მემორანდუმი გაფორმდა მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით

მემორანდუმი გაფორმდა მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და ლიდერ ქალთა საზოგადოებას შორის მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობასა და მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის გაძლიერებას.

თანამშრომლობის პირველი ეტაპი უკვე დაიწყო – ლიდერ ქალთა საზოგადოებამ ცენტრს ასობით წიგნი გადასცა. წიგნებში შედიოდა მრავალფეროვანი ლიტერატურა, მათ შორის: მხატვრული, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული, სასწავლო-სამეცნიერო, საყმაწვილო და საბავშვო წიგნები. აღნიშნული ლიტერატურა მთელი საქართველოს მასშტაბით პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ბიბლიოთეკებში გადანაწილდება.

შეხვედრის ფარგლებში ლიდერ ქალთა საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ცენტრის ინფრასტრუქტურა და გაეცნენ მის საქმიანობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღაზია „რე-მარკეტს”, სადაც მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები იყიდება. ვიზიტის დროს ქალბატონებმა შეიძინეს მრავალი ასეთი ნაკეთობა, რითაც პრაქტიკულად ხელი შეუწყვეს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესსა და მათ განვითარებას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა და ლიდერ ქალთა საზოგადოების დირექტორმა ნათია შათირიშვილმა. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და დაისახა რამდენიმე ახალი პროექტი.

როგორც ცნობილი გახდა, ლიდერ ქალთა საზოგადოება აგრძელებს სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებას მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან ერთად, რაც ხელს შეუწყობს ყოფილი მსჯავრდებულების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას.

CATEGORIES
Share This