ნომინაციაში „წლის გამორჩეული ქალი ნეირომეცნიერებასა და მენტალური ჯანმრთელობის ინოვაციებში – 2026“ წარდგენილია აზა მანთაშვილი

ნომინაციაში „წლის გამორჩეული ქალი ნეირომეცნიერებასა და მენტალური ჯანმრთელობის ინოვაციებში – 2026“ წარდგენილია აზა მანთაშვილი

აზა მანთაშაშვილი — ქალი, რომელმაც მედიცინა, ნეირომეცნიერება და მენტალური ჯანმრთელობა ერთიან ინოვაციურ გზად აქცია.

 

აზა მანთაშაშვილი არის ექიმი, კლინიკური მენტალური ჯანმრთელობის მაგისტრი და ნეიროფსიქოლოგიის დოქტორანტი ამერიკაში. იგი მოღვაწეობს ნიუ-იორკში და უკვე თბილისშიც, სადაც მისი საქმიანობა უკავშირდება ტვინის დიაგნოსტიკას და მკურნალობას თანამედროვე ნეირომოდულაციის და ფსიქოთერაპიული მეთოდების გამოყენებით. აზა მანთაშაშვილს ამერიკაში 12-წლიანი მოღვაწეობის გამოცდილება აქვს მენტალური ჯანმრთელობის სფეროში  ტვინზე დაფუძნებული თანამედროვე მიდგომებით, რომლებიც მოიცავს ტვინის ფუნქციურ დიაგნოსტიკას, რუკირებასა და თერაპიას — TMS-ს, ნეიროფიდბექსა და ნეიროფსიქოთერაპიას. ის ასევე არის საკუთარი მეთოდოლოგიის, ნეიროფსიქომოდულაციური თერაპიის ავტორი, რომელიც მიმართულია ტვინის ელექტრული აქტივობის დაბალანსებასა და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. 

 

მისი პროფესიული გზა მედიცინიდან დაიწყო. სწორედ ექიმის პროფესია იყო ის მყარი საფუძველი, რომელმაც მას მისცა ადამიანის ფიზიოლოგიისა და ჯანმრთელობის სიღრმისეული გაგება. მოგვიანებით მისი ინტერესი უფრო მეტად მენტალური ჯანმრთელობისკენ გადაიხარა, რადგან მკაფიოდ დაინახა, რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის ემოციური და მენტალური მდგომარეობა  ტვინის ფუნქციონირებაზე. ამ ინტერესმა წაიყვანა სასწავლებლად  ამერიკაში, სადაც სწავლა გააგრძელა მაგისტრატურაში მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით, შემდეგ კი ნეიროფსიქოლოგიის დოქტორანტურაში. სწორედ ამ მრავალწლიანი სწავლისა და პრაქტიკის სინთეზმა ჩამოაყალიბა იგი იმ პროფესიონალად, რომელიც დღეს მენტალური ჯანმრთელობის სფეროში ინოვაციურ და მეცნიერულად გამყარებულ მიდგომებს ავითარებს. 

 

მის კარიერაში გარდამტეხი ეტაპი იყო, როცა პრაქტიკაში დაინახა, რომ მხოლოდ ტრადიციული ფსიქოთერაპია ყოველთვის არ არის საკმარისი. ბევრ ადამიანს ჰქონდა შფოთვა, სტრესი თუ დეპრესია, მაგრამ მხოლოდ ფსიქოლოგიურ დონეზე მუშაობა ყოველთვის არ იძლეოდა სტაბილურ შედეგს. სწორედ ამან დააფიქრა უფრო ღრმად იმაზე, თუ რა ხდება ტვინში ამ პროცესების დროს. ამ დაკვირვებამ აზა მანთაშაშვილს გზა გაუხსნა ნეირომეცნიერებისკენ და ტვინის აქტივობის კვლევისკენ. მან გააცნობიერა, რომ თუ გვინდა რეალური და მდგრადი ცვლილება, საჭიროა მუშაობა არა მხოლოდ ემოციურ, არამედ ნეიროფიზიოლოგიურ დონეზეც. სწორედ აქედან დაიწყო მისი პროფესიული მოძრაობა ტვინზე დაფუძნებული მეთოდებისკენ. 

