მთავარია  საყვარელი საქმე აკეთო  დიდი სიყვარულით, უანგაროდ  და წრფელი გულით-რაც აუცილებლად  მიგიყვანს სასურველ შედეგამდე და უდიდეს წარმატებამდე.

ამ სიტყვებით იწყებს საუბარს ნატო დათიაშვილი- ხელოვანი, მასწავლებელი, სიმღერისა და ლექსების ავტორი და  არტ სტუდიო ,,ენდი”-ND’s Art   დამფუძნებელი.

-ჩემს სტუდია სახელოსნოში ვასწავლი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებს, ვატარებ მასტერკლასებს, ვორქშოფებს, ამავდროულად ვარ ხელოვნების პედაგოგი ორ საჯარო სკოლაში.

ქალბატონი ნატო გვიამბობს თავისი მიზნებისა და ამოცანების შესახებ:

-ჩემი საქმიანობის სფერო და ინტერესი, რაც ჩემს ბიზნესს უდევს საფუძვლად არის ხელოვნების საშუალებით გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში, მოყვარული ხელოვანების ხელშეწყობა და პროფესიონალი კადრების მომზადება. პედაგოგიური მოღვაწეობის 16 წლის მანძილზე, ხელოვნების პრაქტიკულ ნაწილს ვუთმობ -გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებსა და საზოგადოებაში, კერძოდ- ნარჩენების გაცოცხლებით ვქმნით ხელოვნების ნიმუშებს. ასევე სახვითი ხელოვნების კონკურსებში, საპრიზო I- II- III ადგილებს უწყვეტად იკავებდნენ ჩემი მოსწავლეები საბაზო საფეხურზე სწავლების განმავლობაში რესპუბლიკის და საქართველოს მასშტაბით.უდიდესი როლი აქვს პროექტებით სწავლებას და არაფორმალური განათლების საშუალებით ფორმალური განათლების ხელშეწყობას.

-კეთებით სწავლებას, ამ მიზნით დაგეგმილი მაქვს სტუდია სახელოსნოს სივრცის გაფართოება, მსურს შევქმნა საგანმანათლებლო-სამეწარმეო ცენტრი, გლობალური ქსელი, სადაც ჩართული იქნება არა მხოლოდ ჩემი მოსწავლეები, არამედ ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც გარემოს დაცვა მნიშვნელოვანია, გლობალური პრობლემიდან გამომდინარე მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში- უკეთესი განათლება მდგრადი სამყაროსათვის ! ასევე ხელოვნურ ინტელექტს დავუკავშირებ ზემოთ ჩამოთვლილს, ჩემს მიერ შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით.

-ის რომ ქალი ვარ, ეს კიდევ უფრო მეტ ძალას და სტიმულს მაძლევს ჩემს საქმიანობას გავუძღვე მიზანდასახულად, მედგრად და შეუპოვრად, იყო ქალი ეს ისეთი ძალაა, თუ მოინდომებ ყველაფერს შეძლებ, მიუხედავად იმისა, რომ მე გარკვეული წლები ჩემს შვილებზე ზრუნვას დავუთმე და შემდეგ წავედი კარიერაში, მინდა ვთქვა, რომ არასოდეს არ არის გვიან! თუ შენს საქმეში ჩადებ სულსა და გულს, მთელ ენერგიას, როდესაც ამ ყველაფერს სიყვარულით, უანგაროდ აკეთებ და იხარჯები მაქსიმალურად, ყოველთვის დიდი შედეგი მოაქვს, ამავდროულად დიდი სიყვარული მოდის სამყაროსაგან და ადამიანებისაგან, ვისთანაც კოლაბორაციაში ხარ.

როგორც ქალი, ვარ ამაყი, რომ ვემსახურები საყვარელ საქმეს, არა მარტო ვასწავლი, არამედ თავად ვქმნი ხელოვნების ნიმუშებს, აქსესუარებს, სახლის დეკორაციებს, ვემზადები პერსონალური გამოფენისათვის, სადაც წარმოდგენილი იქნება ნარჩენების გამოყენებით შექმნილი ხელოვნების ნიმუშები, რათა უფრო თვალნათელი გავხადო პროექტის არსი და მოტივაცია იყოს როგორც ჩემი მოსწავლეებისათვის, ასევე გლობალური ქსელის მოკავშირეთათვის.

თავდაუზოგავმა და ერთგულმა შრომამ, მოსწავლეების, პროფესიის, ქვეყნის და სამყაროს სიყვარულმა მიმიყვანა იქ, დღეს სადაც ვარ.

მინდა ყველა ქალს ვურჩიო, რომ ნუ შეუშინდებიან ცხოვრების გამოცდებს და წინააღმდეგობებს, წარმატებისათვის უმნიშვნელოვანესია განათლება, მუდმივად იზრუნონ განვითარებაზე, შეიძლება იყო დედა, მეუღლე, იზრუნო ღირსეული და განათლებული თაობის აღზრდაზე და ამავდროულად იარო წინ, აკეთო შენი საყვარელი საქმე, იყო გულწრფელი ურთიერთობებში, სარგებელი და წარმატება მოუტანო როგორც საკუთარ თავს, ოჯახს, ასევე სამშობლოს და სამყაროსაც კი.

CATEGORIES
Share This