სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას – ჯანმოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელი

სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას – ჯანმოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელი

უნდა დაიხუროს თუ არა სკოლები – ჯანმოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელი

სკოლებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს და დაწესებულებებს შორის ის უნდა იყოს პირველი, რომელიც გაიხსნება და ასევე, უნდა იყოს ბოლო, რომლის დაკეტვაც განიხილება,- ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა ვასილი ესენამანოვმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ონლაინ კონფერენციის დროს განაცხადა.

ამასთანავე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, სკოლები მხოლოდ იმ გეოგრაფიულ არეალებში უნდა დაიხუროს, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმეა.

„გვჯერა, რომ განათლების მიღების გაგრძელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში და ამასთანავე, ბავშვების სოციალიზაციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გეოგრაფიული განაწილებით იხელმძღვანელოს. იმ გეოგრაფიულ არეალებში, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სკოლების დახურვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, ამ შემთხვევაში სკოლები უნდა დაიხუროს, მაგრამ თუ ასეთი აუცილებლობა არ იქნება, სკოლებმა უნდა იმუშაოს. ასევე, გასათვალისწინებელია სკოლების დახურვის გავლენა არა მხოლოდ ბავშვების განვითარებაზე, არამედ თითოეულ ოჯახზე, რადგან ამ შემთხვევაში მშობლებს უწევთ ყოველდღიური ეკონომიკური აქტივობის მიტოვება” – განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სასწავლო დაწესებულებებში ინფიცირების რისკი ყოველთვის მაღალია.

“მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხარისხიანი დისტანციური სწავლებისთვის შესაბამისი ტექნიკური პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი და იმ დროს, როდესაც სკოლები ჯერ კიდევ დაკეტილია, მნიშვნელოვანია, მოხდეს მათი აღჭურვა და მომზადება, რაც შეიძლება სწრაფი გახსნისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ამ რისკის მინიმუმამდე შემცირება უნდა მოხდეს.

სკოლაში ბავშვები შეიძლება დაინიფიცირდნენ და მათ შეიძლება გაავრცელონ ვირუსი. რა თქმა უნდა, რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, ნაკლებია შანსი სერიოზული დაავადების განვითარების, თუმცა საყურადღებოა, რომ, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო რთულია შესაბამისი ზომების დაცვა, ძალიან რთულია იმის უზრუნველყოაფა, რომ ბავშვმა ატაროს ნიღაბი წესების დაცვით, დაიბანოს ხელები რეგულარულად და ყველაზე საყურადღებოა ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ფიზიკური დისტანციის დაცვა,“– განაცხადა ვასილი ესენამანოვმა.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მიღებული აქვს წესები, რომელიც შეამცირებს ვირუსის გავრცელების ალბათობას სკოლების გახსნის შემთხვევაში.

CATEGORIES
TAGS
Share This