ნომინაციაში „წლის გამორჩეული ქალი ესთეტიკისა და პროფესიული განვითარების სფეროში – 2026“ წარდგენილია ნანა ხაჩიძე

ნომინაციაში „წლის გამორჩეული ქალი ესთეტიკისა და პროფესიული განვითარების სფეროში – 2026“ წარდგენილია ნანა ხაჩიძე

ნანა ხაჩიძე იმ ადამიანებს მიეკუთვნება, ვინც პროფესიას მხოლოდ საქმედ არ აღიქვამს. მისთვის ეს მუდმივი ძიებაა, სწავლაა, დაკვირვებაა და საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარებაც. ის არის მოქმედი პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტი და მენტორი უკვე 10 წელია. ამავე დროს არის კოსმეტოლოგი და ესთეტიკური მედიცინის ინექციური პროცედურების პრაქტიკოსი. მისი მთავარი ხელწერა კი ბუნებრიობაა — მუშაობის ის სტილი, სადაც ადამიანის სახე არ იკარგება, პირიქით, უფრო ჰარმონიული, ნაზი და გამოკვეთილი ხდება. ნანა ხაჩიძისთვის სილამაზე არასოდეს ნიშნავს გადაჭარბებას. მისთვის ის უფრო სიზუსტეა, ზომიერებაა და ინდივიდუალური მიდგომაა. თავადაც ამბობს, რომ უყვარს სადა, ბუნებრივი და არისტოკრატული შედეგი. ამასთან, მის პროფესიულ ბიოგრაფიაში კიდევ ერთი საინტერესო ხაზი არსებობს — ის ტანსაცმლის მოდელიორ-კონსტრუქტორიცაა და ახლო მომავალში ამ პროფესიასთან დაბრუნებასაც გეგმავს.

მისი პროფესიული გააქტიურება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო, რაც ათენიდან თბილისში დაბრუნდა. იქ მანამდე უკვე ჰქონდა ცოდნაც და გამოცდილებაც, მაგრამ სწორედ საქართველოში დაინახა, რამდენად სჭირდებოდათ სპეციალისტებს სწორი ინფორმაციის მიღება, გადამზადება და პრაქტიკაზე დაფუძნებული მხარდაჭერა. ამიტომ დაიწყო YouTube არხი, დახვეწა ტრენინგებისა და გადამზადების პროგრამები, შექმნა პირველი სახელმძღვანელო პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტებისთვის, რომელიც იმ დროს ქართულ სივრცეში ფაქტობრივად არ არსებობდა. ამას დაემატა ინსტაგრამზე ხანგრძლივი ლაივები, სადაც საათობით პასუხობდა სპეციალისტების შეკითხვებს, დეტალურად უხსნიდა პროცესებს, აჩვენებდა საკუთარ ტექნიკას და საკუთარ დაკვირვებებზე დაფუძნებულ ცოდნას უზიარებდა სხვებს. არაერთხელ მიუღია უკუკავშირი, რომ ბევრმა სპეციალისტმა კურსებზე მიღებულზე მეტი ინფორმაცია სწორედ მისგან მიიღო. ეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა — როცა შენი გამოცდილება სხვის პროფესიულ გზას უმარტივებს.

მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა ათენში წასვლას უკავშირდება. საბერძნეთში რეპატრიაციის მიზნით წავიდა, რადგან დედა ბერძენი ეროვნების ჰყავს. იქ მისი დარჩენა გახანგრძლივდა და სწორედ მაშინ გადაწყვიტა, პერმანენტული მაკიაჟი სამუშაო მიმართულებად ექცია. პროფესიას უკვე ნასწავლი ჰქონდა, მაგრამ აქტიურად არ მუშაობდა. სწორედ საბერძნეთში დაიწყო ამ საქმის უფრო სერიოზულად და სრულად კეთება. შემდეგ ამას თბილისი დაემატა, მერე ვარშავა, შემდეგ გერმანია. დღეს მისი პროფესიული რუკა უკვე რამდენიმე ქვეყანას აერთიანებს. თვეში ერთხელ ორი კვირით ვარშავასა და გერმანიაში მუშაობს, დანარჩენ დროს კი თბილისში ატარებს. ამ მრავალქალაქიან გამოცდილებასთან ერთად, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველას არ ემსახურება. ძალიან კონკრეტული ხელწერა აქვს და ზუსტად იცის, როგორი შედეგი უნდა შექმნას. დეკორატიული, გადატვირთული ეფექტი მისი მიმართულება არ არის. მას მოსწონს ბუნებრივი პერმანენტული მაკიაჟი და ასევე ინექციური პროცედურებიც ზომიერების ფარგლებში.

