შეგვიძლია თუ არა გავასაჩივროთ საყოველთაო კარანტინის დროს დაწესებული ჯარიმები და რამდენად აუცილებელი იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება

შეგვიძლია თუ არა გავასაჩივროთ საყოველთაო კარანტინის დროს დაწესებული ჯარიმები და რამდენად აუცილებელი იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება

მთელი მსოფლიო და საქართველო უკვე სამ თვეზე მეტეია რაც კორონავირუსით გამოწვეულ პანდემია/ეპიდემიას ებრძვის, რის გამოც მსოფლიოს უმეტესმა ყვეყნის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობასთან ერთად საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, რომელთა შორის საქართველოც გახლავთ. Realinfo.ge აღნიშნულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და დაწესებულ ეზღვუდებზე საქართველოს იურისტთა ასოციაციის წევრს , სისხლის და სამოქალაქო საქმეთა ადვოკატს, თსუ დოქტორანტს გელა ტყეშელაშვილს ესაუბრა

 მოგესალმებით, ბატონოთ გელა. თუ შეიძლება, დაგისვამთ რამდენიმე შეკითხვას, რომლებზეც პასუხები საინტერესოა საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით მოცემულ მომენტში.

– მოგესალმებით, მივესალმები თქვენს ელექტორატს და შევეცდები გაგცეთ პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც თქვენთვის საინტერესოა და მოცემულ მომენტში აქტუალური.

 ბატონო გელა, გთხოვთ განგვიმარტოთ მოკლედ: რა შემთხვევაში ცხადდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა?საქართველოში მოქმედ კანონთა სისტემაში არსებობს ,,საქართველოს კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ და სწორედ ამ კანონითაა რეგლამენტირებული აღნიშნული საკითხი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება და ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის კონკრეტულად მაშინ, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას. ეს შემთხვევებია: მასობრივი არეულობა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის შემთხვევა, სამხედრო გადატრიალება, შეიარაღებული ამბოხება, ტერორისტული აქტი, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფა, ეპიდემია და სხვა.

რამდენად მართებულად გამოცხადდა კორონა ვირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიხედვით საგანგებო მდგომარეობა და, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი?

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, და კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა, ხოლო მისი გამოცხადების პროცედურები ასეთია: საქართველოს პრეზიდენტს წარდგინებით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით, პრეზიდენტი კი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას, რომელშიც განსაზღვრავს ქვეყნის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელშიც მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. ბრძანება დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ბრძანების გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ ცხადდება და ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან. ამასთან ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში და ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით. ჩვენს შემთხვევაში აღნიშნული მდგომარეობის შემოღება განპირობებული იყო უკიდურესი აუცილებლობით. რაც შეეხება პროცედურულ საკითხებს – ვთვლი, რომ დაცულია კანონმდებლობის მოთხოვნები. ქვეყნის მმართველმა სპექტრმა დაგვანახა, რომ არის აბსოლუტურად მობილიზებული. მთავრობა და პრეზიდენტი შეთანხმებულნი არიან ამ პრობლემების გადაჭრის სადარაჯოზე და შედეგიც სახეზეა, რომ, ფაქტობრივად, ვუმკლავდებით ამ გამოწვევას, გვყავს გამოჯანმრთელებულები და არც ერთი ლეტალური შედეგი, რაც უდავოდ დიდი წარმატებაა და აბსოლუტურად ადეკვატურია მსოფლიოს დადებითი განწყობა საქართველოს მიმართ.

 როგორ ფიქრობთ, 2020 წლის 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, შემდგომ ამასთანავე გამოცხადებული საყოველთაო კარანტინისას შემოღებული აკრძალვები, რამდენად შეესაბამება არსებულ მდგომარეობას (ვგულისხმობ პანდემია ეპიდემიას)

