ოსკარს ვერ მიიღევს ფილმი თუ მასში ჰომოსექსუალი მსახიობი არ იქნება დაკავებული

ოსკარს ვერ მიიღევს ფილმი თუ მასში ჰომოსექსუალი მსახიობი არ იქნება დაკავებული

ოსკარის” ახალი წესები: „საუკეთესო ფილმის“ ნომინანტები რასის, სქესისა და ინკლუზიურობის კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ

ფოტო: shutterstock.com

ამერიკის კინოაკადემიამ „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაზე წარსადგენი კინემატოგრაფიული ნამუშევრების მიმართ ახალი მოთხოვნები ჩამოაყალიბა. ამჯერად კინოპრემიის მთავარი ჯილდოს მოპოვებას შეეცდებიან მხოლოდ ის ფილმები, რომლებიც ახალ  სტანდარტებს დააკმაყოფილებენ. თუმცა არ არის აუცილებელი, რომ კინემატოგრაფიული ნამუშევარი ყველა მათგანს შეესაბამებოდეს, ოთხიდან ორი უკვე საკმარისია.

პირველი სტანდარტი ფილმის მსახიობებისა და სიუჟეტისთვის წარდგენილ მოთხოვნებს ასახავს, მეორე გარკვეულ კრიტერიუმებს გადამღები ჯგუფს უწესებს. მესამე სტანდარტი კინოსტუდიას ეხება, მეოთხე კი – ფილმის დისტრიბუციას. თითოეულ სტანდარტს თავისი კრიტერიუმი აქვს. იმისათვის, რომ მოთხოვნა შესრულებულად ჩაითვალოს, პირველ (მსახიობები და სიუჟეტი) და მეორე (გადამღები ჯგუფი) შემთხვევაში, საჭიროა ფილმმა  ერთ-ერთი კრიტერიუმი მაინც დააკმაყოფილოს. მესამე (წარმოება) და მეოთხე (დისტრიბუცია) სტანდარტს რაც შეეხება, ჩამონათვლის ყველა კრიტერიუმი უნდა იყოს დაცული.

ფილმის მსახიობები და სიუჟეტი

–    ფილმის წამყვანი ან მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობებიდან, სულ ცოტა, ერთი მაინც უნდა იყოს აზიური, აფრიკული ან ლათინომერიკული წარმომავლობის;
–    მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელთა და მასობრივი სცენების მონაწილეთა, სულ ცოტა, ერთი მესამედი უნდა იყოს არაევროპეიდული რასის წარმომადგენელი ქალი, LGBTQ + თემის წევრი და ფიზიკური ან გონებრივი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
–    ფილმის სიუჟეტის მთავარი ხაზი მოსახლეობის ერთ-ერთ ამ ჯგუფს უნდა უკავშირდებოდეს.

გადამღები ჯგუფი

–    გადამღებ ჯგუფში, სულ ცოტა, ორ ძირითად შემოქმედებით პოზიციას (მაგ. ოპერატორი, კოსტიუმების დიზაინერი, კომპოზიტორი, პროდიუსერი ან რეჟისორი) უნდა იკავებდნენ არაევროპეიდული რასის წარმომადგენელი ქალები, LGBTQ + თემის წევრები და ფიზიკური ან გონებრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
–    გადამღებ ჯგუფში, სულ ცოტა, ერთ ძირითად შემოქმედებით პოზიციაზე უნდა იყოს აზიური, ლათინოამერიკული, ახლოაღმოსავლური ან ჩრდილოაფრიკული წარმომავლობის ადამიანი. ამავე კატეგორიაში არიან შავკანიანები, აფროამერიკელები, აბორიგენი ამერიკელები, ალასკის ძირძველი მცხოვრებლები, ჰავაის ან წყნარი ოკეანის სხვა კუნძულების აბორიგენი მოსახლეობა, ასევე სხვა უფრო ნაკლებად წარმოდგენილი რასობრივი ან ეთნიკური ჯგუფის წევრები;
–    გადამღებ ჯგუფში, სულ ცოტა, ექვს ტექნიკურ პოზიციას უნდა იკავებდნენ ზემოხსენებული ჯგუფების წარმომადგენლები.

