
ნომინაციაში “ესთეტიკურ სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის – 2025″ წარდგენილია ეკა რუხაძე
ეკა რუხაძე გახლავთ არეოლისა და კამუფლაჟის, პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტი და ტრენერი ქუთაისიდან, ასევე Rukhadze’s Academy-ის დამფუძნებელი. – იგი ემსახურება სიმსივნით დაავადებულ ქალებს, რომლებსაც ოპერაციის შემდეგ სჭირდებათ სხვადასხვა კოსმეტიკური რეკონსტრუქციები.
2017 წლიდან სილამაზის სფეროში მოღვაწეობს, თუმცა ეს გზა სულაც არ ყოფილა ადვილი. როგორც თვითონ იხსენებს: “ძალიან რთული გზა გავიარე, იყო დაბრკოლებები, კი, რომ მე ამას ვერ შევძლებდი, მაგრამ ძლიერად დავდექი ფეხზე და შევძელი ის, რაც მეგონა ვერ შევძლებდი.”
ბავშვობიდანვე ეკას სურვილი იყო ისეთი ადამიანების დახმარება, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირდათ. დღეს კი ამაყობს იმით, რომ “პირველი ქალი ვარ დასავლეთ საქართველოში, ვინც ონკოლოგიურად დაავადებულ ქალებს ემსახურება.”
ეკას ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისი დეიდა, რომელსაც ის “ოცნების ქალს” უწოდებს. “ჩემი წარმატებული მომავალი, ვინც გვერდით მიდგას და სულ ამბობდა, რომ მე შევძლებდი,” – ასე აღწერს ის თავის შთაგონების წყაროს.
როგორც ყველა ბიზნესში, ეკასაც ჰქონია რთული პერიოდები, მაგრამ მისი სიძლიერე სწორედ ამ სირთულეების დაძლევაში გამოიხატება. “გავიღვიძე და ვთქვი, რომ უნდა ვიყო ძლიერი და ნასწავლი,” – ამბობს იგი და დასძენს, რომ მუდმივად სწავლობს, რადგან სჯერა, რომ სილამაზის სფერო მას ეკუთვნის.
“მე განსხვავებული ვარ იმ მხრივ, რომ არ ვეჯიბრები არავის, მე მე ვარ და ეს მხდის ძლიერს,” – ეკას შემართება ასევე ჩანს მის მიზნებში: “4 თვის უკან ვთქვი, რომ ჩემზე მსოფლიომ უნდა ილაპარაკოს-თქო და მართლაც შევძლებ მე, რომ ვიყო საუკეთესო.”
საინტერესოა, რომ ეკა მკაცრად მიჯნავს პროფესიულ და პირად ცხოვრებას, არასდროს ურევს მათ ერთმანეთში, რაც ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება.
მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში იგი კიდევ უფრო დიდ წინსვლას გეგმავს თავის საქმიანობაში. მისი რჩევა დამწყებთათვის ასეთია- “არ გაჩერდნენ, შეუძლებელი უნდა შეძლონ, ისინი შეძლებენ ყველაფერს.”
მისთვის წარმატება არ იზომება მხოლოდ მატერიალური მიღწევებით. “მატერიალური მდგომარეობა მე პირადად ნაკლებად მაინტერესებს,” – ამბობს ის. მისი ნამდვილი მიზანია “ბევრ სიმსივნით დაავადებულ ქალს დაეხმაროს.” ამ მიზნის მიღწევაში ის მადლობას უხდის Draiffis-ის წარმომადგენლებს, რომლებმაც მას უდიდესი ცოდნა გადასცეს.