ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, მთავრობა მოქალაქეების კარანტინის გზით სამშობლოში დაბრუნებას უკრძალავს.
“როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ევროკონტროლის მონაცემებით, საქართველოში ევროპის 42 ქვეყანას შორის ყველაზე ნაკლები ფრენა ხორციელდება. სახეზე გვაქვს მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეებისთვის სამშობლოში დაბრუნების ფაქტიური აკრძალვა დისკრიმინაციული კარანტინის გზით, მაშინაც კი თუკი, ისინი მთავრობისვე მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან მოემართებიან. ამავე დროს, აკრძალულია ვიზეარის ფრენები უსაფრთხო ქვეყნებში”,- ამბობს კანდელაკი.
მისი ინფორმაციით, მთავრობამ კარანტინის გვერდის ავლით ქვეყანაში მარიკა ვერულაშვილის შვილის ოჯახი და მაკა ასათიანი შემოუშვა.
“სწორედ მაშინ, როცა ამ დრაკონული შეზღუდვების გამო ათეულ ათასობით ჩვენი
მოქალაქე ვერ ბრუნდება სამშობლოში, ჩვენს ყურამდე მოდის კარანტინის გვერდის
ავლის, “ჩაწყობის” შემთხვევები მათ შორის, იმ ქვეყნებიდან სადაც ცუდი
ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა – მაგალითად, რუსეთიდან. კერძოდ, უკანასკნელ
პერიოდში, კარანტინის გვერდის ავლით მთავრობამ ქვეყანაში შემოუშვა ქ-ნ მარიკა
ვერულაშვილის შვილის ოჯახი და მაკა ასათიანი, რომელიც ჩარტერული რეისით
ჩამოფრინდა.
თუკი, შესაძლებელია ვინმეს შემოშვება 24 საათიანი კარანტინით და ტესტით, რა
დააშავეს კეთილსინდისიერმა მოქალაქეებმა, რომლებიც “გამწვანებული” ქვეყნებიდან
მოემართებიან?
სულ ცოტა ხნის წინ ვიზეარმა ახალი რეისები დანიშნა ტალინიდან და რიგიდან. და რა
გამოდის, რომ ესტონეთის მთავრობა, მაგალითად, იდიოტების ხელშია და მარტო ნათია
ზრუნავს ხალხზე? ეს ხომ აბსურდია”,- აცხადებს გიორგი კანდელაკი.
შეგახსენებთ, რომ რეგულარული ფრენები პირველ სექტემბერსაც არ აღდგება და შეზღუდვა 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.