ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მიდგომების მნიშვნელობა-მარიამ კანთელაშვილი
გაიცანით მარიამ კანთელაშვილი, რომელიც ტრადიციული მეთოდებისა და უახლესი ტექნოლოგიების შერწყმით, ქმნის დინამიურ სასწავლო გამოცდილებას. მისი მიზანია ინგლისურის შესწავლა გახადოს საინტერესო, პერსონალური და ეფექტური თითოეული მოსწავლისთვის. მარიამის დადებითი მხარე მდგომარეობს სწავლებისას თანამედროვე მიდგომების შერწყმაში, სტუდენტების ჩართულობის გაძლიერებასა და მუდმივ პროფესიული ზრდაში. გიზიარებთ მარიამ კანთელაშვილის ნარატივს:
ტექნოლოგიის რევოლუცია ენის სწავლაში სხვადასხვა რესურსის შეთავაზებით, როგორიცაა ენის აპლიკაციები, ინტერაქტიური პლატფორმები და მულტიმედიური ხელსაწყოები, რომლებიც ემსახურებიან სხვადასხვა სწავლის სტილს- მნიშვნელოვანი ძირეული ცვლილებების საწყისი ეტაპი გახდა. ბოლო პერიოდში აქცენტი გადატანილია შერეულ მიდგომაზე, რომელიც აერთიანებს სწავლების ტრადიციულ მეთოდებსა და ინოვაციურ-ტექნოლოგიურს. მარიამს ამგვარი ცვლილებები ძალიან მოსწონს და ფიქრობს, რომ ამ ორი მეთოდის კომბინაცია იძლევა გარანტიას, რომ მოსწავლე სწრაფად და ხარისხიანად შეძლებს დაეუფლოს ენის ძირეულ საკითხებს.
როგორც მარიამი აღნიშნავს, ყველა ასაკის მოსწავლეს განსხვავებული მიდგომა სჭირდება, თუმცა ყველასთვის ინგლისური ენის გაკვეთილებში თხრობის, მეტყველების დავალებებისა და ლექსიკის შექმნის ერთ-ერთი ეფექტური და მიმზიდველი გზაა ციფრული მოთხრობის პლატფორმების გამოყენება, მაგალითად “Storybird”. ეს აპლიკაცია მოსწავლეს აძლევს საშუალებას შექმნას ისტორია და გააქტიუროს ნასწავლი ლექსიკა. რაც შეეხება გრამატიკასა და ლექსიკას, არაჩვეულებრივი პლატფორმაა Kahoot, რომელიც მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს რაც შეიძლება მეტი სწორი პასუხი დააგროვონ, პროცესი ძალიან სახალისო და ამავდროულად შემეცნებითია. ამასთან ერთად, ყოველდღიური დისკუსიები და დებატები სხვადასხვა თემაზე ეხმარებათ მიეჩვიონ საჯაროდ გამოსვლის ხელოვნებასა და აზრის დაფიქსირებას უცხო ენაზე. ეს არა მხოლოდ აძლიერებს საუბრის უნარს, არამედ ხელს უწყობს თანატოლთა სწავლასა და კომუნიკაციას. ყველაზე ეფექტური გზა მოსწავლეების ჩართულობის გასაზრდელად არის ის, რომ მათ ჰქონდეთ მეგობრული გარემო, რათა არ შეეშინდეთ შეცდომის დაშვების, კითხვის დასმისა და მაქსიმალურად კომფორტული იყოს სწავლების პროცესი.
მარიამი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვინც აცნობიერებს ახალს, აფასებს ძველსაც. ტრადიციულ მეთოდებს ბევრი დადებითი მხარე გააჩნია და მას მიაჩნია, რომ თანამედროვე მიდგომებთან კომბინაციით საუკეთესო შედეგის დადებაა შესაძლებელი. აქტიურად იყენებს იმ მეთოდებს, რომლებიც თავად დაეხმარა შეესწავლა ენა საფუძვლიანად, ბალანსისთვის კი აუცილებელია ორივე მიდგომის ცოდნა და საჭიროებისამებრ გამოყენება.
