ნატო ფაჩუაშვილის სადებიუტო რომანი „წიგნებში მოხეტიალე“

ნატო ფაჩუაშვილის სადებიუტო რომანი „წიგნებში მოხეტიალე“

ნატო ფაჩუაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ცოტა ხნის წინ ლიტერატურულ სფეროში თავისი სადებიუტო წიგნის „წიგნებში მოხეტიალე“-ს  სახელით წარსდგა ფართო აუდიტორიის წინაშე.

საინფორმაციო პორტალ „რეალინფოსთან“ გულწრფელ ინტერვიუში ნატო ცხადყოფს, რომ მისმა სურვილმა, შეექმნა საკუთარი სამყარო, სადაც აზრები და ემოციები თავისუფლად მიედინებოდა, განაპირობა “წიგნებში მოხეტიალე”-ს შექმნა. ღრმა სიყვარული ლიტერატურის, განსაკუთრებით კი ბრიტანული ლიტერატურული ტრადიციისადმი, რომანის ღრმა შთაგონება იყო. თავისი ცოდნისა და ენთუზიაზმის გაზიარების მისიით, ნატო იმედოვნებს, რომ მკითხველებში კითხვისადმი სიყვარულს გააღვივებს.

„წიგნებში მოხეტიალე“არის გოგონაზე, რომელსაც ძალიან უყვარს კითხვა. ლიზა ადამიას აქვს გამორჩეული ურთიერთობა წიგნებთან და ახასიათებს თავგადასავლების ძიება, ცნობისმოყვარეობა და ლიტერატურული სამყაროს შესწავლის სურვილი. მისთვის წიგნის კითხვა არ არის გასართობი აქტივობა, ის ცხოვრობს წიგნების წარმოსახვით სამყაროში. მაგალითად, გოთიკური და ენიგმატური ბიბლიოთეკა მას აგონებს ჰოგვორთსის სკოლას „ჰარი პოტერი“–დან და მას თავი წიგნის გმირი ჰგონია. ის თამაშობს

„ალისას თავგადასავალი საოცრებათა სამყაროში“ გმირებით და სკოლის მასწავლებელს ადარებს მის ჰანის, როალდ დალის „მატილდა“–დან. გარდა ამისა, ლიზასთვის წიგნები მწარე რეალობიდან გაქცევის ერთადერთი საშუალებაა. მის ფანტაზიის სამყაროში ყველა მისი ტკივილი და დარდი ქრება. წიგნები მისთვის რეალობოდან გაქცევის ყველაზე კარგი საშუალებაა. ის წიგნებში დაეძებს ბედნიერებას.  წიგნების სიყვარული მას შეახვედრებს დანიელ დევისს, ახალგაზრდა, ჭკვიან და გამორჩეულ მწერალს, რომლის ნაწარმოებებიც ძალიან დიდ ემოციას იწვევს მასში. დანის (დანიელის შემოკლებული ფორმა) ურყევი სიყვარული მწერლობისა და მისი თხრობის ხელოვნება ლიზასთვის აღმოჩნდება ის სულიერი საზრდო, რომელსაც ის წიგნებში დაეძებს. ისინი ორივე აღმოჩნდებიან ფანტაზიის ლაბირინთში დაკარგული მოხეტიალე სულები.

წიგნის დასაწყისში მოქმედება ვითარდება 1990 წლების საქართველოში, სადაც ლიზა თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ოჯახური ტრაგედია და ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა მის ოჯახს აიძულებს საცხოვრებლად გადავიდეს ინგლისში. ლიზა სწავლობს ბრიტანულ ლიტერატურას მანჩესტერის უნივერსიტეტში, სადაც ის შეხვდება დანის, მისი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს. თუმცა, ცხოვრება მათ ბევრ გამოწვევას უმზადებს. მათმა სიყვარულმა უნდა გაუძლოს იმ დაბრკოლებებს, რომლებიც მათ გზაზე ეღობება.

„წიგნებში მოხეტიალე“ არის ემოციებით დატვირთული წიგნი, რომელიც მოგითხობთ არა მხოლოდ ლიზას და დანის სიყვარულზე, არამედ მეგობრობაზე, და–ძმურ სიყვარულსა და ოჯახურ ურთიერთობებზე. მთლიანად წიგნი არის ლიტერატურის,  მეგობრული და რომანტიული სიყვარულის მანიფესტაცია.

„მაქვს მოლოდინები, რომ ამ წიგნს ისევე შეიყვარებთ, როგორი სიყვარულითაც მე ის თქვენამდე მოვიტანე. წიგნის პირველი მკითხველების შთაბეჭდილებები ძალიან პოზიტიურია, რაც მაფიქრებინებს რომ ამ წიგნით ჩემი მკითხველის გულამდე მივალ“ – აღნიშნავს ავტორი.

გამომდინარე იქიდან, რომ წიგნში მოქმედების უმეტესი ნაწილი უნივერსიტეტში მიმდინარეობს, ავტორი მიიჩნევს, რომ წიგნისთვის განკუთვნილი აუდიტორია სტუდენტებია. ასევე ყველა ის ადამიანი, ვისაც უყვარს ლიტერატურა და კითხვა.

როდესაც ავტორს ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა მას კონკრეტული მიზნები ან გზავნილები, რომლებსაც ნაწერით გადმოსცემდა, მან გვიპასუხა, რომ ამ წიგნის ერთ–ერთი მთავარი გზავნილია ის, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, ამიტომ მკითხველმა უნდა იცხოვროს დღევანდელი დღით და ნუ დაელოდებიან იყონ ბედნიერი ხვალ.

„თქვენი ბედნიერება თქვენს ხელშია, ჩაეჭიდეთ თითოეულ ბედნიერ მომენტს და დააფასეთ.  ცხოვრება ძალიან რთულია და ხშირად უსამართლოდ გვექცევიან, მაგრამ თქვენ ყოველთვის უნდა გამოიჩინოთ გამძლეობა. შეიძლება გიღალატონ, გატკინონ,  უარგყონ, მაგრამ არასდროს მისცეთ ამ უარყოფით გამოცდილებებს უფლება განსაზღვროს თქვენი პიროვნება. გულისტკივილმა არასდროს არ უნდა შეარყიოს თქვენი რწმენა და ყველა მსგავსი სიტუაციიდან უნდა გამოხვიდეთ გამარჯვებული. ნამდვილი ბედნირება საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნაა, იპოვეთ შინაგანი სიძლიერე და სულიერი სიმტკიცე თქვენში და ის აუცილებლად მიგიყვანთ ბედნიერებამდე.“

ავტორს ვთხოვეთ ჩვენთვის გაეზიარებინა წერის პროცესის შესახებ, თუ როგორ აღწერდა ამ წიგნის შექმნის პროცესსა და ემოცებს.

„წიგნის წერის პროცესი ძალიან საინტერესო, ამავდროულად რთული აღმოჩნდა. პირველ რიგში ეს იყო საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესი. ჩემს თავში აღმოვაჩინე ახალი შეხედულებები და ძალიან გავიზარდე პიროვნულად. ეს წიგნი არის ჩემი მოთმინებისა და გამძლეობის გამოცდა, რამაც საბოლოოდ მიმიყვანა მის გამოქვეყნებამდე. საკუთარ თავში ვიპოვე ძალა იმისა, რომ მზად ვყოფილიყავი გავმკლავებოდი მოსალოდნელ კრიტიკას. ამ წიგნის გამოქვეყნება არის გამარჯვება საკუთარ თავთან, რადგან ჩემში დავამარცხე ყველაზე დიდი მონსტრი, შიში. ამ ბრძოლაში მარტო არ ვყოფილვარ. ჩემს გვერდით აღმოჩნდა უამრავი ადამიანი, რომლებმაც საკუთარი თავის რწმენა და იმედი გამიღვიძეს. სიტყვები უძლურია იმ მადლიერების გამოსახატავად, რასაც მე ამ ადამიანების მიმართ განვიცდი. მათი ნდობა და რწმენა ჩემი შესაძლებლობების, როგორც დებიუტანტი მწერლის, ძალიან ბევრს ნიშნავს.

თავად წერის პროცესი კი ყველაზე საუკეთესო გამოცდილება იყო ჩემთვის, განსაკუთრებით კი პერსონაჟების შექმნა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემს წარმოსახვაში არსებული არარეალური გმირები გავაცოცხლე, შევქმენი პიროვნებები და მათ გადავეცი ჩემი ემოციები.  მეც ვიცინოდი, როცა ჩემს პერსონაჟებს ბედნიერს ვხატავდი. მეც მათთან ერთად ვტიროდი, როდესაც ჩემს პერსონაჟებს გამოწვევების და ტრაგედიის წინაშე ვაყენებდი. დღემდე ვერ ვხსნი, ეს მე გადავეცი ემოციები მათ, თუ ისინი ახდენენ ზეგავლენას ჩემზე, ფაქტია ყველა ემოცია ბუნებრივად განვიცადე. ისევე როგორც ჩემი პერონაჟები იცვლებიან და იზრდებიან სიუჟეტის მსველობისას, ასევე განვიცადე პარალელური პიროვნული ზრდა. თითოეული პერსონაჟის ტრიუმფი და ბრძოლა ასახავდა ჩემს, როგორც ავტორის, ემოციურ მდგომარეობას.“

ცხადია, ნებისმიერ ნაშრომს თან ახლავს გარკვეული გამოწვევები, თუ სიურპრიზები, მოდით ერთად გავეცნოთ იმას, თუ რისი გადალახვა მოუწია ავტორს მანამ, სანამ ჩვენამდე ეს არაჩვეულებრივი ნაშრომი მოვიდოდა.

