9 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო “ვინდჰემგრანდში” უპრეცედენტო ღონისძიება გაიმართა – “ლიდერ ქალთა საზოგადოების” ორგანიზებით ჩატარდა მსჯავრდებულ ქალთა დეფილე, რომელიც ერთ-ერთი მონაწილისთვის სრულიად მოულოდნელი და სასიხარულო ფინალით დასრულდა.

პროექტის იდეა სრულად ეკუთვნოდა საერთაშორისო განათლების აკადემია “ბიდისისა” და “ლიდერ ქალთა საზოგადოების” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ნათია შათირიშვილს, რომელმაც გაბედული ინიციატივით შეძლო სხვადასხვა უწყებების დაინტერესება და მხარდაჭერის მოპოვება ამ უნიკალური ღონისძიების განსახორციელებლად.

საქველმოქმედო ღონისძიებაზე ქალმა პატიმრებმა საკუთარი ხელით შექმნილი ტანისამოსი და აქსესუარები წარმოადგინეს, რომელთა შესაქმნელად საჭირო მასალები უზრუნველყო საერთაშორისო განათლების აკადემია “ბიდისიმ”. აკადემიამ, რომელიც “ლიდერ ქალთა საზოგადოების” “ოქროს სპონსორია”, შეიძინა ნაჭრები და ყველა საჭირო მასალა ტანსაცმლის შესაკერად, რომლებიც შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში შეიტანეს.

პროექტის ფარგლებში, “ლიდერ ქალთა საზოგადოების” მობილიზებით, პატიმრებს ჩაუტარდათ მასტერკლასი პროფესიონალი მოდელებისგან, სადაც ისინი სწავლობდნენ, თუ როგორ უნდა გაევლოთ პოდიუმზე. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, რომ შეეძინათ ახალი უნარები და თავდაჯერებულობა მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის.

ასევე, “ლიდერ ქალთა საზოგადოების” წევრმა ბიუთი სფეროს წარმომადგენლებმა იზრუნეს პატიმრების გალამაზებაზე, ვიზაჟზე, მაკიაჟზე და ვარცხნილობაზე. პროფესიონალები ჩაერთვნენ პროექტში და საკუთარი უნარებით დაეხმარნენ პატიმრებს, რომ ღონისძიებაზე თავდაჯერებულები და ლამაზები ყოფილიყვნენ.

ქალმა პატიმრებმა “ბიდისის” მიერ შეძენილი ნაჭრებით და სხვა მასალებით შეკერეს მრავალფეროვანი კაბები, ხელით დაამზადეს უნიკალური აქსესუარები და ამ ნამუშევრებით წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე. მათი ხელოვნება და კრეატიულობა დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანების საგანი გახდა.

 

“მსგავსი ხასიათის ღონისძიება უპრეცედენტოა, რადგან პატიმრებმა გარკვეული დროით დატოვეს პენიტენციური დაწესებულება და მაყურებლის წინაშე წარსდგნენ თავიანთი ნამუშევრებით. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციის გზაზე,” – აცხადებს ნათია შათირიშვილი, რომლის ხედვამ და მიზანმიმართულმა ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა ამ ინოვაციური პროექტის განხორციელება.

დეფილეს დასასრულს ემოციური მომენტი დადგა – 20 წლის მარიამ ნოზაძე, ერთ-ერთი მონაწილე მსჯავრდებული, “ამნისტიის შესახებ” კანონის საფუძველზე პირდაპირ სცენიდან გაათავისუფლეს. გოგონას, რომელსაც პატიმრობაში კიდევ 2 წელი ჰქონდა დარჩენილი, ეს ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა, რამაც დამსწრე საზოგადოებაში ცრემლნარევი ოვაციები გამოიწვია.

“მადლობა ყველას, ციხის ადმინისტრაციას, ჩემს ოჯახს, რომელიც გვერდში მედგნენ. რთულია, როცა ოჯახს მსჯავრდებული ჰყავს, მისი რჩენა დიდ თანხას მოითხოვს, დედაჩემმა ბევრი იშრომა, რომ მე იქ არაფერი მომკლებოდა,” – განაცხადა მარიამმა გათავისუფლების შემდეგ. მან ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ნათია შათირიშვილსა და აკადემია “ბიდისის”, რომლის დახმარებითაც მან და სხვა პატიმრებმა შეძლეს საკუთარი შემოქმედებითი უნარების გამოვლენა.

პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას მარიამმა ვებ-დიზაინის შესწავლა მოასწრო და ახლა სამსახურის პოვნას გეგმავს. “სამომავლო გეგმები დიდი მაქვს. პენიტენციურ დაწესებულებაში შევისწავლე ვებ-დიზაინი. თავისუფლება ძალიან დასაფასებელია. შეცდომებს ყველა ვუშვებთ, ამისგან დაზღვეული არავინაა, მთავარია პატიება ვისწავლოთ,” – აღნიშნა მან.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სპეციალური სტენდები, სადაც გაიყიდა პატიმრების მიერ შექმნილი ნამუშევრები – კაბები, ხელჩანთები, სამკაულები და სხვა აქსესუარები. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდა თითოეულ მსჯავრდებულს, რაც მათთვის ფინანსური დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯი გახდა.