“ვცდილობ, სხვადასხვა აქტივობით გავანებივრო ჩემი სტუდენტები,შესაბამისად ბევრი მომენტის გახსენება შემიძლია, თუმცა ერთ დასამახსოვრებელ გაკვეთილზე გამოვიყენე ორი აპლიკაცია, როგორებიცაა Kahoot და Quizizz ლექსიკისა და გრამატიკის ნორმების გასააქტიურებლად. მოსწავლეებმა გამოიყენეს თავიანთი სმარტფონები და ჩაებნენ ცოცხალ, კონკურენტულ ვიქტორინაში, სადაც ისინი პასუხობდნენ კითხვებს ახლად შესწავლილ ლექსიკასა და გრამატიკასთან დაკავშირებით. რაც ამ მიდგომას განასხვავებს ძველისგან არის ის, რომ ისინი კარნახის დაწერას იყვნენ მიჩვეულები და მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი მეთოდის მიზანი ერთი იყო, თანამედროვე ვერსიამ ხელი შეუწყო მოსწავლეების გამხიარულებას, გამოფხიზლებასა და მოტივაციას. ამგვარად მიმაჩნია, რომ სიახლე მხოლოდ უკეთესი შედეგის დადების საფუძველზე უნდა დაინერგოს.”
თანამედროვე მიდგომები საშუალებას იძლევა ყველა მხრივ განავითარო მოსწავლე და აღმოფხვრა წინა მეთოდების პრობლემები, რომლებსაც სასურველ შედეგამდე ვერ მივყავდით. სანამ ახალ მეთოდს დავნერგავ საკლასო სივრცეში ყოველთვის ვცდილობ , რომ კარგად დავაკვირდე ზუსტად რისი გამოსწორება/განვითარება მსურს და სწორედ ამიტომ მიზანზე კონცენტრირებით შედეგი აუცილებლად მიიღწევა. სტანდარტული სწავლების მეთოდებით ენა სრულფასოვნად ვერ ისწავლება, ამიტომ ცვლილებები მოსწავლეს ხელს უწყობს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში შეისწავლოს ენა ყოველგვარი წნეხის გარეშე, ეს ყველაფერი ბუნებრივად, ნელ-ნელა და მიზანმიმართულად ხდება.
მარიამის აზრით, ონლაინ სასწავლო პლატფორმების ზრდამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ზოგადად სწავლებაში და განსაკუთრებით ენის ათვისებაში. დღესდღეობით უამრავი ხელმისაწვდომი საიტი არსებობს, რომლებიც უზრუნველყოფილია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მასალებით. მიაჩნია, რომ ტექნოლოგიებთან დაახლოებამ ინგლისური ენის დაუფლების პროცესი ბევრად სახალისო, მოქნილი და პერსონალიზირებული გახადა. ახლანდელი თაობის წარმომადგენლები იმდენად კარგად ფლობენ და მეგობრობენ ზემოთ აღნიშნულთან, რომ დღესდღეობით მისთვის წარმოუდგენელია ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე მათთან გაკვეთილის ჩატარება. მათთვის უბრალოდ აღარაა საკმარისი მხოლოდ წიგნი და რვეული. ვიზუალიზაცია, სიტყვების პრაქტიკული გამოყენება, ინტერაქცია, სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო, ელ. წიგნები, ცოდნის შესამოწმებელი ტესტები- მცირე ჩამონათვალია, რასაც ახალი ონლაინ სასწავლო პლატფორმები გვთავაზობს, რაც მთავარია, ეს ყველაფერი შეიძლება მოიძებნოს უმოკლეს დროში ნებისმიერი მსურველისთვის.
მარიამს მიმაჩნია, რომ მოსწავლეებისა და სტუდენტების წახალისებით ძირეული ცვლილებების მოხდენაა შესაძლებელი. ყველა მასწავლებლისა თუ ლექტორის დიდი სურვილი უნდა იყოს შეუწყონ ხელი თავიანთ სტუდენტებს განვითარების ეტაპზე მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. მოტივაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც მათ ძალას აძლევს რთულ მომენტში სვლა განაგრძონ. როცა მოსწავლე ფიქრობს, რომ არაფერი გამოსდის და მისი ყოველდღიური შრომა ამაოდ იკარგება, მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია. მარიამი ყოველთვის ცდილობს, რომ მისი გაკვეთილები მრავალფეროვანი, სახალისო და პრაქტიკული სავარჯიშოებით დატვირთული იყოს, მისი მიზანია, რომ არც ერთი გაკვეთილი მომდევნოს არ ჰგავდეს, იყოს აქტიური, ენთუზიაზმით სავსე. როცა ენის შესწავლის საწყის ეტაპზე არიან და ბევრი ბარიერი არსებობს უცხო ენაზე კომუნიკაციის, ცდილობს, მათთვის საინტერესო თემები შეარჩიოს, რომელზე საუბარიც აუცილებლად მოუნდებათ. იყოს მაგალითი და უჩვენოს გზა, თუ როგორ უნდა გააკეთონ, ასწავლის იმასაც, რომ შეცდომები განუყოფელი ნაწილია ენის სწავლების და მეტიც, უფრო გვეხმარებიან ისინი მარტივად ავლაპარაკდეთ და გადავლახოთ ბარიერები, ცდილობს მოსწავლეების სუსტი მხარეები აღმოაჩინოს და მზადაა მათთან ერთად შედეგისთვის დაუღალავად შრომისთვის. “რაც მთავარია, ჩემს საკლასო სივრცეში არ არსებობს იერარქია მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, ის პატივისცემა იმ დიდი სიყვარულით მოდის, რომელსაც თითოეული გაკვეთილის დაგეგმარებისას ვდებ და ჩემი მოსწავლეები გაკვეთილის მსვლელობისას გრძნობენ. ამგვარი დამოკიდებულებით ისინი ენის გამოყენებას არა მხოლოდ საკლასო სივრცეში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც თავისუფლად ცდილობენ.”
