COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში FDA-მ რეკომენდაცია, მხოლოდ პლაქვენილის გამოყენებას მისცა – თენგიზ ცერცვაძე
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაცია FDA ა.წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ კლინიკურ კვლევებში მყოფი მედიკამენტებიდან რეკომენდაცია მხოლოდ ჰიდროქსიქოლორიქინის (პლაქვენილის) გამოყენებას მისცა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.
მისი თქმით, ასევე აღსანიშანვია, რომ სამედიცინო პლატფორმის Up to date-ის მიერ (განახლებულია ა.წ. 24 აპრილს) ჰიდროქსიქოლორიქინის (პლაქვენილის) გამოყენება რეკომენდებულია იმ COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დაავადების მძიმე მიმდინარეობა ან დამძიმების რისკი.
„აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, დანიის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების წამყვანი კლინიკები COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ აქტიურად იყენებენ ჰიდროქსიქოლორიქინს (პლაქვენილს). ასე მაგალითად, აშშ-ს წამყვანი კლინიკების: ქალაქ ნიუ-იორკის Mount Sinai Health System-ის ჰოსპიტლის(განახლებულია 2020 წლის 10 აპრილს) და Yale New Haven Health System-ის ჰოსპიტლის (განახლებულია 2020 წლის 13 აპრილს)
COVID-19-ის კლინიკური მართვის ოფიციალურ გაიდლაინებში ჰიდროქსიქოლორიქინი (პლაქვენილი) რეკომენდებულია ჰოსპიტალიზებული მსუბუქი, საშუალო, მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ – პრაქტიკულად ისეთივე ალგორითმით, როგორც მოწოდებულია COVID-19-ის კლინიკური მართვის ქართულ პროტოკოლში, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ა.წ. მარტში.
ამავე დროს, რიგი კვლევებით არ დასტურდება ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) ეფექტიანობა COVID-19-ით პაციენტებში, ისევე როგორც არ დასტურდება რემდესივირის და სხვა იმედის მომცემი მედიკამენტების ეფექტიანობა. მაგრამ ამ კვლევების რაოდენობა და დიზაინი არ იძლევა საბოლოო დასკვნების საფუძველს, რის გამოც აშშ FDA-ის ჯერ-ჯერობით არ გადაუხედავს თავისი 28 მარტის გადაწყვეტილებისთვის და კვლავინდებურად უწევს რეკომენდაციას ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებას. ასევე იქცევიან აშშ-ს და სხვა ზემოთაღნიშნული ქვეყნების წამყვანი კლინიკები, რომელთა პროტოკოლებში ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) კვლავ რჩება COVID-19-ის ერთ-ერთ ძირითად სამკურნალო საშუალებად.
უფრო მეტიც ქალაქ ჟენევისა და ბაზელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლების და შვეიცარიის ტროპიკული და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის (Swiss TPH) მიერ დაიწყო მასშტაბური კლინიკური კვლევისგანხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ახლად დადასტურებულ COVID-19-ით პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პირებისთვის ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით) და ლოპინავირ/რიტონავირით პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტიანობის შესწავლას“, – აღნიშნავს ცერცვაძე.