ქვეყანაში კარანტინის და საგანგებოს გამოცხადება არ განიხილება

ქვეყანაში კარანტინის და საგანგებოს გამოცხადება არ განიხილება

ამირან გამყრელიძე: ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი და ჩაკეტვა, ვერ და არ განხორციელდება, მაგრამ წერტილოვანი დარტყმები შეიძლება იყოს

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი და ჩაკეტვა, ვერ და არ განხორციელდება, მაგრამ წერტილოვანი დარტყმები შეიძლება იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 57 ახალი შემთხვევა უკვე სერიოზული ზრდაა და ამას მეორე ტალღას ვუწოდებთ, თუ პირველის შემდგომ განვითარებას, სახელის დარქმევას ამ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

„რადგან მოდის შემოდგომა, როდესაც სხვა რესპირაციული ვირუსების ზედდება შეიძლება იყოს, გრიპის ვირუსი ტრადიციულად ქვეყანაში ოქტომბრის ბოლოს ჩნდება ხოლმე, უფრო ხშირად ნოემბრის შუა რიცხვებიდან და კიდევ ორი თვეა მანამდე, მაგრამ მაინც, ეს დინამიკური ზრდა საკმაოდ საყურადღებოა. ფაქტია, რომ ქვეყანაში ინფექციის შიდა ცირკულაცია გვაქვს და ამის შეკავება ყველანაირად უნდა მოვახდინოთ. შეკავების ის პრინციპები, რაც გაზაფხულზე განხორციელდა, ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი და ჩაკეტვა, რა თქმა უნდა, ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ და არ განხორციელდება, მაგრამ ლოკალური, წერტილოვანი დარტყმები შეიძლება იყოს იმის მიხედვით, თუ ასეთი კლასტერები გვექნა. აქამდე რომ არ მივიდეთ, საჭიროა დავიცვათ რეკომენდაციები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1830 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1334-ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

CATEGORIES
TAGS
Share This