აბსოლუტურად ყველა პროფესია მოითხოვს მუდმივად განვითარებასა და დახვეწას, შესაბამისად უცხო ენის მასწავლებელი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ ენას-ინგლისურს ასწავლის, აუცილებელია თანამედროვე მიდგომებს ფლობდეს. საქართველო ინგლისური ენის ცოდნის EF-ინდექსით (English Proficiency Index-EF EPI) წელს 113 ქვეყნის რეიტინგში 32-ე ადგილზეა. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კვლევა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოზრდილი ასაკის მოსახლეობაში ინგლისური ენის ცოდნის დონეს აფასებს. ეს შედეგი იმ ძალიან ბევრი წარმატებული მასწავლებლის დამსახურებაა, რომელიც პირად პროფესიონალიზმთან ერთად ტექნოლოგიებს ყოველდღიურად იყენებს და მოსწავლეებისთვის აღარაფერია სიახლე, რაც მათთვის დაბრკოლებას წარმოადგენს გაგების თვალსაზრისით.
ყველა სიახლე გარკვეული დაბრკოლებაა სანამ ყოველდღიურობაში დაინერგება, ადაპტაციის პროცესი საკმაოდ კომპლექსურია,რადგან ყველა მოსწავლე ერთდროულად და ერთ დროში ვერ ახერხებს აღიქვას და გაიაზროს კონკრეტული მიდგომის მნიშვნელობა და დასახოს მიზანი. “მსგავს შემთხვევაში ვცდილობ რაც შეიძლება მარტივი ხერხით მიეწოდოთ სიახლე. რაც შეეხება შეზღუდვებს, მიმაჩნია, რომ ისინი არ არსებობს.” მასწავლებლისთვის კონკრეტული შეზღუდვა მაშინ ყალიბდება თუ ახლი მეთოდი პრაქტიკულად უშედეგო აღმოჩნდა მოსწავლეების უმრავლესი ნაწილისთვის და ამიტომაც ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს სხვა ადაპტირებული ვერსიით. ცვლილებაც ხომ იმისთვისაა, რომ მარტივად და სწრაფად აითვისონ მოსწავლეებმა ესა თუ ის მასალა, თუ კი შედეგი არ იყო, შესაბამისად კონკრეტული მიდგომაა არასრულყოფილია და დახვეწას საჭიროებს.
მარიამ კანთელაშვილი კოლეგა პედაგოგებს, რომლებიც ცდილობენ ენის სწავლებაში თანამედროვე მიდგომების ინტეგრირებას ურჩევს-თვალი ადევნეთ ახალ ტექნოლოგიებს და ინსტრუმენტებს, რომლებიც შეესაბამება ენობრივ განათლებას. რეგულარულად გამოიკვლიეთ ენის შემსწავლელი აპლიკაციები, ონლაინ პლატფორმები, ციფრული რესურსები და სწავლების მეთოდოლოგიები, რათა იყოთ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა არის ხელმისაწვდომი და როგორ შეიძლება ეს სასარგებლო იყოს ენის შემსწავლელებისთვის. შეუსაბამეთ ტექნოლოგიების გამოყენება თქვენს სწავლების მიზნებს და შეარჩიეთ მიდგომები, რომლებიც ავსებენ და მხარს უჭერენ თქვენი სწავლების სტილს და სტუდენტების საჭიროებებს. სიახლის დანერგვის პროცესი რთული და უკომფორტოა, ამიტომ დაიწყეთ ერთი ან ორი ახალი მეთოდის ან პლატფორმის ჩართვით საგაკვეთილო სივრცეში და თანდათან გაფართოვდით თქვენი გამოცდილებისა და სტუდენტების დამოკიდებულების შესაბამისად. ამ ყველაფრის მიზანია გაზარდოთ ნაყოფიერება და შედეგები თანამედროვე მიდგომების უპირატესობების გამოყენებით, სტუდენტებისთვის საინტერესო და ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნით.