დღეს პარლამენტს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი წარედგინება
დღეს პარლამენტს წარედგინება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ფუნდამენტურად დახვეწს საარჩევნო სისტემასა და საარჩევნო პროცედურებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, 4 თებერვალს პარტია „მოქალაქეებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა ბრიფინგი, სადაც ითქვა, რომ იქმნებოდა საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, რაც იყო ამ ორ პარტიას შორის გაფორმებული მემორანდუმის პირველი ნაბიჯი. ამ მემორანდუმს შეუერთდნენ „ევროპული სოციალისტებიც.
დღეს კი, პაპუაშვილის თქმით, იდგმება მეორე ნაბიჯი და საქართველოს პარლამენტს წარედგინება საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტს, რომელიც შემუშავდა სამუშაო ჯგუფში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციის საფუძველზე.
„ეს პროექტი ფუნდამენტურად დახვეწს, როგორც საარჩევნო სისტემას, ასევე საარჩევნო პროცედურებს და დაასრულებს ყველა სახის სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა იმ ძირითად სიახლეებზე, რასაც საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებს.
„ 1. საარჩევნო სისტემა
- გაიზრდება მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილი. კერძოდ, თვითმმართველ ქალაქებში – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი – ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე იქნება 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე იქნება 2 პროპორციული წესით არჩეული წევრი.
2. საარჩევნო ადმინისტრაცია
- საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალური და საოლქო დონეები დაკომპლექტდება 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით პარიტეტის პრინციპის დაცვით (1 პარტია 1 წევრი),
3. საარჩევნო პროცედურები
- • დაინერგება ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირების და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემა,
- აიკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა,
- აიკრძალება საოლქო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა დოკუმენტაციის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის გარეშე
- მიუხედავად იმისა იქნება თუ არა საჩივარი, 73-ივე საარჩევნო ოლქში შემთხვევით შერჩევის პრინციპით გამოვლინდება და გადაითვლება 5-5 უბანი. ჯამში გადაითვლება 365 უბანი, ანუ უბნების საერთო რაოდენობის 10%.
4. საარჩევნო დავები
- გაიზრდება საჩივრების შეტანის და განხილვის ვადები,
- შესაძლებელი გახდება საჩივრის ელექტრონული ფორმით შეტანა,
- შესაძლებელი იქნება ცესკო-ს მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის გასაჩივრება სასამართლოში.
5. საარჩევნო აგიტაცია / ადმინისტრაციული რესურსი
- აიკრძალება საარჩევნო უბნიდან 100 მეტრიან რადიუსში ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა,
- გაფართოვდება იმ საჯარო მოხელეების წრე, ვისაც ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა,
- აიკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის საჯარო მოხელეების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.
მემორანდუმის ერთადერთი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე ღიად რჩება შეეხება საარჩევნო ბარიერს. როგორც იცით, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა კონსტიტუციით გათვალისწინებული 5%-დან მაქსიმუმ 3%-მდე. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში შემოვა დეპუტატების ის რაოდენობა (113 დეპუტატი), რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი კვლავ გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს დაახლოებით ორთვიანი მუშაობა, მანამ სანამ პარლამენტი პროექტს მესამე მოსმენით მიიღებს. ამ პერიოდში სამუშაო ჯგუფთან კვლავ გავაგრძელებთ პროექტის დახვეწას, ისევე როგორც ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის დეტალების განხილვას. ამასთან, პროექტი გადაეგზავნება ვენეციის კომისიას და ODIHR-ს ერთობლივი დასკვნისთვის.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე, პირადი და პარტიული ინტერესები გვერდით გადადონ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, შემოვიდნენ პარლამენტში და არ გამოაკლდნენ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების პროცესს.“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.