ასევე, “ლიდერ ქალთა საზოგადოების” პარტნიორმა კომპანიებმა პატიმრებს გადასცეს სხვადასხვა საჩუქრები, რაც დამატებითი სტიმული და წახალისება იყო ქალებისთვის, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ცხოვრების ახლიდან აწყობას. ეს საჩუქრები მოიცავდა როგორც პრაქტიკულ ნივთებს, ასევე სილამაზის პროდუქტებს, წიგნებს და სხვა მნიშვნელოვან ნივთებს, რომლებიც დაეხმარებათ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც სამთავრობო დელეგაცია, ასევე დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. მრავალი დამსწრე აღნიშნავდა, რომ პატიმრების მიერ შექმნილი ნამუშევრები პროფესიონალურ დონეზე იყო შესრულებული, რაც მათი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის დასტურია.

მარიამის ახალი ცხოვრება

დღეს, გათავისუფლების შემდეგ, ყოფილი მსჯავრდებული მარიამ ნოზაძე ბიდისი აკადემიის სტუდენტია, სადაც სხვადასხვა პროფესიებს სწავლობს, იქნება ეს თეორიული თუ პრაქტიკული კურსები. იგი იღებს ფასდაუდებელ განათლებას სრულიად უსასყიდლოდ, ბიდისი აკადემიისა და ნათია შათირიშვილის დაფინანსებით.

“მარიამს აქვს ძალიან ბევრი იდეა, სამომავლო გეგმები, ნათელი მომავალი და ძალიან დიდი პერსპექტივა,” – აღნიშნავს ნათია შათირიშვილი. – “იგი არის ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა მიიღოს მეორე შანსი და გამოიყენოს ის საკუთარი და საზოგადოების საკეთილდღეოდ. ჩვენ ვაგრძელებთ მის მხარდაჭერას, რადგან გვჯერა მისი შესაძლებლობებისა და მომავლის.”

მარიამი აქტიურად სწავლობს ვებ-დიზაინს, მარკეტინგს, ბიზნესის ადმინისტრირებას და სხვა თანამედროვე პროფესიებს, რომლებიც მას დაეხმარება სამომავლოდ წარმატებული კარიერის შექმნაში. იგი აღნიშნავს, რომ განათლების მიღების შესაძლებლობა მისთვის არის “ნამდვილი საჩუქარი” და ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ეს შანსი.

“თავისუფლება და განათლება – ეს არის ორი ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს,” – ამბობს მარიამი. – “მე ახლა მაქვს ორივე, ნათია შათირიშვილის, ლიდერ ქალთა საზოგადოებისა და ბიდისი აკადემიის წყალობით. მინდა ვისწავლო, ვიმუშაო და ჩემი წვლილი შევიტანო საზოგადოებაში. მაქვს ბევრი იდეა და მჯერა, რომ შევძლებ მათ განხორციელებას.”

“ლიდერ ქალთა საზოგადოება”, რომლის დამფუძნებელია ნათია შათირიშვილი, 2015 წელს დაარსდა და ამჟამად 10,000-ზე მეტ პროფესიონალ და წარმატებულ ქალბატონს აერთიანებს სხვადასხვა სფეროდან. ამ პროექტში ორგანიზაცია თანამშრომლობდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან.

საერთაშორისო განათლების აკადემია “ბიდისი”, რომელსაც ასევე ხელმძღვანელობს ნათია შათირიშვილი და რომელმაც გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ამ პროექტის წარმატებაში, წლებია აქტიურად მუშაობს ქალთა გაძლიერებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით. ეს პროექტი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია მისი სოციალური პასუხისმგებლობისა და ინოვაციური მიდგომისა საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებისადმი.

“ეს პროექტი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ მსჯავრდებულ ქალბატონებს შესაძლებლობა ეძლევათ საზოგადოებას აჩვენონ, რომ მათ აქვთ ნიჭი და უნარები, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული პოზიტიური მიზნებისთვის,” – აღნიშნავს ნათია შათირიშვილი, რომლის ინიციატივამაც შეცვალა არაერთი პატიმარი ქალის ცხოვრება.

მარიამის ისტორია გრძელდება და ის ახლა უკვე ახალ თავს წერს საკუთარი ცხოვრების წიგნში. ის იმედიანად უყურებს მომავალს და გეგმავს, როგორ გამოიყენოს მიღებული განათლება და უნარები წარმატებული კარიერის შესაქმნელად. მისი ამბიცია და მოტივაცია შთამაგონებელია და აჩვენებს, რომ ყველა ადამიანს აქვს პოტენციალი შეცვალოს საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ, თუ მას ამის შანსი მიეცემა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ გამოითქვა იმედი, რომ მსგავსი პროექტები გაგრძელდება და მომავალშიც მრავალ პატიმარს მიეცემა შესაძლებლობა, გამოავლინოს საკუთარი ნიჭი და მიიღოს საზოგადოების მხარდაჭერა რესოციალიზაციის გზაზე.

მარიამის ისტორია და ნათია შათირიშვილის ინიციატივა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ინოვაციურ იდეას, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს თანამშრომლობას პატიმართა რესოციალიზაციის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის მეორე შანსის მიცემა.

CATEGORIES
Share This