პაციენტმა ფსიქიატრიულის საპირფარეშოში იმშობიარა – სახალხო დამცველის სკანდალური ანგარიში

პაციენტმა ფსიქიატრიულის საპირფარეშოში იმშობიარა – სახალხო დამცველის სკანდალური ანგარიში

სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ  ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში.

ანგარიშში 2019 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგებია ასახული.

ანგარიშში გამოვლენილია სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატებსა და სათემო ორგანიზაციებში მყოფი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მდგომარეობა.

ანგარიშში საუბარია დედათა ჯანმრთელობის საკითხზე და აღნიშნულია, რომ როგორც  მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, ინსტიტუციებში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ორსულობის დროული გამოვლენა, და შესაბამისად, მკურნალობის დროს გამოყენებული მედიკამენტების ნაყოფის განვითარებასა და დედის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის გათვალისწინება. ორსულობაზე შემოწმება არ მიმდინარეობს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალი პირველადი პაციენტია ან გადმოყვანილია სხვა დაწესებულებიდან.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ხანგრძლივი დაყოვნების ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც საერთოდ ვერ მოხერხდა პაციენტის ორსულობის ფაქტის დადგენა. ამის თაობაზე სტაციონარის მედპერსონალმა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქალმა 36-37 კვირის გესტაციურ ვადაზე დაუხმარებლად იმშობიარა დაწესებულების საპირფარეშოში.

აღსანიშნავია, რომ პაციენტი სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ორსულობის განმავლობაში 2 სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იღებდა, თუმცა ორსულობის ფაქტი ვერცერთ ამ დაწესებულებაში ვერ დაუდგინეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებულია კონსულტანტი გინეკოლოგი.

ჩანაწერის თანახმად, პაციენტი იყო გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, თუმცა ექიმმა ვერ მოახერხა ორსულობის გამოვლენა, მათ შორის, ვერც ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. ორსული ქალი, ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რაც დიდი რისკის შემცველი იყო ნაყოფისთვის.

„აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებული კონსულტანტ-გინეკოლოგების საქმიანობის ფორმალურ ხასიათს“, – ნათქვამია ანგარიშში.

? გამოქვეყნდა სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში – „ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების…

Gepostet von Ombudsman am Montag, 11. Mai 2020

CATEGORIES
TAGS
Share This