როდესაც სახეზეა ისეთი გლობალური საფრთხე, როგორიცაა კორონა ვირუსი, რაც არამხოლოდ ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, არამედ მთელი მსოფლიოსათვის, კაცობრიობისთვის ისეთი გამოწვევაა, რომელსაც პირველად უნდა გაეცეს პასუხი და ნეგატიური მოვლენები გახდა კატასტროფულად შეუქცევადი, ცალსახაა, რომ აბსოლუტურად მართებული და დროული იყო პრემიერ-მინისტრის მიმართვაც და პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც. ასევე რამდენად გასაკვირად და მიუღებლადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, აბსოლუტურად დროული იყო განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის სასაზღვრო და შიდა გადაადგილებების შეზღუდვები. მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ პანდემიისაგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებებია სწორედ ეს შეზღუდვები, რომელიც დააწესა ჩვენმა ხელისუფლებამ და, რა თქმა უნდა, ჩვენ დავრჩით ამ კონტექსტში მოწინავე ხაზზე, რადგან არ დაგვაგვიანდა.

როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად გამოცხადდა პანდემია ეპიდემია, საინტერესოა კანონი როგორ არეგულირებს ამ საკითხს?

2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელება პანდემიად გამოაცხადა. პანდემია სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით პრაქტიკულად არის – ეპიდემია, რომელიც ერთდროულადაა გავრცელებული სხვადასხვა ქვეყნებში ანუ პანდემია არის ეპიდემიის ძალზე ფართო მასშტაბით გავრცელება. ე. ი. ეპიდემია არის ისეთი სიტუაცია, როდესაც დაავადება აფეთქებულია, მისი აღკვეთა უკონტროლო ხდება და ლოკალურად მიმდინარეობს ამა თუ იმ ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, პანდემიის გამოცხადების საკანონმდებლო მოცემულობა არ არსებობს. იგი მედიკოსების ტერმინია და მისი გამოცხადება ანუ სიტუაციის პანდემიად შეფასება დამოკიდებულია განვითარებულ პროცესებზე ანუ არსებულ რეალობაზე. ჩემი აზრით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ სიტუაციის პანდემიად შეფასება სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა რამდენად დროული იყო, ეს აჩენს კითხვის ნიშნებს.

  საკარანტინო პირობებში შემოღებული აკრძალვა ფიზიკური პირისათვის 3000 ლარი რამდენად შეესაბამება სტანდარტს და თუკი შეესაბამება, თქვენი აზრით, მორალურად რამდენადაა გამართლებული და არის თუ არა გასაჩივრების საშუალებები?შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საკარანტინო წესი, რომლის დარღვევაც ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და ფიზიკური პირი ჯარიმდება 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15000 ლარით. მინდა აღვნიშნო, რომ ეს სანქცია საბოლოო არ არის მათთვის, ვინც განმეორებით ჩაიდენს მსგავს სამართალდარღვევას, რადგან შესაბამისი ცვლილებებია განხორციელებული საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში და განმეორებით დამრღვევი მიიჩნევა სისხლის სამართლის დამნაშავედ, რისთვისაც კანონმდებელმა დააწესა სასჯელის ისეთი სახე, როგორიცაა შინაპატიმრობა და ასევე თავისუფლების აღკვეთა, რაც ბრალდებულს განესაზღვრება სასამართლოს მიერ.
რაც შეეხება მორალურ მხარეს, მოგახსენებთ: სახელმწიფო არის პოლიტიკური მანქანა, რომელშიც ურთიერთობები რეგულირდება სამართლებრივი იძულების წესით, რაც იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელობა არა აქვს ჩვენ მოგვწონს თუ არა საკანონმდებლო იძულების არსებობა, ვალდებულნი ვართ, დავიცვათ მოქმედი კანონმდებლობა, რადგან სხვანაირად სახელმწიფო ვერ იარსებებს, რაზედაც ზემოთაც ვისაუბრე ფრაგმენტულად, სადაც განვმარტე, რომ საგანგებო მდგომარეობა ცხადდება იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფალი იძულებულია, დააწესოს იგი ისევ და ისევ სახელმწიფოს/ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ასე რომ, აქ მორალი არაფერ შუაშია. თუ ვინმე არ ეთანხმება მის მიმართ გამოცემულ ჯარიმასა თუ გამამტყუნებელ განაჩენს, ამისთვის არსებობს, როგორც საქართველოს ადმინისტრაციული, ასევე სისხლისსამართალწარმოების წესები და, შესაბამისად, თუ თვლის, რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელმა სუბიექტმა დაარღვია მისთვის კონსტიტუციითა თუ სხვა მოქმედი შიდა თუ საერთაშორისო რეგულაციებით გარანტირებული უფლებები, შეუძლია მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 ტრანსპორტით ადამიანების მგზავრობის წესი, როგორ ფიქრობთ, რა ალგორითმითაა გამოყვანილი? 
მოგეხსენებათ 2020 წლის 31 მარტიდან – 21 აპრილამდე საქართველოში გამოცხადდა ე. წ. კომენდატის საათი და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე აიკრძალა ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. ამ პერიოდში მოძრაობა მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ, რომლებსაც შესაბამისი საშვი ექნებათ. თუ კონკრეტულად ვის გააჩნია ამისი უფლება, ამაზე სხვადასხვა უწყებები თანამშრომლობენ სპეციალურ შტაბთან და შესაბამისი არგუმენტაციის არასებობის შემთხვევაში პირს (პირებს) ეძლევათ ამ აკრძალვების მოქმედების პერიოდში გადაადგილების საშუალება. მაგალითად, უცხოეთის ზოგიერთ ქვეყანაში არ არის დაწესებული ასეთი მკაცრი შეზღუდვები, თუმცა მათი მოქალაქეები უფრო კარგად იცავენ იმ წესებს, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს კორონა ვირსუთან ბრძოლის საქმეში. გავიხსენოთ ღვედებთან დაკავშირებით შემოღებული ჯარიმები, რამდენი ხანი დასჭირდა ქართულ საზოგადოებას, რომ მიჩვეულიყო ღვედის გაკეთებას. დღეს კი, როდესაც კაცობრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება და ჩვენ არ გვინდა ჩვენივე უსაფრთხოებისათვის შემოღებული აკრძალვების შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ ვარ ბუნებით დამცველი და 20 წელია, რაც ვახორციელებ საადვოკატო საქმიანობას საერთო სპეციალიზაციაში, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ადეკვატურია კანონმდებლის რეაქცია.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე საბოლოოდ რა შეგიძლიათ გვითხრათ….