კინოწარმოება

–    სტუდიამ, რომელმაც ფილმი შექმნა, უნდა უზრუნველყოს ფასიანი სტაჟირება არაევროპეიდული რასის წარმომადგენელი ქალებისთვის, LGBTQ + თემის წევრებისა და ფიზიკურად ან გონებრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის;
–    სტუდიამ, რომელმაც ფილმი შექმნა და კომპანიამ, რომელიც მის დისტრიბუციას ან/და დაფინანსებას ეწევა, ზემოხსენებული ჯგუფებისთვის სამუშაო პროცესში ტრეინინგის ჩატარება ან/და კვალიფიკაციის ამაღლება უნდა უზრუნველყოს.

გავრცელება/ დისტრიბუცია

–    ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების წარმომადგენლები ფილმის მწარმოებელ ან/და გამავრცელებელ სტუდიაში მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ხელმძღვანელ პოზიციაზე უნდა მუშაობდნენ. ამავე კატეგორიაში შედის დისტრიბუციის  განყოფილებაში მუდმივი სამუშაო გრაფიკით დასაქმება.

ეს იმას ნიშნავს, რომ კინემატოგრაფიულმა ნამუშევარმა „ოსკარის“ „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაზე წარსადგენად საკმარისია  რასობრივი, ეთნიკური და გენდერული მრავალფეროვნება მასობრივი სცენის მონაწილეთა მესამედით დაიცვას (პირველი სტანდარტის ერთ-ერთი კრიტერიუმი) და  ზემოთ ხსენებული ჯგუფების წარმომადგენლებს საკვანძო შემოქმედებით პოზიციებზე მუშაობის შესაძლებლობა მისცეს (მეორე სტანდარტის ერთ-ერთი კრიტერიუმი).
ამისათვის სხვა ვარიანტებიც არსებობს. მაგალითად, თუ ფილმის გადაღება და დისტრიბუცია ზემოთ აღწერილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს (მაშასადამე, მესამე და მეოთხე სტანდარტები დაცულია), მაშინ კინემატოგრაფიულ ნამუშევარს „ოსკარის“ პრეტენდენტობა შეუძლია ისე, რომ პირველი ორი სტანდარტის მოთხოვნები არ დააკმაყოფილოს.

ამერიკის კინოაკადემიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მოთხოვნები შემუშავდა, რათა ეკრანსა და გადაღებებზე მოსახლეობის ყველა ჯგუფი თანაბრად იყოს წარმოდგენილი, ამავდროულად აუდიტორიის მრავალფეროვნება აშკარა და თვალსაჩინო იყოს.

ახალი წესები ძალაში 2024 წლიდან  შევა. ამერიკის კინოაკადემიაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ სხვა ნომინაციებისთვის მოთხოვნები უცვლელი რჩება.

რას ფიქრობენ კინოკრიტიკოსები?

კინოკრიტიკოსთა აზრით, მთავარი კითხვაა, თუ როგორ იქნება ეს წესები ტექნიკურად გამოყენებული. მათი შეფასებით, ეს ჯერ თავად აკადემიაშიც არ ესმით კარგად. შემთხვევითი სულაც არ არის, რომ ახალი წესები ძალაში მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ შევა.

კინოკრიტისოების შეფასებით, თუ ამ ყველაფერს სწორხაზოვნად მივუდგებით, როგორც ჩანს, „ოსკარი“ თანდათანობით გადაიქცევა სპეციალურ ჯილდოდ, რომლის კონკურსანტებიც წმინდა ფორმალური კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან.

CATEGORIES
TAGS
Share This