მისი შთაგონების მთავარი წყარო თავიდან მამა იყო — ადამიანი, რომელიც საკუთარ საქმეზე შეყვარებული იყო და ამ სიყვარულით სხვებსაც აინტერესებდა თავისი პროფესია. დღეს ამ როლს მისი მეუღლე და ოჯახი ასრულებენ. განსაკუთრებით გამოყოფს მეუღლეს, დავით მიქაიას, რომელიც მისი კარიერის ყველა ეტაპზე გვერდით დაუდგა, ამხნევებდა, მხარს უჭერდა და ზოგჯერ მასზე მეტადაც სჯეროდა მისი შესაძლებლობების. ასევე განსაკუთრებული მადლიერებით საუბრობს კოლეგასა და მეგობარზე, მარიკა ხარაზიშვილზე, რომელიც მისი პირველი მენტორი იყო. წლების შემდეგ ეს ურთიერთობა კოლეგიალობიდან ნამდვილ მეგობრობასა და ორმხრივ მხარდაჭერაში გადაიზარდა. ასეთ ადამიანებზე საუბრისას აშკარად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის პროფესიულ გზაზე მარტო არ ყოფნა.

მისი ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მიღწევაა განახლებული 160-გვერდიანი სახელმძღვანელო პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტებისთვის, სადაც მთელი თეორიული ცოდნა თავმოყრილი აქვს. ეს წიგნი დამწყებთათვის ძლიერ გზამკვლევად მიაჩნია. ასევე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია Nanline Professional-ის პიგმენტების შექმნა და ახლა უკვე ახალ პროდუქტებზე მუშაობაც. ამასთან ერთად, მისი საბაზისო კურსი ისეთი სიღრმისეული პროგრამით არის შექმნილი, რომ მისი შეფასებით, შემდგომში დამატებითი გადამზადებაც კი აღარ სჭირდება სტუდენტს. ახალი პროექტი, რომელზეც ახლა მუშაობს, შტატებში აკადემიის გახსნაა, ხოლო მეორე დიდი გეგმა საქართველოში საწარმოს შექმნა.

ნანა ხაჩიძისთვის წარმატება მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა არ არის. მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ თავისი ცოდნით და შრომით ადამიანების ცხოვრებაში დადებითი ცვლილება შეიტანოს. ფინანსური კეთილდღეობა მისთვის შედეგია და არა მთავარი მიზანი. ნამდვილ წარმატებად მიიჩნევს მდგომარეობას, როცა პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა, უწყვეტი სწავლა და ადამიანებისადმი პატივისცემა ერთ მთლიანობად იქცევა. მისი სურვილია, იყოს ადამიანი, რომლის ცოდნა, საქმე და დამოკიდებულება სხვებისთვის ნდობის და შთაგონების წყარო გახდება.

დამწყებებს ურჩევს, ისწავლონ, დასვან კითხვები, ამოხსნან პროფესიული ამოცანები, ხელის გასავარჯიშებლად ყოველდღიურად იმუშაონ და დრო აუცილებლად გამოყონ საკუთარ თავზე სამუშაოდ. მისი აზრით, როცა ცოდნის გაღრმავებაზე კონცენტრირდები, დანარჩენი თავისთავად დალაგდება. დღეს მისი ცხოვრება სწორედ ამ მიდგომის ნათელი მაგალითია — ბევრი ხელსაქმით, მუდმივი ცნობისმოყვარეობით, შემოქმედებითი ბუნებითა და დაუღალავი სწავლით აგებული გზა, რომელმაც იგი იმ პროფესიონალად აქცია, რომელსაც თავისი სფეროს განვითარებაში უკვე მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი.

CATEGORIES
Share This