მადლობას გიხდით ამ საინტერესო შეხვედრისათვის და იმ საკითხების გაშუქებისათვის, რომელიც საზოგადოების ინტერესის სფეროშია მოქცეული. მადლობა მინდა გადავუხადო პირადად საქართველოს პრემიერმინისტრს ბატონ გიორგი გახარიას. საზოგადოებამ მართლზომიერად ჩათვალა მის მიერ გადადგმული მკაცრი ნაბიჯები, რადგან არსებული მწვავე პრობლემების მიუხედავად სახეზეა საზოგადოების ნაწილის დაბალი სამართლებრივი შეგნების მაჩვენებელი და სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანა: შეემუშავებინა მეტ-ნაკლებად რაციონალური სისხლისსამართლებრივი საშუალებები და გამაფრთხილებელი მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც წინააღმდეგობას გაუწევს სხვადასხვა სახის გამოვლინებებს კრიზისულ პერიოდში. სხვა შემთხვევაში ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი ადამიანების უსაფრთხოება და საზოგადოებისა და სახელმწიფოს არსებობა.
ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი სამედიცინო პერსონალის თავდადება და კომპეტენცია, რასაც მთელი მსოფლიო აღიარებს. მადლობა თითოეულ მათგანს ამ გმირობისთვის და მადლობა საქართველოს მოსახლეობას იმ ტაშისთვის, რითაც ერთად დავაჯილდოვეთ ჩვენი ექიმები. მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, დავრჩეთ სახლში. ასე დავამარცხებთ ამ უჩინარ მტერს. გისურვებთ მშვიდობიან საქართველოში ისეთივე ერთიანი სულისკვეთებით ცხოვრებას, როგორიც დღეს სუფევს ჩვენს შორის, როგორც დღეს ვუფრთხილდებით ერთმანეთს დიდი თუ პატარა, ხელისუფალი თუ ნებისმიერი მოქალაქე.
და ბოლოს, მადლობას ვუხდი – ჩვენს პატრიარქს ყველაფრისთვის, რომლის გონიერებაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. აღდგომის დღესასწაული წინაა და ვისურვებდი, რომ საქართველო შეხვდეს მას საზეიმო განწყობით.

ესაუბრა იოსებ კავკავაშვილი

CATEGORIES
TAGS
Share This