ნომინაციაში „წლის შთამაგონებელი ქალი ლიდერი – 2026“ წარდგენილია სალომე სამუშია

ნომინაციაში „წლის შთამაგონებელი ქალი ლიდერი – 2026“ წარდგენილია სალომე სამუშია

სალომე სამუშია — ქალი, რომელმაც შრომა, თვითრწმენა და ადამიანების დახმარება საკუთარ ცხოვრების გზად აქცია

 

სალომე სამუშია თანამედროვე, ძლიერი და მრავალმხრივი პროფესიონალია, რომლის ცხოვრებაც შრომის, ბრძოლის, განვითარების და ადამიანური ღირებულებების ერთიან მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს. დღეს იგი მუშაობს ბრიტანულ-არაბულ საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც სასტუმრო და სამშენებლო ბიზნესს მოიცავს. არაერთხელ არის დასახელებული წლის მენეჯერად, ამ ეტაპზე კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის ხელმძღვანელია. მის პროფესიულ გამოცდილებას კიდევ უფრო ამდიდრებს საერთაშორისო აქტივობა — მონაწილეობა მრავალ ღონისძიებაში საზღვარგარეთ, რომლებიც უშუალოდ მის პროფესიასა და კარიერულ განვითარებას უკავშირდება.

 

სალომეს პროფესიული გზა ძალიან ადრე დაიწყო. ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტი იყო, როცა პირველად წიგნების სტამბაში, ღამის ცვლაში დაიწყო მუშაობა. იმ დროს მისი ხელფასი 250 ლარი იყო, თუმცა სწორედ ამ პერიოდიდან ჩამოუყალიბდა შრომის ის შინაგანი კულტურა, რომელმაც მოგვიანებით მის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. სკოლის პერიოდიდანვე გამორჩეული იყო მიზანდასახულობით — არაერთი კონკურსის ლაურეატი და გამარჯვებული გახდა. აფხაზეთიდან დევნილის სტატუსით, ხშირად ნათხოვარი წიგნებით უსწავლია მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ მიუხედავად რთული რეალობისა, არასოდეს დაუკარგავს რწმენა, რომ დიდ წარმატებას მიაღწევდა. თავად ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ სწორ შრომას აუცილებლად დიდი შედეგი მოჰყვებოდა — და ასეც მოხდა.

 

მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა 2016 წელს მოხდა, როდესაც ემირატებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამგზავრებას დათანხმდა. პატარა ასაკში ეს გადაწყვეტილება მისთვის რისკიც იყო და გამოწვევაც, მაგრამ სწორედ ამ ნაბიჯმა გაუხსნა გზა საერთაშორისო კარიერისკენ. ასე მოხვდა საერთაშორისო კომპანიაში, სადაც ასისტენტობიდან მაღალი რგოლის მენეჯერობამდე რვაწლიანი, შრომითა და პროფესიული ზრდით სავსე გზა გაიარა. ამავე პერიოდში საკუთარი შესაძლებლობები ქართულ კომპანიებშიც მოსინჯა, თუმცა ყოველთვის მაღალ სტანდარტებს ანიჭებდა უპირატესობას, რის გამოც არჩევანი იმ პროფესიულ გარემოზე გააკეთა, სადაც ხარისხი, დისციპლინა და განვითარება პრიორიტეტულია.

 

სალომეს მთავარი მამოძრავებელი ძალა მისი ერთადერთი შვილი, გაბრიელია. როგორც მარტოხელა დედა, ის საკუთარ ყოველდღიურ ბრძოლასა და წინსვლაში სწორედ შვილში პოულობს ყველაზე დიდ შთაგონებას. ამასთან ერთად, არასოდეს დაუკარგავს უფლის რწმენა — რწმენა, რომელიც მისთვის ყოველთვის შინაგანი საყრდენი, სიმტკიცის წყარო და რთულ პერიოდებში ძალის მომცემი იყო.

 

მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა დედობა იყო, განსაკუთრებით კი მარტოხელა დედობა. განქორწინების შემდეგ, როდესაც მარტო დარჩა ორი წლის შვილთან ერთად, ეგონა, რომ ვეღარ შეძლებდა წინსვლას, ვერ იქნებოდა პროდუქტიული და საკუთარ ცხოვრებას ვეღარ დაალაგებდა. თუმცა სწორედ ამ ტკივილმა, სირთულემ და მარტოობამ აქცია იგი კიდევ უფრო ძლიერ ქალად. მან საკუთარი მძიმე გამოცდილება გამოწვევად და განვითარების შესაძლებლობად გარდაქმნა. დღეს კი უკვე არა მხოლოდ თავად დგას მყარად, არამედ აქტიურად უჭერს მხარს ძალადობის მსხვერპლ, მარტოხელა დედებსა და ქალებს, ცდილობს გააძლიეროს ისინი და გაუზიაროს საკუთარი გამოცდილებით მიღებული ძალა.

 

სალომესთვის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა თვითრწმენაა. როგორც თავად ამბობს, სამყაროც რომ ინგრეოდეს, ზუსტად იცის, რომ შეძლებს ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლას და დასტაბილურებას. ეს თვისება მის პროფესიულ გზაშიც მკაფიოდ აისახება — ის ერთ-ერთი მოთხოვნადი კადრია საკუთარ სფეროში, უკვე რვა წელია სტაბილურ და წარმატებულ პოზიციებს იკავებს, ხოლო ქართულ მედიასივრცეში არაერთი გადაცემა და სიუჟეტიც მომზადებულა მის შესახებ.