 

მისთვის შთაგონების მთავარი წყარო ადამიანები არიან, რომლებთანაც ყოველდღიურად მუშაობს. მათი ისტორიები, მათი ბრძოლა შფოთვასთან, სტრესთან და ცხოვრების სირთულეებთან მუდმივად ახსენებს, რატომ აირჩია ეს გზა. ყველაზე დიდი მოტივაცია მისთვის არის ის მომენტი, როცა ხედავს, როგორ უბრუნდება ადამიანი ეტაპობრივად ბალანსს, როგორ იწყებს უკეთესად შეგრძნებას და საკუთარ თავთან დაბრუნებას. ამასთან, შთაგონებას მას თავად მეცნიერებაც აძლევს — ნეირომეცნიერებაში მიმდინარე პროგრესი და ის შესაძლებლობა, რომ ეს ცოდნა რეალურ დახმარებად გარდაქმნას. 

 

მის პროფესიულ გზაზე ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი ახალ გარემოში — ნიუ-იორკში — პროფესიული დამკვიდრება იყო. მიუხედავად ძლიერი განათლებისა და გამოცდილებისა, სრულიად ახალ სისტემაში ინტეგრაცია, ლიცენზირების პროცესი, ნდობის მოპოვება და საკუთარი ადგილის დამკვიდრება მარტივი არ ყოფილა. ეს გზა მოითხოვდა დიდ შრომას, მოთმინებას, მუდმივ განვითარებას და ადაპტაციის უნარს. სწორედ ამ გამოცდილებამ ასწავლა, რომ ხშირად ის, რაც თავდაპირველად დაუძლევლად ჩანს, რეალურად შეიძლება გახდეს პროფესიული ზრდის მთავარი საფუძველი. დღეს ამ გზას უკან რომ უყურებს, ნათლად ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს სირთულეები მისი პროფესიული გაძლიერებისთვის. 

 

აზა მანთაშაშვილის უნიკალური ხედვა გამომდინარეობს იქიდან, რომ ერთმანეთთან დააკავშირა მედიცინა, მენტალური ჯანმრთელობა და ნეირომეცნიერება. ის ადამიანს უყურებს როგორც მთლიან სისტემას, სადაც სხეული, ტვინი და ემოციური მდგომარეობა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ნიუ-იორკში მრავალწლიანი პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება მას საშუალებას აძლევს, სხვადასხვა თანამედროვე მიდგომა ინდივიდუალურად მოარგოს თითოეულ ადამიანს. მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიმპტომების შემცირება, არამედ იმის გაგება, რა ხდება ტვინის აქტივობაში და როგორ შეიძლება ამ პროცესის რეგულაცია. სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობამ ჩამოუყალიბა განსხვავებული, ინტეგრაციული პროფესიული ხედვა. 

 

მის ერთ-ერთ ყველაზე საამაყო მიღწევად საკუთარი, ინტეგრაციული მეთოდოლოგიის შექმნა მიაჩნია. ეს მეთოდი აერთიანებს ტვინის ფუნქციურ დიაგნოსტიკას, რუკირებას და ნეიროაქტივობაზე დაფუძნებულ თერაპიულ მიდგომებს, როგორიცაა TMS, ნეიროფიდბექი და ნეიროფსიქოთერაპია. მისი მიზანია არა მხოლოდ სიმპტომების შემცირება, არამედ ტვინის აქტივობის დაბალანსება და ადამიანის ემოციური მდგომარეობის რეალური გაუმჯობესება. თუმცა, თავად აზა მანთაშაშვილისთვის ყველაზე დიდი წარმატება მაინც ის შედეგია, რომელსაც ადამიანებში ხედავს — როცა ისინი უკეთ გრძნობენ თავს და ეტაპობრივად უბრუნდებიან მენტალურ ბალანსს. 

