ლიდერ ქალთა საზოგადოებამ და BUSINESS WOMEN MAGAZINE-მა უმასპინძლეს ქალთა გაძლიერების საღამოს
თბილისში გაიმართა გამორჩეული ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ქალთა პროფესიული წინსვლისა და გაძლიერების ხელშეწყობას. “ლიდერ ქალთა საზოგადოებამ” და “BUSINESS WOMEN MAGAZINE”-მა უმასპინძლეს განსაკუთრებულ საღამოს, რომელიც მიეძღვნა ქალთა წინსვლას, შემოქმედებას და გაძლიერებას.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო BUSINESS WOMEN MAGAZINE-ის ახალი ნომრის ლიმიტირებული გამოცემა, რომელიც ასახავს წარმატებული ქალბატონების ისტორიებს, პროფესიულ რჩევებს და ინოვაციურ იდეებს. სტუმრებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა შეეძინათ ჟურნალის სპეციალური კოლექცია.
ლიდერ ქალთა საზოგადოების დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნათია შათირიშვილმა წარმოადგინა ახალი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული როლის გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დიასპორულ ინიციატივებს, რომლებიც ორიენტირებულია საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ქალთა შორის კავშირების გაძლიერებაზე, პროფესიული თანამშრომლობის პლატფორმის შექმნასა და დიასპორაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრაციაზე ქვეყნის განვითარებაში.
ღონისძიებას დაესწრნენ წარმატებული პროფესიონალები სხვადასხვა სფეროდან: ბიზნეს-ლიდერები და მეწარმეები, ფინანსური სექტორის სპეციალისტები, განათლების სფეროს ნოვატორები და კორპორატიული მენეჯმენტის ექსპერტები. სტუმრები ჩამობრძანდნენ თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, რათა გაეზიარებინათ თავიანთი უნიკალური პერსპექტივები და გამოცდილება.
“ეს საღამო იყო დასაწყისი კიდევ ერთი ნაბიჯისა იმ სამყაროსკენ, სადაც ქალთა ხმა, იდეები და ლიდერობა არა მხოლოდ ისმის, არამედ რეალურ ცვლილებებს იწვევს,” – განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა.
ღონისძიებამ შექმნა უნიკალური პლატფორმა ნეთვორქინგისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის და მომავალი თანამშრომლობის დაგეგმვისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქალთა პროფესიულ განვითარებასა და საზოგადოებრივი როლის გაძლიერებას.