ნომინაციაში “წლის საოპერო ხმა 2023” წარდგენილია ფერიდე ჯინჯიხაძე

ნომინაციაში “წლის საოპერო ხმა 2023” წარდგენილია ფერიდე ჯინჯიხაძე

ჩვენ, ქალები ძლიერები ვართ და უნდა ვიყოთ ლიდერები.

გიზიარებთ ფერიდე ჯინჯიხაძის ნარატივს:

“მე ფერიდე ჯინჯიხაძე ვარ. დავამთავრე ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია-ვოკალური ფაკულტეტი.

ვარ ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახ.საოპერო თეატრის წამყვანი სოლისტი. ვმუშაობ ვოკალის პედაგოგად ქუთაისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში.

2001 წელს მიწვეული ვიყავი თბილისში ოპერა “აბესალომ და ეთერის” სპექტაკლზე, ვასრულებდი ეთერის პარტიას, 150-ე საიუბილეო სეზონის გახსნაზე. საკონცერტო გასტროლი: ფონდ “მსოფლიო ტალანტების” მიერ მიწვევა მოსკოვში.

ვარ კორეის საერთაშორისო ფესტივალის მეორე პრემიის ლაურეატი და პრიზის “ვერცხლის ლირა”-ს მფლობელი. ჩემს მიერ შესრულებული სიმღერა შევიდა კორეის რადიოს ოქროს ფონდში.

სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, დედის სურვილი იყო გავმხდარიყავი ექიმი, თუმცა მამამ თავისი წვლილი შეიტანა და საბოლოო ჯამში მამის შეკითხვაზე „შენ სად გირჩევნია საავადმყოფოში თუ თეატრში“ რა თქმა უნდა ჩემი პასუხი იყო თეატრი.

სკოლის დამთავრებისთანავე მივედი კონსერვატორიაში და ჩავირიცხე ვოკალურ ფაკულტეტზე.

როდესაც ბოლო კურსზე ვიყავი ჩვენი კათედრის გამგემ მითხრა, “მე შენი ხმა უნდა მოვასმენინო სახალხო არტისტს, მედეა ამირანაშვილს.”

ქალბატონმა მედეამ მომისმინა და აღფრთოვანება ვერ დამალა, მაშინვე ამიყვანა და მას შემდეგ 10 წლის მანძილზე, კონსულტაციებს ქალბატონ მედეასთან გავდიოდი.

ქალბატონ მედეას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მომღერლად ჩამოყალიბებაში, მას შემდეგ ვარ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი.

ჩემი მეუღლე იურისტია, დიდ პატივს სცემს ჩემს პროფესიას, ჩემი სიყვარულით ჩემი პროფესიაც უყვარს, ჩემთვის მისი შეფასება უმნიშვნელოვანესია.  მყავს 1 ქალიშვილი, თეკლა, ძალიან კარგი მოსწავლეა, ალბათ არ ჩავერევი ჩემი ქალიშვილის პროფესიის შერჩევაში, ის იზრდება თეატრალურ გარემოში, თუკი ის გამოთქვამს ამის სურვილს მოხარული ვიქნები, თუ არ ხელს შევუწყობ არჩევანში.

ქალები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე მამაკაცები. მე გაცილებით მეტი ძლიერი ქალი შემხვედრია, ვიდრე მამაკაცი, ქალები ვართ ძლიერები და უნდა ვიყოთ ლიდერები.

იმ ქალბატონებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას ვურჩევ, რომ საკუთარ თავს დაუსვან კითხვა, უყვართ თუ არა არჩევანი, მომავალი პროფესია, პროფესიონალიზმიც სწორედ სიყვარულიდან მოდის, ამის შემდეგ არის ფინანსური დაინტერესება.

სამომავლოდ ისევ პიროვნულ განვითარებას ვგეგმავ, არასოდეს ვარ კმაყოფილი საკუთარი თავის მიღწევით. სულ უფრო მეტს და მეტს მოვითხოვ საკუთარი თავისგან.

მყავს მოსწავლეები და ჩემი მიზანია მოსწავლეებს შევაყვარო მუსიკა, თეატრი და ხელოვნება.

CATEGORIES
Share This