დიაბეტი და კორონა ვირუსი – აუცილებლად წასაკითხი

დიაბეტი და კორონა ვირუსი – აუცილებლად წასაკითხი

დიაბეტი და კორონავირუსული ინფექცია – რა უნდა ვიცოდეთ აუცილებლად?

დიაბეტი და კორონავირუსული ინფექცია - რა უნდა ვიცოდეთ აუცილებლად?
მას შემდეგ, რაც საქართველოში იმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა

და ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები აცხადებენ რისკ-ჯგუფების შესახებ, ჩვენს საიტზე შემოდის უამრავი კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით: არის თუ არა დიაბეტიანი ადამიანი რისკ-ჯგუფში და რა უნდა გააკეთოს, რომ რისკი თავიდან აიცილოს.
კითხვას პასუხობს “მკურნალის” რედაქტორი თამარ მამაცაშვილი:
 
– მართლაც უამრავი ადამიანისთვის გვიწევს პასუხის გაცემა ამ თემაზე.
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ინფორმაციების მოსმენა უდიდეს სტრესს იწვევს დიაბეტიან მსმენელში, რომელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუ გავითვალისწინებთ ბოლო დროს ამ პათოლოგიური მდგომარეობის შემთხვევათა მკვეთრ მატებას.
ამა თუ იმ ინფორმაციის მოსმენისას, არ შეიძლება, რომ ცალსახად სტატისტიკის დონეზე დავიყვანოთ ცალკეული ადამიანის ხვედრი – ინფორმაცია, რომ დიაბეტიანი პაციენტი მომატებული რისკის ჯგუფშია, სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ვისაც დიაბეტი აქვს, მას კორონავირუსული ინფექცია აუცილებლად გაურთულდება და გამოსავალი მძიმე იქნება.
გავრცელდა ცნობა იმის შესახებაც, რომ მეორე ტიპის დიაბეტის პაციენტები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე პირველის. ამან, რაღა თქმა უნდა, ისევ და ისევ დიდი მღელვარება გამოიწვია ამ ტიპის დიაბეტიანებში.
ჩვენ ვეცნობით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებს და რეკომენდაციებს, აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მედიკოსთა გამოცდილებას და ამ ყველაფრის საფუძველზე გეტყვით, როგორია მათი დასკვნები:
1. დიაბეტიანი პაციენტის (ორივე ტიპის) ინფიცირების რისკი ვირუსით ზუსტად ისეთივეა, როგორიც სხვა დანარჩენი პოპულაციისა.
2. თუ დიაბტი ტიპი2-ის მქონე პაციენტს აქვს დაავადების კომპენსირებული ფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მოწესრიგებული აქვს სისხლში გლუკოზის დონე, რეგულარულად იღებს დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს და აკონტროლებს სისხლში გლუკოზას, იცავს დიეტას, არ აქვს მკვეთრად გამოხატული მეორეული გართულებები, მაშინ მისთვის ინფიცირებისას გართულების განვითარების რისკი თითქმის ისეთივეა, როგორიც სხვა პოპულაციისა.
3. რაც შეეხება ტიპი1 დიაბეტის მქონე პაციენტებს, მათთან დაკავშირებით მართებულად ნათქვამი, რომ – ნაკლებად არიან რისკის ქვეშ – სწორედ იმას უკავშირდება, რომ ამ ტიპის მქონე პაციენტებში დაავადების დიაგნოსტირება ხდება ყოველთვის დროულად, ვიდრე რაიმე გართულებები განვითარდება, გარდა ამისა, ეს პაციენტები, მკურნალობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რეგულარულად აკონტროლებენ სისლხში შაქარს და დაავადების მიმდინარეობას.
4. მდგომარეობას ართულებს დეკომპენსირებული დიაბეტის (მიშვებული დაავადება, როცა შაქრის ციფრები არ კონტროლდება და ხშირად სცდება 180-იან ნიშნულს), სიმსუქნის (როცა მასის ინდექსი 40-ზე მეტია) და მკვეთრად გამოხატული არტერიული ჰიპერტენზიის კომბინაცია, ამიტომ ასეთმა პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს ენდოკრინოლოგს მდგომარეობის მოსაწესრიგებლად.
5. ასევე საყურადღებოა დიაბეტური ანგიოპათიით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა სისტემისმხრივი გართულებები, რაც ასევე დეკომპენსირებულ დიაბეტს უკავშირდება და ასეთმა პაციენტებმაც უნდა იზრუნონ, რომ მოიწესრიგონ ჰემოდინამიკური მაჩვენებლები და ისწავლოდ დაბეტის სწორი მართვა.
6. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არც დეკომპენსირებული დიაბეტის მქონე პაციენტს ურთულდება ყოველთვის კორონავირუსი. რისკ-ჯგუფზე როცა ვსაუბრობთ, იგულისხმება ის, რომ თუკი დაავადების გართულება განვითარდა (ვირუსული პნევმონია, ციტოკინური შტორმი და ა.შ), ასეთ შემთხვევაში დეკომპენსირებული დიაბეტის მქონე პაციენტის ორგანიზმს უფრო ნაკლები რესურსი აქვს ბრძოლისა, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანისას.
ამ ყველაფრიდან დასკვნა კი ის არის, რომ თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, ეცადეთ დროულად მოიწესრიგოთ გლუკოზა სისხლში, მიხედოთ დაავადებას ისე, როგორც ეს საჭიროა და თავიდან მოიშორეთ ფიქრი იმის შესახებ, რომ კორონავირუსი თქვენს სიცოცხლეს აუცილებლად საფრთხეს შეუქმნის. მსოფლიოში უკვე მილიონობით დიაბეტიანმა გადაიტანა კორონავირუსული ინფექცია. როცა ექიმები რაღაც საკითხზე გვაფრთხილებენ, გამოსავალი პანიკა და შიში კი არ არის, სწორი დასკვნა უნდა გავაკეთოთ და ვიმოქმედოთ ადეკვატურად.
მასალა მომზადებულია პორტალ მკურნალის მიერ
CATEGORIES
TAGS
Share This