ნანი ბრეგვაძე, თამარ სხირტლაძე, ნოდარ ემხვარი, მანანა თოდაძე, გიორგი უშიკიშვილი, ბესი იაშვილი, გიული ჩოხელი და სხვები.
ირინე კაპანაძეს მეფუტკრეობაზე საათობით შეუძლია ისაუბროს. პროფესიით ზოოინჟინერია, თაფლის წარმოებისა და მეფუტკრეობის ნამდვილი ექსპერტი. მისი ოჯახი მესხეთში თაფლს ათწლეულების განმავლობაში ამზადებდა. იქამდე იმერეთში, წლების განმავლობაში, თაფლისა და თიხის წარმოებით ირჩენდა თავს და საკმაოდ წარმატებული ბიზნესიც ჰქონდა. ირინე კაპანაძეს მეფუტკრეობა ლამის გენეტიკურად გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ წლები ევროპაში გაატარა, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდხანს იმუშავა. საბოლოოდ, ფესვებს დაუბრუნდა და ოჯახური ტრადიცია გააგრძელა.

„წლების წინ ჩემი ოჯახის თაფლით ნახევარი თბილისი მარაგდებოდა“, − იხსენებს ირინე. ახლა კი ბრენდი „ირინოლა“ ქართული ბაზრის ათვისებასთან ერთად, პროდუქციის გავრცელებას მთელ აზიაში გეგმავს. თაფლი უძველესი, 5500 წლის ისტორიის მქონე თიხის ქოთნების თანამედროვე ანალოგში იქნება ჩამოსხმული.

„ირინოლას“დაფუძნების იდეა 2017 წელს მოუვიდა. საქართველოში საცხოვრებლად 2010-იან წლებში დაბრუნდა და გადაწყვიტა, ოჯახურ ბიზნესს თავად გაძღოლოდა. თუმცა მესხეთში, საოჯახო მამულში არსებული მეფუტკრეობა საკმარისი არ აღმოჩნდა ბაზრის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ირინემაც თაფლის შესყიდვა მეზობელი წარმოებებიდან დაიწყო და საოჯახო ბიზნესის ბრენდირებას შეუდგა.
კაპანაძის ოჯახი ყოველწლიურად 500-1000 კილოგრამ თაფლს აწარმოებდა. მათ მიერ შექმნილი პროდუქტი როგორც ბაზარში, ისე სხვადასხვა მაღაზიაში იყიდებოდა. პროდუქცია ბრენდირებული არ იყო. თაფლს უბრალო ქილებში ასხამდნენ, არც ეტიკეტს აკრავდნენ, არც სტაბილურ შემსყიდველებსა და დისტრიბუტორებს ეძებდნენ.
ირინეს საკუთარი ბიზნესის განვითარების იდეა „მადამვაინის“ დამფუძნებელმა, მანანა ახვლედიანმა შთააგონა. მეგობრის შეგონებით დაიწყო წარმოებაზე ფიქრი. მისი პირველი საფიქრალი თაფლის ჩამოსხმა და ის ჭურჭელი იყო, რომელშიც ქარვისფერი სუბსტანცია შეინახებოდა.

„ლამის არქიმედეს მსგავსად, „ევრიკა“ წამოვიძახე, როცა მივხვდი, რომ თაფლი თიხის ქოთნებში უნდა ჩამომესხა“, − სიცილით იხსენებს ირინე.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, უძველეს სამარხში აღმოჩენილი თაფლი სწორედ თიხის ჭურჭელში ინახებოდა. სწორედ ეს ფაქტი გახდა ირინეს შთაგონება. უპირველესად კერამიკოს მაია გადაბაძეს მიაკითხა და 5500 წლით დათარიღებული ქოთნების ანალოგის შექმნა სთხოვა.

ირინე კაპანაძე თბილისში ცხოვრობს. თაფლი საკუთარი და მესხეთში მცხოვრებთა მეფუტკრეობიდან სწორედ ფალიაშვილის ქუჩაზე ჩამოაქვს, თიხის ჭურჭელში ასხამს, ხუფავს, ცვილით კრავს და აფასოებს.

ოჯახურ ბიზნესში ყველა წევრი ჩართულია. ირინე თაფლს საკუთარი ხელით „აბინავებს“, შემდეგ ფიჭის ფირფიტას სახურავზე ამაგრებს და ქოთანს კრავს. რაც შეეხება დახუფვის პროცესს, ქოთნის იდეის არ იყოს, ამ თემაზეც დიდხანს იფიქრა.

„უცებ ბებიაჩემი მომაგონდა, რომელიც მურაბებს სწორედ ცვილის ფენით ხუფავდა. გადავწყვიტე, იგივე გამემეორებინა“. ცვილის თხელ ფენას თითოეულ ქოთანს საკუთარი ხელით უსვამს და ქოთანიც ჰერმეტულად იკვრება.

„ვაწარმოებთ როგორც 300–გრამიან შეფუთვებს, ასევე, 100 და 150-გრამიან ქოთნებს. მცირე ზომის შეფუთვების შექმნის იდეა იმიტომ გაჩნდა, რომ ტურისტებს რამდენიმე 300-გრამიანი ქილის საზღვარზე გადატანა წონის გამო უჭირდათ. მცირე შეფუთვები მთლიანად ტურისტულ ნაკადებზეა გათვლილი და პროდუქტზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ფინანსურად ბევრად მომგებიანია, ვიდრე, 300-გრამიანი.

„ირინოლას“ თაფლი აბანოთუბანში და სხვადასხვა ტურისტულ მაღაზიაში იყიდება.

ქალბატონი ირინა კაპანაძე და ქართული თაფლის კომპანია ირინოლა პერსონა 2020 – ის ტიტულს მიიღებს

Gepostet von პერსონა am Montag, 17. August 2020

CATEGORIES
TAGS
Share This