პრეპარატს რომელსაც მსოფლიოში ჯერ კიდევ ცდიან საქარველოში მას სამკურნალოდ იყენებენ- თენგიზ ცერცვაძე

პრეპარატს რომელსაც მსოფლიოში ჯერ კიდევ ცდიან საქარველოში მას სამკურნალოდ იყენებენ- თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში COVID-19-ის დროს მედიკამენტ ტოცილიზუმაბის წარმატებული გამოყენების შემთხვევა დაფიქსირდა

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში COVID-19-ის დროს მედიკამენტ ტოცილიზუმაბის წარმატებული გამოყენების შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში პირველად მოხდა ტოცილიზუმაბის გამოყენება COVID-19-ით პაციენტის სამკურნალოდ და ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ ტოცილიზუმაბი შესაძლოა, სასარგებლო გამოდგეს COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.

მისივე განმარტებით, სხვადასხვა ქვეყნებში გრძელდება კლინიკური კვლევები COVID-19-ის სამკურნალოდ ეფექტიანი მედიკამენტის დასადგენად. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იმედისმომცემია Tocilizumab (Actemra), რომელიც წარმოადგენს მონოკლონურ ანტისხეულებს IL-6-ის მიმართ და შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს ე.წ. „ციტოკინურ შტორმზე“, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს თამაშობს COVID-19-ის პათოგენეზში და ამ გზით გააუმჯობესოს დაავადების გამოსავალი.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, 2020 წლის 26 მარტს აშშ სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გასცა რეკომენდაცია (approval) ტოცილიზუმაბის COVID-19-ით პაციენტებში კლინიკური კვლევის მე-3 ფაზაზე.

მისივე განმარტებით, საქართველოში ტოცილიზუმაბი გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის (მოზრდილებში) და იუვენილური რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ.

„ტოცილიზუმაბი ძლიერმოქმედი პრეპარატია, რომელსაც აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ჩვენებები და უკუჩვენებები და შეზღუდვები და მისი არასწორი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა. ამიტომ ტოცილიზუმაბის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მძიმედ მიმდინარე COVID-19-ით პაციენტებში, როდესაც სხვა მედიკამენტებით მკურნალობა ნაკლებეფექტიანია. ამ მედიკამენტის დანიშვნა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი დონის კლინიკებში, გამოცდილი სპეციალისტების გადაწყვეტილებით და მეთვალყურეობით.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში ა.წ. 25 მარტს შემოვიდა პაციენტი – ე.ბ., ქალი, 41 წლის, COVID-19-ის დიაგნოზით (პაციენტი მანამდე ბინაზე მკურნალობდა სამი დღის განმავლობაში). შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, მოთავსდა რეანიმაციის ბლოკში. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ტოცილიზუმაბის გამოყენების თაობაზე. პროტოკოლის მიხედვით გაკეთდა პრეპარატის ორჯერადი გადასხმა 12- საათიანი ინტერვალით, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა და ლაბორატორიული მაჩვენებლები მკვეთრად გაუმჯობესდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მოკლე დროში შესაძლებელი იქნება მისი კლინიკიდან ბინაზე გაწერა (რა თქმა უნდა, SARS-CoV-2 ზე პჯრ კვლევით ორი უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ).

აღნიშნული შემთხვევა იმით არის საინტერესო, რომ საქართველოში პირველად მოხდა ტოცილიზუმაბის გამოყენება COVID-19-ით პაციენტის სამკურნალოდ და ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ ტოცილიზუმაბი შესაძლოა, სასარგებლო გამოდგეს COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ (ყოველ შემთხვევაში ცალკეულ ავადმყოფებთან), მაგრამ მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით“, -აცხადებს ცერცვაძე.

წყარო: ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი

განთავსება: იოსებ კავკავაშვილი

CATEGORIES
TAGS
Share This