 

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ მიღწევებზე საუბარი დიდად არ უყვარს, მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქველმოქმედო სივრცეს „თბილი სადილი ყველას“, რომელიც 7000-ზე მეტ ბენეფიციარს აერთიანებს. ექვსი წლის განმავლობაში ამ სივრცემ უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, ბევრს გაუჩინა იმედი და გაახარა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური და სოციალური მიღწევა, რომელსაც სალომე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მისთვის გავლენა და შესაძლებლობები მხოლოდ პირადი წარმატებისთვის არ არსებობს — ის მუდმივად ცდილობს, საკუთარი რესურსი ადამიანების სასიკეთოდ, მათი განვითარებისა და ხელშეწყობისთვის გამოიყენოს.

 

დღეს სალომე სრულად დისტანციური სამუშაო პრაქტიკით ხელმძღვანელობს, რისი შესაძლებლობაც მისმა კომპანიამ მისცა. სწორედ ამის წყალობით შეუძლია, შვილი მუდმივად საკუთარი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდეს. საჭიროების შემთხვევაში, გაბრიელი მასთან ერთად არაერთ კონფერენციასა და შეხვედრაზეც მოგზაურობს საზღვარგარეთ. ეს მისთვის არის მაგალითი იმისა, რომ თანამედროვე ქალს შეუძლია კარიერაც წარმატებით მართოს და დედობაც ღირსეულად, სიყვარულით და პასუხისმგებლობით იტვირთოს.

 

მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმ ადამიანს, რომელსაც საკუთარ დიდ მხარდაჭერად მიიჩნევს — მის დირექტორს. განქორწინების შემდეგ სალომეს მძიმე დეპრესია ჰქონდა. ორი თვის განმავლობაში სახლიდან თითქმის არ გასულა, ოთახიდანაც იშვიათად გამოდიოდა, სამსახურის ზარებს არ პასუხობდა და პრაქტიკულად სრულიად გამოთიშული იყო ყოველდღიურ ცხოვრებას. სწორედ ამ პერიოდში მისმა ხელმძღვანელმა ყველაფერი დატოვა, საქართველოში ჩამოვიდა და უზარმაზარი ადამიანური რესურსი ჩადო მის მდგომარეობიდან გამოსაყვანად. მაშინ, როცა თავად საკუთარ თავს სრულიად უფუნქციო ადამიანად აღიქვამდა, სწორედ ამ ადამიანმა დააწინაურა, დიდი პროექტი ჩააბარა და ფაქტობრივად ხელახლა დაბადების საშუალება მისცა. ამის შემდეგ სალომესთვის კარიერის შეწყვეტა ან სასოწარკვეთას დანებება არასოდეს გამხდარა არჩევანი.

 

მისი ერთ-ერთი მთავარი სამომავლო მიზანია, საკუთარ ქვეყანაში სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით შექმნას ახალი, ლამაზი და გამორჩეული კონცეფცია — ჰქონდეს ბუტიკური ტიპის სასტუმრო პატარა კაფეთი, სადაც სტუმრებს თავად დახვდება და უმასპინძლებს, როგორც საკუთარ სახლში. ეს ოცნება ძალიან ორგანულად ეხმიანება მის ხასიათს — თბილს, მასპინძლურ და ადამიანებზე ორიენტირებულს.

 

სალომე სამუშიას გზავნილი ძალიან ძლიერია: არასოდეს უნდა გაჩერდე, მაშინაც კი, როცა გგონია, რომ ყველაფერი დასრულდა. მისი აზრით, ადამიანის ენერგია და შესაძლებლობები უსაზღვროა. თუ არსებობს სწორი შრომა, შედეგიც აუცილებლად მოვა — ზოგჯერ ადრე, ზოგჯერ გვიან, მაგრამ აუცილებლად მოვა. სწორედ ამიტომ, 33 წლის ასაკშიც საკუთარ თავს მუდმივად სწავლის პროცესში ხედავს. ციფრული ინდუსტრია მისთვის ამოუწურავი სფეროა და კარგად იცის, რომ თუ ყოველდღიურად არ ისწავლი და არ განვითარდები, რიტმს ვეღარ დაეწევი. ამიტომ ამბობს, რომ ყოველ წელს ისევ სტუდენტია.

 

მისთვის წარმატება პირველ რიგში შინაგანი სიმაღლეა. ეს ნიშნავს, რომ არ გშურს, არ იბოღმები, ხარ თავისუფალი, ლაღი და ადამიანებისთვის იმედის სხივი. როდესაც ადამიანები შენს სახელსა და გვარს კარგ ამბებთან აკავშირებენ, სწორედ ეს არის ნამდვილი წარმატება. ყველა სხვა მიღწევა მისთვის მეორეხარისხოვანია.

 

სალომე სამუშიას ცხოვრება და პროფესიული გზა არის ისტორია ქალისა, რომელმაც სირთულე, დევნილობა, ტკივილი, დედობა, პროფესიული პასუხისმგებლობა და ადამიანების სიყვარული ერთ ძლიერ, შთამაგონებელ გზად აქცია. ეს არის მაგალითი იმისა, რომ თუ ადამიანი საკუთარ ძალას ირწმუნებს, არ შეწყვეტს შრომას და ნებისმიერ ვითარებაში ადამიანად დარჩება, წარმატება აუცილებლად მისკენ მოვა.

CATEGORIES
Share This