ვაჟა შუბითიძე პერსონა 2021 – ის ტიტულს მიიღებს

ვაჟა შუბითიძე პერსონა 2021 – ის ტიტულს მიიღებს

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულზე ბატონ ვაჟა შუბითიძეს სამოქალაქო განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის .
ვაჟა შუბითიძე არის ავტორი ცნობილი და გახმაურებული წიგნების: „საქართველოს დიდი მეფეები“ (1991 წ.), „ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი“ (2008 წ. – მიენიჭა დავით აღმაშენებლის პრემია ნომინაციით „სამაგიდო წიგნი“, 2011 წ.), „სომხური იმპერია (ლიზმი) და კოლონიალიზმი“ (2011 წ.), „ნიკო ნიკოლაძე – კაცი-სახელმწიფო“ (2013 წ. – მიენიჭა ნიკო ნიკოლაძის პრემია, 2014 წ.) და სხვ.
მისი ინტერესების სფეროა საქართველოს ისტორია და კულტურა, ქართული პოლიტიკური აზრი, პოლიტიკა, ეროვნული იდეა, საარჩევნო ტექნოლოგიები, იმიჯი და საზოგადოებასთან ურთიერთობა, კონფლიქტოლოგია, პოლიტიკური მარკეტინგი და რეკლამა.
გახლავთ პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, სტუ პოლიტოლიგიის მიმართულების ხელმძღვანელი, შუბითიძეების რვაათასკაციანი გვარის თავმჯდომარე, „პროფესორთა ლიგის“ და საზოგადოება „დიდგორი 1121“ თავმჯდომარე.

realinfo.ge ბატონ ვაჟა შუბითიძეს გაესაუბრა.

გვითხარით თქვენი წარმატების ფორმულა

ჩემი აზრით, წარმატების ერთადერთი ფორმულა (იღბალთან ერთად) არსებობს: ბევრი შრომა და საკუთარ თავზე ძალდატანება, რადგან ადამიანი ბუნებით ზარმაცია; ასევე ჩემი უკონფლიქტო და გულღია ხასიათი, ადამიანებისადმი კეთილგანწყობა და თანაგრძნობა, მათდამი უანგარობა და ნდობა მეხმარება წარმატების მიღწევაში და წინსვლაში.

როგორი შეგრძნებაა, როცა სახალხო აღიარებას იღებთ?

როცა რაღაცაში გაღიარებენ და გამოგარჩევენ, სიხარულთან ერთად ეჭვიც მიპყრობს ხოლმე- ვიმსახურებ კი მე ამას, ჩემზე უკეთესები და მაგრებიც ხომ არიან? ეს ეჭვი და შეგრძნება სულ მქონდა მაშინაც, როცა დავით აღმაშენებლისა და ნიკო ნიკოლაძის პრემიები მომანიჭეს ჩემი წიგნებისათვის „ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი“ და „ნიკო ნიკოლაძე – კაცი-სახელმწიფო“. მიხარია ისიც, რომ ჩემმა წიგნ-სახელმძღვანელომ „სამშობლოსმცოდნეობა“, რომელიც შარშან გამოვიდა, აქაურების და ემიგრანტების აღიარება და მხარდაჭერა, მოწონება და სიყვარული დაიმსახურა.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩემი სამომავლო გეგმები კვლავაც სამეცნიერო მუშაობას და მომავალი თაობის – მოსწავლეებისა და სტუდენტების პატრიოტებად და პროფესიონალად აღზრდას უკავშირდება – ამ მიმართულებით მეტი უნდა ვიმუშაოთ ყველამ – პროფესორ-მასწავლებლით დაწყებული და განათლების მინისტრითა და პრემიერ-მინისტრით დამთავრებული, რათა ახალგაზრდობა ხელიდან არ გამოგვტაცონ „გირჩმა“ და მათნაირმა ანტიქართულმა ორგანიზაციებმა. ქართული იდენტობის შენარჩუნება და ქართველობის ფიზიკური და სულიერი გადარჩენა ჩვენი ერის მთავარი საზრუნავი უნდა გახდეს ყოველგვარი პარტიულობის გარეშე . ეს ყოფნა-არყოფნის დილემაა დღეს!

თქვენი პროფესიული უპირატესობა..

ჩემს პროფესიულ უპირატესობაზე საუბარი ჯობია სხვებმა წარმართონ. ისე კი ვიტყვი იმას, რომ სოფელში არდადეგებზე მუდმივმა ყოფნამ , სკოლამ და უნივერსიტეტმა(თსუ ისტორიის ფაკულტეტი და ასპირანტურა) შემიქმნა ის საფუძველი, რომელზეც ჩემი შრომა და თვითგანვითარება დავაშენე. არავინ „პატრონი“ და ხელისწამკვრელი არ მყოლია( თუ არ ჩავთვლით დიდ პიროვნებას, აკადემიკოს ლეო გორგილაძეს, რომელმაც როგორც ნიჭიერ და შრომისმოყვარე ახალგაზრდას დახმარება აღმომიჩინა ასპირანტურაში ჩარიცხვის დროს). უკვე მაქვს დიდი გამოცდილება(35 წელია ვწერ და ლექციებს ვკითხულობ), ვიცი რა შემიძლია და რა გავაკეთო, არასოდეს ვჯერდები მიღწეულს(როგორც თხის რქა) , ვარ მოტივირებული- ვცდილობ მეტი ახლის და საინტერესოს წაკითხვას და სწავლას. ამასთან ერთად ვარ დისციპლინირებული და მაქვს დიდი პასუხისმგებლობა ქვეყნის, ჩემი ხალხის, ოჯახისა და მეგობრების, კოლეგების და კრიტიკოსების წინაშეც, ვარ პატიოსანი და წესიერი რიგითი ქართველი, არასოდეს მიცხოვრია ჩემს ხალხზე და ქვეყანაზე უკეთ, მტკივა ყველა ქართული ტკივილი, მაღელვებს ჩვენი ერის და მომავალი თაობის ბედი და ვცდილობ რაღაც ხელშესახები და გამოსადეგი დავუტოვო ამ თაობას- მართალია დიდს ვერაფერს ვქმნი, მაგრამ მაინც რაღაც სასარგებლოს ალბათ ვაკეთებ, როგორც მეუბნებიან. ჩემი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების გამო შეიძლება დანაშაულიც ჩავიდინო(მტრებთან მიმართებაში)- ამ კუთხით ძალიან ჯიუტი და უკომპრომისო ვარ. ჩემი დევიზია -„ვერ მააწონებ კარგ ყმასა, რაც არ უჯდება ჭკვაშია“… ეგ არის და ეგ!

CATEGORIES
TAGS
Share This