„წიგნის ერთ–ერთი პროტაგონისტი, დანიელ დევისი მწერალია. წიგნში ერთი სიუჟეტია, სადაც გმირები (სტუდენტები) კრეატიული წერის ლექციაზე ქმნიან მოთხრობას. იმისთვის, რომ გადმომეცა დანის, როგორც მწერლის, შინაგანი სამყარო, დამჭირდა ჩემსავე წიგნში მოთხრობის შექმნა. ჩემს მიერ წინასწარ დაგეგმილ plotline არ ითვალიწინებდა იმას, რომ წიგნში კიდევ დამატებით მოთხრობა დამეწერა და აღმოვჩნდი დიდი დაბრკოლების წინაზე. ჩემი წარმოსახვის უნარი ვეღარ წვდებოდა დამატებითი ნაწარმოების შექმნას, გარდა ამისა, ამ ნაწარმოებს უნდა ჰქონოდა რაიმე მნიშვნელობა. პირველად აქ მივატოვე წერა. როცა წერას დავუბრუნდი, რამდენიმე მოთხრობა დავწერე, არც ერთი არ მომეწონა. ბოლოს ვიფიქრე, რა უნდა შეექმნა დანის ისეთი, რომ მას ემოციური კავშირი დაემყარებინა მის მკითხველთან. აქედან გამომდინარე შევქმენი კიდევ ერთი პატარა ისტორია, რომელმაც დიდი ემოციური რეზონანსი გამოიწვია პერსონაჟებში. ზოგადად, გამიჭირდა მისი, როგორც მწერლის, გმირის შექმნა. სხვა პერსონაჟებთან შედარებით, დანის დიალოგები უნდა ყოფილიყო ამაღლებული და მაღალფარდოვანი. ასევე, ძალიან მინდოდა მისი ნიუ იორკული აქცენტი ნაწერში გადამეტანა.  რამდენად ეფექტურად მოვახერხე, ეს მკითხევლმა შეაფასოს. ჩემი მკითხველების უმეტესობა ხაზს უსვამს დანის გმირს, როგორც სიმბოლოს ერთგულების, მამაკაცურობის და სიყვარულის. ძალიან მიხარია, რომ თუნდაც რამდენიმე ადამიანისთვის დასამახსოვრებელი პერსონაჟი შევქმენი.“

ამ ეტაპზე დაინტერესებულ მკითხველს წვდომა ელექტრონული წიგნის ვერსიაზე შეუძლია, Amazon-სა და Apple Books-ზე, თებერვლიდან კი ბეჭდური ვერსია გამოვა საქართველოს წიგნის მაღაზიებში. აუდიო წიგნის ვერსია ასევე მზადდება პლატფორმებისთვის, როგორიცაა Amazon, Audible და iTunes.

ქ-ნ ნატო თანამშრომლობს სხვადასხვა წიგნის მაღაზიებთან და პლატფორმებთან, რათა უზრუნველყოს ფართო წვდომა მის სადებიუტო რომანზე.

რაც შეეხება წერის პროცესსა და გამოწვევებს, წერის პროცესი ნატოსთვის თვითგამორკვევის მოგზაურობა იყო. პერსონაჟების შექმნამ და მათი ისტორიების ქსოვამ მას საშუალება მისცა გამოეკვლია საკუთარი ემოციები და პიროვნული ზრდა. წარმოიშვა გამოწვევები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას მოუწია სიუჟეტის შექმნა, დავალება, რომელმაც გამოსცადა მისი კრეატიულობა.

წიგნის პრეზენტაციის თარიღი ჩვენთვის უკვე ცნობილია, იგი 2024 წლის 8 მარტს, 20:00 ზე, „მწერლების ბარში“ გაიმართება, სადაც ავტორი მსმენელს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის “წიგნებში მოხეტიალეს” შესახებ, წაიკითხავს ნაწყვეტებს და ჩაერთვება ლიტერატურულ დისკუსიებში.

სანამ “წიგნებში მოხეტიალე” თავისი ეტაპებით პროგრესირებს, ნატო ფაჩუაშვილი მიანიშნებს ორ მომავალ პროექტზე, რასაც მკითხველი მოუთმენლად ელის ამ პერსპექტიული ავტორისგან.

დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ესტუმროს წიგნის პრეზენტაციას, რათა უფრო ღრმად ჩასწვდნენ “წიგნებში მოხეტიალეს” სამყაროს და შეხედონ მის მომავალ ლიტერატურულ მცდელობებს.

სტატია მომზადებულია ვაკო ყორღანაშვილის მიერ.

CATEGORIES
Share This