 

მისი საქმიანობა მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე დახმარებით არ შემოიფარგლება. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცოდნა და გამოცდილება უფრო ფართო საზოგადოებრივ გავლენადაც გარდაიქმნას. ამიტომ ცდილობს მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ადამიანებთან მარტივი ენით საუბრობს იმაზე, თუ რა ხდება ტვინის აქტივობაში შფოთვისა და სტრესის დროს, რათა მათ უკეთ გაიგონ საკუთარი მდგომარეობა და არ ჰქონდეთ დახმარების მიღების შიში. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში თანამედროვე, ტვინზე დაფუძნებული თერაპიული სერვისების დანერგვა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა ინოვაციურ და ეფექტურ დახმარებაზე. 

 

აზა მანთაშაშვილი არის ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციისა (APA) და ამერიკის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის (ACA) წევრი. მიღებული აქვს მნიშვნელოვანი აღიარებებიც — მათ შორის ჯილდოები ქართული ემიგრაციის ჯანმრთელობის სფეროში შეტანილი წვლილისთვის და დიასპორის სახლის ჯილდო, როგორც წარმატებულ ქართველ ემიგრანტს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის პროფესიულ ავტორიტეტს, მრავალწლიან შრომას და ქართულ საზოგადოებასთან კავშირის მნიშვნელობას. 

 

მომავლისთვის მისი მთავარი მიზანია ამერიკაში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების კიდევ უფრო გაღრმავება და ამ ცოდნის სრულად მოხმარება საქართველოსთვის. სურს, საქართველოში ფართოდ დაინერგოს თანამედროვე, ტვინზე დაფუძნებული მიდგომები, რომლებიც დღეს მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება მენტალური ჯანმრთელობის სფეროში. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ცოდნა არ დარჩეს მხოლოდ თეორიად, არამედ რეალურად გარდაიქმნას ადამიანებისთვის ხელმისაწვდომ და ეფექტურ დახმარებად. 

 

მისი გზავნილი დამწყებთათვის ძალიან ნათელი და ღირებულია: იყვნენ მომთმენები, არ ელოდონ სწრაფ შედეგებს, არ შეჩერდნენ სირთულეების წინაშე და არასოდეს შეწყვიტონ სწავლა. მისი ხედვით, კარიერული განვითარება არის პროცესი, რომელიც მოითხოვს დროს, შრომას, დაკვირვებას და საკუთარ გზაზე ერთგულებას. ის ასევე ურჩევს ყველას, რომ არ შეადარონ თავი სხვებს, რადგან თითოეულ ადამიანს თავისი ტემპი და თავისი გზა აქვს. 

 

აზა მანთაშაშვილისთვის წარმატება არ განისაზღვრება მხოლოდ მატერიალური მიღწევებით. მისთვის ნამდვილი წარმატება არის ის გავლენა, რომელსაც ადამიანების ცხოვრებაში ახდენს — როცა ადამიანი, რომელიც შფოთვითა და სტრესით მოდის, იწყებს უკეთ შეგრძნებას და უბრუნდება ბალანსს. წარმატებაა ასევე ის გზაც, რომელსაც თავად გადის — მუდმივი სწავლა, საკუთარ თავზე მუშაობა და იმის გაცნობიერება, რომ აკეთებს საქმეს, რომელსაც რეალურად შეუძლია შეცვალოს ადამიანის ცხოვრების ხარისხი და გააბედნიეროს იგი. სწორედ ამიტომ მისი პროფესიული ისტორია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ცოდნა, გამოცდილება, მეცნიერება და ადამიანების დახმარების ძლიერი სურვილი გადაიქცეს დიდ, ღირებულ და შთამაგონებელ გზად.

 

CATEGORIES
Share This